ქვემო ქედელებთან
წითელწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში ფოლკლორული ექსპედიცია, ალბათ, არასოდეს ყოფილა, არადა, ამ სოფელში მრავლად არიან ზეპირსიტყვიერების მცოდნე ადამიანები.
1979 წლის იანვარში თსუ ფოლკლორისტიკის კათედრამ თანამშრომელთა და სტუდენტთა ჯგუფი მიავლინა სოფელ არხილოსკალოში. ექსპედიციის წევრებმა სხვა მასალასთან ერთად მოიპოვეს ივანე წიკლაურის ("მამუკათ ივანეს") ერთერთი საუკეთესო ლექსი "რამ დამაბერა". ეს ლექსი სამი თვის შემდეგ გახმიანდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ და მთელ საქართველოს მოედო. ამ ლექსის პირველაღმომჩენნი კი უნივერსიტეტელი ფოლკლორისტები იყვნენ (ჯგუფის ხელმძღვანელი – გიორგი ჯაფარიძე), რომლებსაც ბატონმა ვახუშტიმ დაასწრო ლექსის გამოქვეყნება.
– ქვემო ქედი ფოლკლორული შემოქმედებით მდიდარი სოფელია, იქნებ თქვენც დღემდე უცნობი მასალები ჩამოიტანოთ, – გვითხრა გიორგი ჯაფარიძემ და ჩვენი ექსპედიცია დალოცა.
26 იანვარს ორთაჭალის ავტოსადგურში შევიკრიბეთ. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ფოლკლორისტიკის კათედრის დოცენტი ბეჟან აბაშიძე. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ტრისტან მახაური, მიხეილ ღანიშაშვილი, პავლე ასპანიძე, ნიკოლოზ ზვიადაური, ხათუნა გოშაძეზვიადაურისა, ნიკო ნიკოლოზიშვილი, მედეა იმერლიშვილი, ოთარ იმერლიშვილი და ლელა ღვინიაშვილი.
თბილისს გავცდით თუ არა, თოვლის საბურველმა იმატა, დაიორთქლა ავტობუსის მინებიც. მივდიოდით კახეთის გაშლილ ველებზე და თოვლი ჩვენი მუდმივი თანამგზავრი იყო. წითელწყაროშიც თოვლი დაგვხვდა, მაგრამ როცა რაიონულ ცენტრს გავცდით და გეზი ქედებისკენ ავიღეთ, ამინდი უცებ შეიცვალა. გავიარეთ ლაქაშებიანი ტბა, გავედით ლარივით სწორ გზაზე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მდიდრული სანახაობა შირაქისა: საზამთრო საძოვრებზე მზე აცხუნებდა, მინდვრებიც გამშრალი იყო, მიწა – გამთბარი და გეგონებოდა, სადაცაა, ენძელები თავს ამოყოფენო. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს საქართველოს მთიდან ბარში მოვდიოდით, იქ, სადაც ახლა გაზაფხულის დარიანი დღეები იდგა, სადაც ზამთრობითაც კი არ იძინებდა ბუნება, თუმცა აქ დიდი თოვლიც გამეგონა.
...ავტობუსში მხიარულებაა. უცნობები დაჟინებით მოგვჩერებიან და გვეკითხებიან, საით ან რა მიზნით მივდივართ ასე დატვირთულნი (უკვირთ ჩვენი აღჭურვილობა და ზურგჩანთები!). მეტ ცნობისმოყვარეობას იჩენს ჩვენს წინ მჯდომი, შუახანს გადაცილებული, ხმელხმელი კაცი არსენა ქოქოევი. წარმოშობით ოსია, ცხოვრობს ქვემო ქედში. არსენა გვეუბნება, რომ უნდა გავიაროთ ზემო ქედი, არხილოსკალო, ბოლოს კი ქვემო ქედია.
შევდივართ არხილოსკალოში. ხევსურები ავტობუსიდან ჩადიან.
– შოფერ, მიაც აქ ჩამოვალ! – ისმის ჩახლეჩილი ხმა.
მწითური ხევსური ფულს უხდის მძღოლს და ნელა ჩადის ატალახებულ საფეხურზე. სოფელშიც დიდი ტალახია.
არსენა ქოქოევი გვიხსნის: "წინათ თურმე აქ ლეკები გადმოდიოდნენ, ხალხს არბევდნენ, ხოცავდნენ. მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს ცხენებით ლეწავდნენ კალოზე. ხალხს უნატრია: ღმერთმა არ იხილოს ასეთი კალოო (იმაზე მეტი რა უნდა ეხილათ!). მას შემდეგ დაერქვა ამ სოფელს "არხილოსკალო".
არხილოსკალოში ძირითადად ხევსურები ცხოვრობენ. არიან მთიულგუდამაყრელნიც.
გზას ვაგრძელებთ. ქვემო ქედი ცხრა კილომეტრის სიგრძეზეა გაჭიმული. ახალი სახლები. მოვლილი ეზოები. ხეივნები. მარნები. წინათ კი აქ მარტო მიწური სახლები მდგარა. ქვემო ქედში მთიელთა დასახლება მეოცე საუკუნის დამდეგს დაიწყო. მთიდან ხალხის ჩამოსახლების მოთავე და ქომაგი ვაჟაფშაველა ყოფილა. ვაჟას დავაც კი ჰქონია თუშ ძმებთან – ცისკარიშვილებთან, რომელნიც აღნიშნულ ტერიტორიას ცხვრის საძოვრებად იყენებდნენ. მთა ვერ იტევდა ჭარბ მოსახლეობას, გამრავლდა ცხვარსაქონიც... მთის ციცაბო ფერდობები ხვნათესვის დროს იმეწყრებოდა, კლდოვანი და მწირი მიწა კი ვერ იძლეოდა უხვ მოსავალს. ბარში ახალი მიჯნები ისახებოდა, ახალი პერსპექტივები ჩნდებოდა. როგორც უკვე ვთქვით, პირველი მოსახლენი აქ ცხრაასიანი წლების დასაწყისში გაჩნდნენ. შემდეგ ამ დასახლებას ნელნელა ემატებოდა მთიელთა ოჯახები. მასიური ჩამოსახლება კი ოცდაათიან და ორმოცდაათიან წლებში დაიწყო. ამ პროცესს იძულებითი ხასიათი ჰქონდა. მთავრობა ძალდატანებით ერეკებოდა მთიელ მოსახლეობას ბარისაკენ. ცივ ნიავზე და ანკარა წყაროებზე გაზრდილი მთიელები ვერ უძლებდნენ ბარის სულისშემხუთავ ჰაერს და ისევ უკან, მთებში გარბოდნენ, ხოლო ვინც რჩებოდა, აუტანელ ტანჯვას განიცდიდა. აწუხებდათ უწყლოობა, სიცხე, ნაბარალი გამოაჩნდათ ჯანსაღ ვაჟკაცებს. და მაინც მთიელები მკვიდრად დასახლდნენ ქვემო ქედში, არხილოსკალოში, ზემო ქედში. ქედებს დაბლა მდორედ მიდიოდა ალაზანი, გაღმა კი ჩანდა საინგილოს ტერიტორია, როგორც საქართველოს ერთიან სხეულს მოკვეთილი ნაწილი.
ქვემო ქედში ამჟამად 1200 კომლი ცხოვრობს. 800 კომლამდე ფშავლები არიან. ამ სოფელში ცხოვრობენ აგრეთვე მთიულები, ხევსურები, ოსები და ბერძნები. მთიულები და ხევსურები თავიანთი ძირძველი კუთხის მცხოვრებთა თვისებებს დღემდე ინარჩუნებენ, ბერძნებსა და ოსებს კი ფშაველთა ადათწესები ისე შეუთვისებიათ, რომ ვეღარ გაარჩევთ მათგან, თუ ღრმად არ ჩაეძიებით და წარმომავლობას არ გამოიკითხავთ.
ფშავლები ქვემო ქედში ფშავისხევის თითქმის ყველა თემიდან არიან ჩამოსულნი.
ცაბაურთიდან: ცაბაურაშვილები, ჩიტოშვილები, მჭედლურები, რაზიკაშვილები, მარტიაშვილები, ბეროშვილები;
იახსრის ყმანი – (მათ "ზარმაც ხატის ყმებსაც" ეძახიან. რატომ? – იმიტომ, რომ მაღლა ვერ ავიდა მათი ხატი, დაბლა, შუაფხოში დარჩაო. დანარჩენი თემების სალოცავები კი სულ მაღლა, მთაწვერთ არიან მოფენილებიო. ამის მთქმელმა, ეტყობა, არ იცოდა, რომ უბისთავის მწვერვალზე დაბრძანებულია კარატისწვრის ანგელოზი ლაღი იახსარი – ტ. მ.) ქისტაურები: ელიზბარაშვილები, ხუცურაულები, ბერიაშვილები, ქოჩაშვილები;
გოგოლაურთიდან: გოგოლაურები, მახაურები, ბაღიაურები;
ხოშარიდან (გაბიდაურთ თემიდან): აფშინაშვილები, ბოძაშვილები;
მათურიდან: ხუციშვილები, ქისტაურები, გახუტელაშვილები;
უძილაურთიდან: უძილაურები, ლოსეურაშვილები, პაპიაშვილები;
უკანაფშავიდან: ჯაბანიშვილები, გამიაშვილები, ბაინდურაშვილები;
კოტიიდან: წითელაურები;
ჭიჩოდან: მინდოდაურები;
ახადიდან: გორელაშვილები, ხელაშვილები;
მუქუდან: წოწკოლაურები;
ხახაბოდან: ხახაბოელები. ქვემო ქედში ვნახეთ ერთი კაცი – გრიშა ხახაბოელი. მაშასადამე, გვარი ხახაბოელიც არსებობს და იგი წარმოქმნილია სოფლის სახელწოდებიდან. პროფესორ ვერა ბარდაველიძის მიერ მოპოვებული ინფორმაციით და ზოგიერთი ხახაბოელის გადმოცემით ხახაბო ფშავში მეთორმეტე თემად შედიოდა.
ასე რომ, ამ საკმაოდ მოზრდილ სოფელში თორმეტივე თემის ფშავლები იყრიან თავს. ფშაველთა ჩამოსახლება ბარში საფეხურებრივი ხასიათისა ყოფილა. ისინი მოდიოდნენ და სახლდებოდნენ ან არაგვის ხეობის ქვემო წელზე, ანდა თიანეთის რაიონში (ივრის ხეობაში), ანაც კახეთის რომელიმე სოფელში, შემდეგ კი იქიდან საცხოვრებლად ქვემო ქედში გადმოდიოდნენ.
მთიულებიდან ქვემო ქედში მოსახლეობენ: ბურდულები, ქავთარაძეები, ბუბუნაურები (ხორხიდან).
გუდამაყრელებიდან: წიკლაურები, ბექაურები.
ხევსურებიდან: არაბულები, ჭინჭარაულები, ლიქოკელები.
მთიდან ჩამოსულ ხალხს თან ჩამოჰქონდა თავიანთი ხატსალოცავების ნიშები. ნიშების ჩამოტანა ძნელი საქმე იყო, მაგრამ რა ექნათ ბარად ჩამოსახლებულებს? ისინი ხომ საკმაოდ შორი მანძილით იყვნენ დაცილებულნი თავდაპირველი საცხოვრისიდან. ყოველი ქრისტიანული დღესასწაულის დროს ისინი მთაში ვერ წავიდოდნენ სალოცავად. ამიტომ ასრულებდნენ ამგვარ რიტუალს: მთის სალოცავში დაკლავდნენ საკლავს – “სანათლავს”, აიღებდნენ ხატის მამულიდან ქვას, ჩამოიტანდნენ ქედში და აქ აფუძნებდნენ მთავარი სალოცავის ნიშს; ააგებდნენ ყორეს, გააკეთებდნენ სასანთლეს, აასხამდნენ ხატის დროშას, მიაბრძანებდნენ და დაასვენებდნენ სასანთლესთან ან საგანგებოდ აშენებულ “დროშის სასვენში”. ამის შემდეგ ყოველ დღესასწაულზე მიდიოდნენ ახლად დაარსებულ სალოცავში და ლოცულობდნენ.
ქვემო ქედში ჩამოსახლებულ ფშავლებს ჩამოუბრძანებიათ ლაშარის ჯვრის ნიში, მთაწმინდის მთავარაგელოზის ნიში ცაბაურთიდან და წმინდა გიორგის სალოცავთა ნიშები სხვადასხვა თემებიდან.
ამბობდნენ, თითქოს ქედში იახსრის ნიშიც არსებობდა, მაგრამ როდესაც ხევისბერ დავით ელიზბარაშვილს ვკითხე, რომელიც შუაფხოში უძღვება იახსრის დღეობებს, მან მიპასუხა: აქ (ე.ი. ქვემო ქედში) იახსრის ნიში არ ჩამოგვიბრძანებიაო.
ზემო ქედში ჩამოსახლებულ მთიულგუდამაყრელებს შემდეგი სალოცავები ჩამოუბრძანებიათ: პირიმზე ფუძისანგელოზის ნიში, მაღაწლის წმინდა გიორგის ნიში, კვირაცხოვლობის ნიში, დედა მარიამის ნიში, ლომისის ნიში. ეს ნიშები დაუბრძანებიათ ერთ მთაზე. ხატების (ჯვრების) გადმობრძანება მომხდარა 2025 წლის წინათ.
ქვემო ქედელ ფშავლებს კარგად შემოუნახავთ წინაპართაგან ნაანდერძევი ჯანსაღი ტრადიციები. ისინი არ ივიწყებენ მამაპაპურ ადათებს, ლექსებს, ანდრეზებს, ხშირად სტუმრობენ მთაში დარჩენილ თავიანთ ნათესავებს. ზაფხულობით კი მიდიან საკუთარი სათემო ხატის დღეობაში და მუხლმოყრილნი ევედრებიან სალოცავს; გამოსთხოვენ წულის (ძის, მემკვიდრის) წყალობას, შველას, სევდასნეულებისაგან დახსნას, ყველა საქმეში ხელის მომართვას...
1940 წელს ვაჟას სოფელ ჩარგალში მიმავალი პოეტი ილო მოსაშვილი ქვემო ქედიდან ფშავში სალოცავად წამოსულ ოჯახს შეხვედრია. აი, როგორ იხსენებს ილო ამ შეხვედრას:
“ერთხელ ჩარგლის გზაზე ცხენებზე დასახლებული ფშაველის მთელი ოჯახი შემომეყარა. მათ წინ რქებზე თოკმობმული კურატი მოუძღოდა. ერთი კვირის საგზლით გაეტენათ ხურჯინები. ხურჯინებშივე ჩაესვათ ძუძუთა ბავშვები და გრძელ გზას გასდგომოდნენ.
– საით, ამხანაგებო? – მორიდებით გამოველაპარაკე მათ.
– ცაბაურთას, საკლავი გვყავის შათქმული, – მოკლედ მიპასუხა გლეხმა პავლე გარსევანაშვილმა.
როგორც შემდეგ გამოირკვა, ჩარგლიდან შირაქში გადასახლებული ოჯახი საგანგებოდ ჩამოსულა აქ თავისი ძველი სალოცავების მოსაგონებლად. ხარიც იქიდანვე წამოუყვანია და ეხლა პირდაპირ ხატში მიემგზავრებოდა თავის იქაურ ნათესავებთან ერთად.
ერთ კვირას შირაქიდან ჩარგლამდე იარეს, ორსამ დღეს საცალფეხო ბილიკებით სალოცავს ძლივს მიაღწევენ. ახლა ამოდენა ხურჯინებს, ამდენ ხორაგს, ამოდენა ხარს ვიდრე გაათავებენ, რა დრო და ხანი დასჭირდებათ!"
კომუნისტ პოეტს გლეხის მგზავრობით გატანჯულობა კი არა, სხვა რამ აწუხებს: "შირაქში კი მოსავლის გახურებული აღებაა, მთაში – თიბვა და საქონლის საზამთროდ მზადება. რამდენი დრო და მუშახელი აკლდება ოჯახს, კოლმეურნეობას, მთელ ქვეყანას!" (ილო მოსაშვილი, ვაჟას სოფელი, თხზ., ტ. III, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1972, გვ. 311).
სიშორისა და ძალიან მომქანცველი გზის გარდა შირაქში ჩასახლებულ ფშავლებს მოსაშვილისთანა კომუნისტებიც უშლიდნენ ხელს მამაპაპისეული სალოცავების მონახულებასა და მოლოცვაში. უშლიდნენ, მაგრამ მაინც ვერ მოაშლევინეს.
...ჩვენმა ექსპედიციამ ქვემო ქედში ერთი კვირა დაჰყო. ამ სოფელში ჩამოსვლისთანავე ვინახულეთ სოფლსაბჭოს თავმჯდომარე თამაზ იანვარაშვილი, რომელმაც გამოგვინახა ბინა და კარგი პირობები შეგვიქმნა მუშაობისათვის.
შემკრებლობით მუშაობაში დიდი დახმარება გაგვიწია აგრეთვე ქვემო ქედის საშუალო სკოლის პედკოლექტივმა (დირექტორი – თამარ ქავთარაძე). მათ გადმოგვცეს სოფლის მთქმელთა სია და მეგზურობაც თვითონვე იკისრეს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სკოლაში შექმნილია ფოლკლორულეთნოგრაფიული წრე, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანული ნადირაშვილი ხელმძღვანელობს. წრის წევრები ხნიერი მთქმელებისაგან იწერენ ზეპირსიტყვიერ ნიმუშებს, ამუშავებენ თემებს და აგზავნიან მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასწავლოშემოქმედებით კონფერენციებზე.
ქართული ენის, ეროვნული მწერლობისა და მშობელი ქვეყნის სიყვარულს ასწავლის ბავშვებს ხანდაზმული პედაგოგი გიორგი ხუმარაშვილი. იგი ჩვენი ჩამოსვლის მეორე დღესვე გვესტუმრა და თან თბილი პური და მრავალი საინტერესო მოგონება მოიტანა. ეს მოგონებები მის დიდ პედაგოგს, თვალსაჩინო ქართველ ლიტერატორსა და ფოლკლორისტს, ვახტანგ კოტეტიშვილს ეხება. გიორგი ხუმარაშვილი დაგვპირდა, რომ ამ მოგონებებს, დაწერილი სახით, გადმოგვცემს და ამით კიდევ ერთ ახალ ფურცელს შემატებს ვახტანგ კოტეტიშვილის ბიოგრაფიას.
ფოლკლორულ მასალებს ვიწერდით არა მარტო ქვემო ქედში, არამედ არხილოსკალოში და ზემო ქედშიც. ჩვენს მიერ ჩაწერილი მასალები ჟანრობრივად შეიძლება ასე დალაგდეს:
თქმულებები
ზღაპრები
ლექსები
ანდაზები
გამოცანები
ანეკდოტები
შელოცვები
თითოეული ჟანრი თემატური თვალსაზრისითაც საკმაო მრავალფეროვნებას ამჟღავნებს.
ჩვენს მიერ ჩაწერილი მასალების მოკლე მიმოხილვა დავიწყოთ სარწმუნოებრივი თქმულებებით.
ლომისაზე რამდენიმე თქმულება არსებობს. აქ მინდა მოვიტანო ერთი ვარიანტი, რომელიც ჩვენი ექსპედიციის წევრმა პავლე ასპანიძემ ჩაიწერა 84 წლის უთქმელი მთქმელის – ლადო დარძულისაგან. რატომ არის უთქმელი მთქმელი, ამას შემდეგ მოგახსენებთ. ახლა კი ლომისის თქმულებას გავეცნოთ: "დაღესტნელებმა გარეკეს 7000 ტყვე, წაასხეს საქონელი. მერე სამ დღეს ჯანყი იყო, მზე არსაით იხედებოდა. დაიჩაგრა ის მხარე. მოსავალიც აღარ მოდიოდა.აკითხვინეს მკითხავს. მკითხავმა უთხრა: ეგაო ლომისის სურათი წამოგიღავისთო. ურჯულოებს მორები მოუზიდავთ, ცეცხლი დაუნთიათ, სურათი შიგ ჩაუგდიათ. ცალ მხარეს გასწითლებია ფრთები. ალს ამოუტანია მაღლა. მერე წამოუღიათ და სადაც ხატი დაუსვენებიათ, ყველგან ნიშები დაუწესებიათო.
ერთი ცალთვალა მოზვერი დარჩენილა. საქონელი ბღავის გზაზე და აღარ მოდის. დაიფანტა საქონელი. მერე, როცა ის მოზვერი გამოუშვიათ, ჯანყსაც მაშინ გადაუღია.
ლომისის სურათი ეხლა მლეთაშია".
ლომისის ხატზე მეორე თქმულება მედეა იმერლიშვილმა ჩაიწერა 68 წლის მარიამ ბოძაშვილისაგან:
"მიშველე, გმირო ლომისაო, ხოროშნით ტყვის დამხსნელო, ქვის წულად მქცეველო!" – ევედრებიან ლომისის ხატს.
ხატში რომ წავიდოდნენ და საერთო საკლავი დაიკვლებოდა, მლოცველებს დაურიგებდნენ ხორცის ნაჭრებს. ამას ეძახდნენ ხორცის წილობას. თითოს თითო ნაჭერს აძლევდნენ ხოლმე. ერთ გოგოს, ალბათ, ძალიან უნდოდა ხორცი. მან აიღო გრძელი ქვა, შეახვია ნაჭრებში და ჩაიდვა კალთაში, ვითომ ბავშვი იყო და "ბავშვს" ქსოვილის ნაჭერი წააფარა ზემოდან. ჩაიარა მრიგემ, ვინც ხორცის ნაჭრებს არიგებდა. იმ გოგოს რო დაუნახა, კალთაში "ბავშვი" ჰყვანდა, ორი ნაჭერი მისცა. ორი ნაჭერი რო მისცა, ქვა გაცოცხლდა და ბავშვად იქცა. ლომისამ გააცოცხლა. ამიტომ ეუბნებიან: "ქვის წულად მქცეველოო".
ადამიანის ცნობიერებაში ღრმად გაუდგამს ფესვი უძველეს წარმოდგენებს, ანდრეზებს ღვთისშვილთა შესახებ, მათ წმინდა საბრძანისებზე და სასწაულებრივ ძალაზე. აი, ერთი მათგანი:
ჩოხელაშვილების ცაცხვი
კუჭეჭის წვერის წმინდა გიორგის ხატიდან ღამღამობით მურგვლად წამოვიდოდა ხოლმე რაღაცა ბურჯღუმბურჯღუმით და ჩოხელაშვილების ცაცხვთან ისვენებდა. ერთხელ მეც ვიხილე, ღამით. ერთი კაცი ცხოვრობდა ჩვენს სოფელ შარახევში, ბასარიონი ერქვა. ურწმუნო კაცი იყო ბასარიონი. იმ ცაცხვთან რომ მოდიოდა რაღაცა ბურჯღუმბურჯღუმით, იყო ანგელოზი, ის ანათებდა. ბასარიონს ეგონა, ფუტკარი ბუდობდა იმ ხეში. თაფლის მოპოვება მოუნდა. ცული აუღია და მოჭრა დაუპირებია ხისა. ბასარიონს პატარა ბავშვი ჰყოლია აკვანში. ბავშვს ბასილი რქმევია. ბასარიონს ხის მოჭრა რომ დაუპირებია, ბავშვს კვდომა დაუწყია. ცოლი ატირებულა, ქმრისთვის ხმა მიუწვდენია და დაბრუნებულა ბასარიონი. ბავშვი მოსულიერებულა. მეორე დღეს ბასარიონს ისევ აუღია ცული და ჩუმად წასულა ისევ ხის მოსაჭრელად. ბავშვს ისევ კვდომა დაუწყია. მობრუნებულა ეს კაცი, დაუმალავს ცული. ბავშვი ისევ გონთ მოსულა. ბოლოს მაინც ამოწყდა ის ოჯახი. ხატმა არ აპატია ურწმუნობა და ღალატი. ცაცხვი ახლაც უძრავად დგას შარახევში. ძირიდან სწორად იზრდება კაცის სიმაღლეზე, მერე ორად იტოტება.
მთქმელი მარიამ ბოძაშვილი
ჩამწერი მედეა იმერლიშვილი
...ექსპედიცია მუშაობას აგრძელებდა. მესამე დღე იყო, ქვემო ქედში ვიყავით. შარახევლების უბანში შევიარეთ. შევხვდით მოხუც დიაცებს, ჩავიწერეთ ლექსები და გამოცანები. ბოლოს მასპინძლებმა სუფრა გაშალეს, ქვაბიდან ცხელცხელი ხინკალი ამოყარეს და ფშაური კაფიობაც გამართეს. "ფშაური სუფრული" მამაკაცების სიმღერაა, ამ დიაცებმა კი მოგვხიბლეს ხმათა შეწყობით და მიმოქცევით. ფოლკლორული ნადიმი კარგახანს გაგრძელდა. შეუმჩნევლად ჩამობნელდა. უცებ მარიამ ბოძაშვილი გონს მოეგო, წამოხტა და სახლში გაიქცა: მე აქ ვიმღერი და ცხვრები კი დასაჟამკრები დამრჩნენო. დილით მივიღეთ მარიამ ბოძაშვილის ლექსი, რომელიც მან მიუძღვნა ჩვენი ექსპედიციის წევრს – მედეა იმერლიშვილს.
მე აქა ვგრეხავ ფშაურსა,
ჩემ ცხვრებ იქა დგა მშივრები.
ბღავიან, გამამხედავენ
თივაზე დაჩვეულები.
მე გაუარდი ჯოხითა:
– რას გაგვიწყალეთ გულები,
ნუთუ არ მოგწონთ სიმღერა,
ცხვრებო, დაგიდგესთ ყურები!
ფოლკლორის ხალხი გვეწვია,
ქალაქიდან გვყავს სტუმრები;
უნდა უჩვენოთ ამ ხალხსა
ფშაური სასწაულები!
სასწაულები კი მართლაც იყო ქვემო და ზემო ქედებში. საკმარისია ორი შემთხვევის გახსენება:
I. ჩვენი ჩამოსვლის მეორე დღეს ქვემო ქედში ნიკო ნიკოლოზიშვილი დაგვადგა თავს. ზემო ქედამდე თავის მეგობრებთან ერთად უმგზავრია მანქანით, მერე კი დაცილებულან. მისი მეგობრები შირაქისა და ელდარის საზამთრო საძოვრებზე წავიდნენ თურმე ფილმის გადასაღებად, ნიკო კი ჩვენსკენ გამოეშურა. სანამდე მანქანა წამოეწეოდა, ზემო ქედში ნიკო ფეხით მოდიოდა. გზაში შეხვედრია ერთი პატარა ბავშვი და მათ შორის ასეთი მოკლე დიალოგი შემდგარა.
ბავშვი: სალამი, ძია!
ნიკო: სალამი!
ბავშვი: ურიაი ხარ, ძია?!
ნიკოს იმწუთას არაფერი უთქვამს. გვიანღა მიმხვდარა – ალბათ, ოჯახში ბავშვს მშობლები აშინებდნენ: შორს ნუ წახვალ, თორემ ურია მოვა და მოგიპარავსო. და როცა თავის სოფელში დაინახა უცხო კაცი – ტანადი, წვერმოშვებული, უზარმაზარი ზურგჩანთით, ცნობისმოყვარეობა ვეღარ დამალა და გაბედულად ჰკითხა ვინაობა უცნობს.
შეხვედრის ადგილიდან კარგა შორ მანძილს რომ გამოივლის, ნიკოს გულიანად გაეცინება.
II შემთხვევა. შარახევლების უბანში ლადო დარძულს ვეწვიეთ. ლადომ ძველი ამბები იცისო, გვეუბნებოდნენ აქაურები. წინა დღეს პავლე ასპანიძეს ჩააწერინა თქმულება ლომისაზე და მეორე დღეს ჩვენც იმედიანად გადავაბიჯეთ მისი კარის ზღურბლს. გამარჯობა ვუთხარით. ცალყბად მოგვესალმა. ხან აქეთ ვუტრიალეთ, ხან – იქით, ხან მთაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა, ხან – ბარზე, ხან ცხვარმეცხვარეზე (მისი თანასოფლელებისაგან ვიცოდით, რომ ახალგაზრდობაში მწყემსად ნამყოფი იყო), ხანაც ღვთისშვილებზე, მაგრამ ვერაფერი დავაცდინეთ. საწვავის წამოღება დაგვავიწყდაო, თქვა ნიკოლოზმა. ლადომ ყურები ცქვიტა, მერე, ვითომც ვერ გავიგონეო, ისე დაიჭირა თავი. ავდექით და ჩვენც მოვუყევით, რაც ვიცოდით – იქნებ ამით მაინც გავახალისოთ და ავალაპარაკოთო, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა და მისი სახლიდან იმედგაცრუებულნი გამოვბრუნდით.
მერე გზაში ერთი ფოლკლორისტი იტყვის: შევარცხვინე ისეთი მთქმელი, შენ რომ ჩააწერინებ მასალასო.
ახლა კი მინდა ის მთქმელები დავასახელო, რომლებმაც გულუხვობა გამოიჩინეს და ბლომად ნიმუშები ჩაგვაწერინეს. ესენია: დავით ელიზბარაშვილი, პაპი ცოკილაური, თომა ბუბუნაური, ხთისო არაბული, გოდერძი გახუტელაშვილი, გოგი მინდოდაური, იოსებ ქისტაური, სევასტი მახაური, იოსებ წოწკოლაური, ბაბალე ბაიაშვილი, მარიამ ცალუღელაშვილი, მარიამ ბოძაშვილი, ტასიკო მარაული.
პაპი ცოკილაურმა ჩამაწერინა ფრუშკას (ალექსი წვეროშვილის) უცნობი კაფია, რომელიც შესანიშნავი სტრიქონებით ბოლოვდება:
ბიძაის ქალო, საბედავ,
გირჩევნავ, იყო ჭკვაზედა.
ქმრის ჩივილ რამ მოგაფიქრა,
საბჭოში გამოცხადება?
ქმარს უფლება აქვს ცოლზედა,
ყროლს ჯერ სხვა გაუჯავრდება!
შენ ბრალიც არის, ალექსი,
წინწინ რა თვალებ აგება?
ხშირ იყავ მაგათ სტუმარი,
ხან ქალ მოგწონდა, ხან – დედა.
გველის მოწამლულ ვარსკვლავზე
დუშმანიმც დაიბადება!
უფროსებს არც პატარები ჩამორჩნენ. საოცარი გონებამახვილობა გამოიჩინა VI კლასის მოსწავლემ მაკა მახაურმა, რომელმაც ჩვენს სტუდენტებს საბავშვო ლექსები და გამოცანები ჩააწერინა. საყურადღებო ნიმუშები ჩაგვაწერინეს 11 წლის ელზა ბილანიშვილმა, 12 წლის ნიაზ წიკლაურმა, 11 წლის თეა ქიტუაშვილმა, 12 წლის ხათუნა მგელაშვილმა და სხვებმა.
ზეპირსიტყვიერ მასალას ვიწერდით რვეულებში და მაგნიტოფირზე. ვიწერდით ისე, როგორც ჩვენი ენაწყლიანი მთქმელები გვკარნახობდნენ. ერთ კვირაში ქედის ფოლკლორული მადანი, რა თქმა უნდა, ვერ ამოვწურეთ. დანარჩენს, ალბათ, შემდგომი თაობები გააკეთებენ. ვისურვოთ, რომ არ დაშრეტილიყოს ხალხური სიბრძნის წყაროსთვალი.
1988 წელი
No comments:
Post a Comment