“ილტოვ, ცრემლებად ნადენო”...
მეორე მსოფლიო ომის დროს გოგია ჭიჭოშვილი ყაჩაღად გავარდნილა. მარტო არ ყოფილა. მის ორგანიზებულ ჯგუფში ომიდან დაბრუნებული ან თავარიდებული ბიჭებიც შედიოდნენ.
გოგია თიანელი იყო, ლიშოში დაიბადა, იქვე ცხოვრობდა და სოფლის სკოლაში ასწავლიდა. კარგი მოლექსე იყო. მისი ლექსები სწრაფად ვრცელდებოდა ხალხში. ხელნაწერები შემორჩა თუ არა, არავინ იცის. შესაძლოა ვინმეს გადანახულიც ჰქონდეს, სადმე ეწყოს მტვერწაყრილი, მიჩქმალული. ამის თქმის უფლებას გვაძლევს კიდევ ერთი მოლექსის მიხა ხელაშვილის ხელნაწერთა ბედი. როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი ალექსანდრე სულხანიშვილი იგონებს, მიხა თან დაატარებდა ხელნაწერი ლექსებით სავსე აბგას. მიხას სიკვდილის შემდეგ ეს ნაწერები ხელში ჩავარდნია ვანო ხორნაულს. მთელი სამოცი წელი ინახავდა და ღრმად მოხუცებულს მიხას ქალიშვილისთვის გადაუცია ეს მართლაც ძვირფასი განძი...
გოგია ჭიჭოშვილის ლექსები ხალხმა ისე შეიყვარა, რომ უამლექსებოდ არც ქორწილი ჩაივლიდა და არც დღეობა. ახლაც ახსოვთ და მღერიან ამ ლექსებს.
გოგიას გაყაჩაღების მიზეზს სხვადასხვანაირად ხსნიან. თვითონ კი ამბობდა, კომუნისტებს ვებრძვიო. თუმცა მის ტკივილს ყველაზე უკეთ მისივე ლექსები გამოხატავენ:
ჭიჭოშვილ გოგიაი ვარ,
სოფელ ლიშოში მდგარია,
ძმაბიჭის მოსიყვარულე,
მეზობლის უწყინარია.
ბალღების მასწავლებელმა
ტყეს შევაფარე თავია.
თანა მყავს ბარის ლომები
დისწულიდედიძმანია.
მეოთხე გვყავის თომაი,
ქორშევარდენი ჩქარია,
მიზანში სწორად მსროლელი
ბიჭია ნაფრონტალია.
ერთხელ ჩავხედე დურბინდებს,
მთებს შემოვავლე თვალია,
ჩამოხეთქილა ზოვები,
კლდეებს ჩამასდის წყალია.
გამოღმა საქართველოა,
გადაღმა დაღესტანია.
ჩვენი ბინები იქ არის,
სადაც თუშების ცხვარია,
სადაც იყრება ერთადა
ალაზანი და მტკვარია.
“ჩვენი ბინები იქ არის, სადაც თუშების ცხვარია”ო ამბობს გოგია და მუდმივი ბინა ყაჩაღად გაჭრილს სადღა ექნებოდა. გამუდმებით დევნიდნენ და ამის გამო ხან ივრის ხეობაში აღმოჩნდებოდა, ხან არაგვის სათავეებში გადავიდოდა, ჩავიდოდა სოფელ ახადში, ესტუმრებოდა მიხა ხელაშვილის ძმადნაფიცს იაკობ გორელაშვილს. მასთან საიმედოდ დაიგულებდა თავს, კედელზე მიაყუდებდა თოფს და დანდობილად ქეიფობდა. იაკობისგან ისმენდა მიხას ტრაგიკული ცხოვრების ეპიზოდებს და ფიქრობდა, როგორ მიეზღო სამაგიერო ლუკა მარცვალაშვილისთვის, რომელიც ხალხში თავაღებული დადიოდა და კომუნისტ ხელისუფალთა წინაშე ხელაშვილის მკვლელობით ამაყობდა. ახადიდან ახმეტაში გადავიდოდა, იქიდან კი თუშეთის მთებს მიაშურებდა. და იყო ასე დაუსრულებელ ფორიაქში. მშვიდი ცხოვრება და თბილი კერა უცხო გამხდარიყო მისთვის.
მე ჭიჭოშვილი არა ვარ,
შვილი ვარ მყინვარებისა! –
ამბობს ერთ ლექსში.
გოგია არას ერჩოდა ალალ და პატიოსან ხალხს. საბჭოთა ხელისუფლებას და მის თავგამოდებულ დამცველებს უპირისპირდებოდა. აკი თვითონაც ამბობს:
ბევრ უჭკვოს დავაჭკვიანებ,
ხმასაც არ გავცემ ჭკვიანსა,
ბევრის შუბლს გავახვრეტინებ
ჩემი ვინტოვკის ტყვიასა.
ყაჩაღებ პოლიტიკები
შავეფარებით ტყიანსა.
უბრალო ხალხს უყვარდა გოგია ჭიჭოშვილი, თავშესაფარს სთავაზობდნენ, სურსათსანოვაგეს უგზავნიდნენ და მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც ატყობინებდნენ. თიანეთის რაიონის მილიციის უფროსს, ლაცაბიძეს ყაჩაღის შეპყრობა განუზრახავს, გოგიას კი ასეთი ლექსი გაუგზავნია მისთვის:
თიანეთს ლაცაბიძეო,
მარჯვენამც დაგმიწებია.
ლიშოში ჩემი დაჭერა
ტყუილად დაგიკვეხია,
ვისაც ჩემს სიკვდილს ავალებ,
ჩემი ძმები და დებია,
მოვლენ და მამახარებენ,
რასაც შენ შაგპირდებიან.
გოგია ხალხს უყვარდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მართალია მისგან სიკეთე ახსოვდათ, მაგრამ მაინც ღალატობდნენ. ერთხელ ახლობელი ქალის ხელით გაუგზავნეს მოწამლული ქადაპურები. ქალმა კი არ იცოდა... გოგია მოიწამლა, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა. მომჯობინდა თუ არა, ქადაპურების მიმტან ქალზე შური იძია. მოგვიანებით კი, როცა ყველაფერი გაარკვია, ძლიერ ინანა და კვლავ ლექსს გაანდო თავისი გულისწუხილი:
ჭიჭოშვილ გოგიაი ვარ,
დამდგარი მრუდე გზაზედა.
ჩონგურს ავასხი ლარები
ჩეჩხიმის ხეობაზედა.
ავკარჩამოვკარ თითები,
აჩქამდა ზარის ხმაზედა.
ჭიჭოშვილის შეპყრობას ლამობდა ახმეტის რაიონის მილიციის უფროსი რუბენ ალხაზოვიც, რომელსაც გოგია ალხატოს სახელით მოიხსენიებს ლექსში. როცა ალხაზოვი თავისი რაზმით ივრის ხეობაში ეძებდა, გოგია ილტოში აფარებდა თავს და იქიდან ეხმიანებოდა:
ილტოვ, ცრემლებად ნადენო,
საით რა მიიჩქარია?
თუ ბარი მოგწონს, ტიალო,
მთებიც ხო შენი მხარია.
წერილს გაგატან, ოხერო,
ალხატოს აუტანია.
აჰყაროს შავი რაზმები,
ჭულახევს მეომარია.
სახლში ნურავინ დაბრუნდეს
ამ ამბის ჩამამტანია,
წიოდეს კარაბინაი,
კლდეებს გაჰქონდეს ჩქამია.
წამოველ ჩემსა სოფელსა,
გამოვახანენ გზანია.
გაავებულან წყლულები,
გულში მჭირს ნატყვიარია.
მძლივ სადამ მოიანდევე
მამპაპათ ნასახლარია,
ჩამოშლილიყვნენ ყორენი,
ჩამასდიოდათ წყალია.
გოგია ერთხანს შირაქს აფარებდა თავს. ეს გაიგო ხელისუფლებამ და მწყემსები შეაიარაღა, ჯილდოსაც დაჰპირდა. შირაქში გაჩნდა ლუკა მარცვალაშვილიც. იმედი ჰქონდა, რომ ხელაშვილის მკვლელობიდან ოცი წლის შემდეგ ჭიჭოშვილსაც მოუღებდა ბოლოს, მაგრამ გოგიამ მეგობარი მწყემსებისგან შეიტყო ყველაფერი. ჩაუსაფრდა გზაში. როცა მარცვალაშვილი მოუახლოვდა, გოგია საფარიდან გამოხტა და შესძახა:
– შესდექ! შენ მოჰკალ ხელაშვილი?
– მე! – უნებლიეთ წამოსცდა მომავალს და უცებ მიხვდა: მის წინაშე იდგა, ვისაც ეძებდა და მხარზე თოფს წაეტანა, მაგრამ გოგიამ დაასწრო და იქვე გააფრთხობინა სული. მერე მწყემსების ბინაში ჩამოვიდა და უთხრა: ტყეში ღორი შემომაკვდა, წამოდით და გაათრიეთო.
აიღო გოგიამ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მიხა ხელაშვილის სისხლი, მაგრამ რას გახდებოდა იმხელა იმპერიასთან!
ჭიჭოშვილიც მოკლეს, სამზეოზე კი დარჩა მისი მშვენიერი ლექსები...
No comments:
Post a Comment