თიანეთო... თიანეთო...
თიანეთის ფოლკლორულ ექსპედიციაში მესამედ მივდივარ. პირველად ვიყავი 1981 წელს, როდესაც ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ბატონი ზურაბ კიკნაძე. მაშინ მესამე კურსზე ვსწავლობდი. მეორედ სოფელ არტნისა და ივრის სათავეების გადავლით არაგვის ხეობაში ჩავედით (ეს ექსპედიცია უკვე აღვწერე ზემოთ). ამ დროსაც ზურაბ კიკნაძე იყო ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი. მესამე ანუ წლევანდელ ექსპედიციას კი ორი ფოლკლორისტი ვხელმძღვანელობთ: ხვთისო მამისიმედიშვილი და მე. ექსპედიციის შემადგენლობაში თორმეტი სტუდენტია. ყველანი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობენ.
2011 წლის 19 ივლისს, შუადღის 2 საათზე, ვიკრიბებით დიდუბის ავტოსადგურში. სამარშრუტო მიკროავტობუსი მგზავრებით გატენილა. მივიტანეთ ჩვენი ბარგიბარხანა, უბილეთო მგზავრებიდან ორიოდეს ძლივს დავათმობინეთ ჩვენი კუთვნილი ადგილი და გაჭირვებით მოვთავსდით სალონში. მძღოლი თიანეთურ კილოზე უქცევს, ეტყობა, იქაურია. მისი ხმა საოცრად ჰგავს ჩვენი მეგობრის მინდია ხაიაურის ხმას. ტანად ჩადგმულია და შავგვრემანი. მინდა ვკითხო, მინდიას ბიძაშვილი ხომ არ არის, მაგრამ მეუხერხულება და თავს ვიკავებ.
მიკროავტობუსი "თბილისი – თიანეთი" მიემგზავრება ჟინვალის გავლით. ეს შედარებით მოკლე გზაა, მაგრამ არაა მოასფალტებული. ჩინთის გადასახვევამდე რბილად მივსრიალებთ, ჩინთიდან კი ოღროჩოღრო სავალი იწყება. სტუდენტებს დავანახეთ წმინდა ნინოს ქვა. ეს არის ვულკანური წარმოშობის უზარმაზარი ლოდი, რომელზეც რკინის ჯვარია აღმართული. მეოთხე საუკუნეში აქ შეკრიბა წმინდა ნინომ ფხოველნი, ჭართალელნი, ხანდოელნი და უქადაგა ქრისტეს რჯული.
გზაში გვხვდება დუშეთის რაიონის სოფლები: ბოდავი, ფუძნარი. ფუძნარის ეკლესიასთან ხალხი შეკრებილა,. ალბათ, დღეობაა. გუშინ, 18 ივლისს, ორშაბათ დღეს, არაგვის ხეობაში დაიწყო ლაშარობა, დღეს სამშაბათია და თამარღელეობა უნდა იყოს. ლაშარობა გუშინ ივრის ხეობაშიც დაწყებულა, ახლა, ალბათ, ხალხი უკვე იშლება და მეეჭვება, იქ დღესასწაულს მივასწროთ. ადრე უნდა წამოვსულიყავით, მაგრამ დაგვაბრკოლა სტუდენტთა სემესტრულმა გამოცდებმა.
მიკროავტობუსში კარებთან ახლოს ზის ჩაფსკვნილი, შავულვაშიანი, ლოყებღაჟღაჟა კაცი, რომელიც გზადაგზა დასახლებული პუნქტების და ისტორიული ძეგლების შესახებ გვესაუბრება. სასიამოვნო მოსაუბრეა, გვარად სულხანიშვილია, ცხოვრობს სოფელ ჯიჯეთში.
ჩვენმა "მარშუტკამ" გადაიარა დუშეთთიანეთის საზღვარი და თიანეთისაკენ დაეშვა. თიანეთის რელიეფი ძალიან განსხვავდება საარაგვოს რელიეფური სურათისაგან. აქ თითქმის სულ ვაკეებია, ბლომად სახნავსათესები, მაგრამ ნიადაგი დასამუშავებელია, მომრავლებულა ჯაგი და ძეძვი, გაუვალი შამბნარი... აღარც ღორების კოლტი შეგხვდება სადმე, სოფლის ნახირიც ხომ კატასტროფულად შემცირებულა. რაიონის მოსახლეობა გამეჩხერებულა: ხალხის ნაკლებობა განსაკუთრებით იგრძნობა სოფლებში, საიდანაც დედაკაცების დიდი ნაწილი საბერძნეთსა და თურქეთში გაკრეფილა. სახლში დარჩენილი მამაკაცები გაჭირვებით უძღვებიან საოჯახო საქმეს, ზოგი სასმელს მისძალებია. ასეთი გაჭირვება თიანეთის რაიონში არასოდეს მინახავს. ეს რაიონი ერთერთი მდიდარი რაიონი იყო მთელ საქართველოში. სოფლის მეურნეობის დარგებიდან აქ განვითარებული იყო: მეცხოველეობა (მეცხვარეობა, მეძროხეობა, მეღორეობა), მეფრინველეობა, მემინდვრეობა, მეხილეობა. მისდევდნენ მეფუტკრეობას. აქაური პროდუქტი და ხილბოსტნეული გემოთი და ხარისხით საუკეთესო იყო. თიანეთის რაიონულ ცენტრში იდგა სანიმუშო სასტუმრო. 1981 წლის ზამთარში ამ სასტუმროში ვცხოვრობდით. ოთახები სუფთა და ნათელი იყო, მუშაობდა გათბობის სისტემა და ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ სტუმარს რიგიანად დაესვენა. დღეს კი ეს მინებჩამსხვრეული, გამჭვარტლული და გისოსებში ჩასმული შენობა ისე გამოიყურება, ავთვალსაც კი აეტირება. ამბობენ, თიანეთს ახალი სასტუმრო აქვსო, მაგრამ ის ძველიც ხომ უნდა შეენარჩუნებინათ!.. გარემონტებულია მუნიციპალიტეტის შენობა, სპორტული სკოლა, კულტურის სახლი, ე.წ. "კუჯბაღი", მიმდინარეობს ქუჩებში ასფალტის დაგება, მაგრამ გასაკეთებელი გაცილებით ბევრია. ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. ეს პრობლემა საქართველოს ყველა რაიონს აწუხებს. თუ აღნიშნული პრობლემა ვერ გადაიჭრა და ადგილობრივი მოსახლეობა ვერ შევინარჩუნეთ, ქვეყანა ხელიდან გამოგვეცლება.
თიანეთში 5 საათზე ჩავედით. მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გიორგი აბაშვილი ადგილზე არ დაგვხვდა, სამაგიეროდ ჩვენს მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინა კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან შარმიაშვილმა. მან თავისი მანქანით აგვიტანა ბარგი ბაღიაანების სკოლაში და იქ დაგვაბინავა. გულისხმიერად მოგვეკიდნენ ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ლადო უშიკიშვილი, სპორტსკოლის მწვრთნელი გელა ჯავახიშვილი და სოფელ არტნის საკრებულოს თავმჯდომარე მირზა ბალღიაშვილი. მადლობით უნდა მოვიხსენიოთ თიანეთის რაიონის პოლიციის უფროსი მამუკა შალამბერიძე, რომელმაც მალევე გვინახულა და დახმარება შემოგვთავაზა.
თიანეთში გულღია და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, დღეს ყველას უჭირს სტუმრის მიღება და გამასპინძლება. ჩვენს ექსპედიციას დიდი მზრუნველობა და გულითადი მასპინძლობა გაუწია სოფელ ჩაბანოს მკვიდრმა, პოეტმა და ჟურნალისტმა ცოტნე ალბუთაშვილმა. მან თავის სახლში თავი მოუყარა ჩაბანოელ სახალხო მთქმელებს და სამახსოვრო ფოლკლორული საღამო გაგვიმართა. აქ იყვნენ ცოტნეს შინშები: ზაურ წოწკოლაური და ჟორა კოჭლაშვილი. აქ გახლდათ აგრეთვე ცნობილი მოლექსის – ხოხას (მწარია ხადილაშვილის) შვილიშვილი თამაზ ხადილაშვილი. კაფიობა და სახუმარო შექცევა ორ დღეს გაგრძელდა. ვეღარ ავუდიოდით მათი ნათქვამების ჩაწერას. ზაურ წოწკოლაური "შინშურებს" (ანუ შინშების გალექსებებს) იხსენებდა. პირველად ცოტნესადმი მიძღვნილი გალექსება წამოაგონდა:
კვირას დედიდათას გავხე,
გავიხსენე ყმაწვილობა.
გამიკვირდა ჩემ შინშისა
ქეიფი, ხელგაშლილობა;
ორსამ ღამეს შამინახა,
მიქო ზნე და გარჯილობა.
კინაღ მუშაობით მამკლა,
დავწვი ეგეთ მასპინძლობა!
სამი დღეა, პირქვე ვგდივარ,
არ მამცალდა დაღლილობა.
შინშები ერთმანეთს მექალთანეობას დასცინიან. ზაური ცოტნეს კენწლავს, ცოტნე კიდევ ზაურს არ აკლებს კაფიის მწარე წკეპლას. ჯერ ისევ ზაურის ლექსს გავეცნოთ:
გუშინ დილითავ დავითვერ, ვგრიხე ეშმაკის ბაწარი.
შუაღამისას წამოვდეგ, სუ ამრევიყო ჟამკარი.
შინშო, შენ წამამაგონდი, შენ გაკეთებულ, ნაქნარი.
ქვრივების გზაზედა სდგეხარ, როგორც თუშების
სარქალი.
ნეტაი გამაგებინა, ემაგათ ბაზარ სად არი?
სამიოთხს მაინც გიყიდი, ჰფრინავდე, როგორც
აფთარი.
დღეღამე აღარ გაგაჩნავ, დასდიხარ, როგორც
ჩაფარი.
ლოთი და ქალთა მიმყოლი – სუყველა ყროლი
რად არი?
ბევრჯერ ვიბოღმე, ვიფიქრე, გამოგიტყდები,
რაც არი.
ხან ვიტყვი: მოდი, დავკოდო, ყვერჩი მუაკრა ბაწარი.
შვიდრვა კრუხობა მაასწარ, მე სადღა ვიყავ,
თავმკვდარი!..
მეც შენ გზას თუ არ დავადეგ, დამინიავდა ნაცარი!
ცოტნემ შინშის გამკილავი ლექსი არად ჩააგდო, იხტიბარი არ გაიტეხა, რადგან მექალთანეობა მოკაფიავე ფშავლისთვის სირცხვილი არაა და ყველას გასაგონად თქვა:
ბევრ ქალი გადაიყოლა
არაფრის ქონის შიშებმა.
სხვაკან გასწიეს უღლები,
აღარ ეღირსათ შინ შებმა.
მივდეგმოვდეგით ჩვენაცა,
ხმლები დავლესეთ შინშებმა,
გავიხალისეთ ცხოვრება
ნახევრად მშიერშიშვლებმა.
ჩავიწერეთ აგრეთვე დიალოგური ხასიათის კაფიები და სხვა ლექსები. იხინჭობის დღესასწაულზე დასწრების სურვილმა გუშინ წარმატებით დაწყებული კაფიობის გაგრძელება შემდეგისთვის გადაგვადებინა. ყველანი ექსპედიციაში დამეგობრებული შესანიშნავი ჟებოტელი ახალგაზრდის – მინდია ბადურაშვილის ურემზე მოვთავსდით. მინდიას ცხენმა "შმაგიმ" ღონივრად გასწია ურემს და რომანტიკული მოგზაურობის მოყვარულნი კოპალის სალოცავისაკენ წაგვიყვანა.
იხინჭაში მართლაც დიდებული სანახაობა დაგვხვდა; მილეთის მლოცავი მოსულიყო: სადღესასწაულოდ გამოწყობილი ქალები, ბავშვები, ოჯახის უფროსი მამაკაცები... მრევლში ახალგაზრდობა ჭარბობდა. ნაკლებად იყვნენ მოხუცები. ხატობა უკვე დაწყებულიყო. დღესასწაულს უძღვებოდა ახალხელმხარნანათლი ხევისბერი მირზა ფაშურიშვილი. წელზე მამაპაპური ხანჯალი ერტყა. სამსხვერპლო მოედანთან შესაწირად მიყვანილი ცხვრების რიგი იდგა. მირზა სანთელს აანთებდა, დალოცვადამწყალობნების მოკლე ტექსტს წარმოთქვამდა, საკლავს შუბლსა და მარჯვენა მხარს შეუტრუსავდა სანთლით, ყელში ხანჯლის ოსტატური გამოსმით თავს გააგდებინებდა და ხატს შესწირავდა. ჩვენი მისვლიდან ცოტა ხანში ხატში მოვიდა ივრის ხეობის ლაშარის ჯვრის თავხევისბერი პავლე ძროხელაშვილი. მისმა მოსვლამ ხალხი გამოაცოცხლა და ახალი ელფერი შესძინა იხინჭობის დღესასწაულს. მირზამ უფროსობა პავლეს დაუთმო. პავლეც შეუდგა რიტუალების შესრულებას. მლოცავს დიდი ყურადღებით ღებულობდა, პირველად ეკითხებოდა, თუ როგორ ჰყავდა შეთქმული ხატის კარზე მოყვანილი საკლავი, ახალბედასა და გამოუცდელს რჩევადარიგებას მისცემდა, სანთელს აუნთებდა, დაამწყალობნებდა, ქადაპურებს გაუსერავდა და თავის გზაზე გაისტუმრებდა. საკლავების დაკვლას კვლავ მირზა აგრძელებდა. პავლე კარგად შეხვდა ჩვენს ექსპედიციას და ყველა კითხვაზე შეძლებისდაგვარად გაგვცა პასუხი. მისმა ხალვათობამ განსაკუთრებით მოხიბლა პროფესორი ზურაბ კიკნაძე და პარლამენტარი ნიკა ლალიაშვილი, რომლებიც დღეს ჩამოვიდნენ იხინჭობის დღესასწაულზე დასასწრებად. გადავიღეთ სურათები და ჩავიწერეთ საგულისხმო მასალა.
მლოცველთა შორის გამოირჩეოდნენ თიანეთში სახელგანთქმული მკითხავის, აწ გარდაცვლილი ღანიშაანთ თამარის ქალიშვილები – დარიკო და რუსუდანი, რომლებიც მნახველებს აოცებდნენ ტრადიციებზე აღზრდილი უფროსი ქალებისათვის დამახასიათებელი ზრდილობითა და მადლიანი სიტყვაპასუხით. დარიკომ მიშა ღანიშაშვილი მოიკითხა და საყვედური გამოთქვა: თავის სალოცავში რატომ არ მოვიდაო. ჩვენმა სტუდენტებმა ბევრი საინტერესო ნიმუში ჩაიწერეს ამ ხნიერი ქალებისაგან.
იხინჭიდან დულუზაურებში გადავინაცვლეთ. აქ აღარ დაგვხვდა ჩვენი ნაცნობი "წვერა პაპა" – ენთუზიასტი ფოლკლორისტი და ძველი ადათების კარგი მცოდნე ალექსანდრე დულუზაური. იგი იქ ბრძანდება, სადაც ჩვენი მამაპაპანი განისვენებენ. მისი არქივი ჯეროვნად არაა შესწავლილი. 1981 წელს მე და ვახტანგ ჭინჭარაული დიდხანს ვათვალიერებდით გაყვითლებულ ფურცლებს და აღარ ვიცოდით, რომელი ნიმუში გადმოგვეწერა.
დულუზაურებში ტასო გორელაშვილისაგან ჩავიწერეთ ფოლკლორული ნიმუშები და ეთნოგრაფიული მასალა.
ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვაჟაფშაველას დედის მშობლიური სოფლის – სხლოვნის ნახვამ. ერთხანს ამ სოფელში აღარავინ ცხოვრობდა. ახლა აქ კვლავ დასახლებულან ფხიკლეშვილები და საოჯახო მეურნეობაც შეუქმნიათ.
დავით ფხიკლეშვილმა იორზე გადებულ ბონდის ხიდზე გადმოგვატარა და სოფელ ბოდახევამდე მოგვაცილა. ამ სოფელში აღარ გავჩერებულვართ, რადგან არტანში გველოდებოდნენ ფიქრია და მინდია პაპიაშვილები. ისინი თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. არტანში ბებიასთან ისვენებენ.
ბებია – თეკლე სალუქაური 84 წლისაა. ისიც ტრადიციებზე აღზრდილი მანდილოსანია. უყვარს ხალხური პოეზია და თვითონაც წერს. თეკლეს ვაჟიშვილი ემზარ პაპიაშვილი გვიამბობს, რომ არტნელი პაპიაშვილები ჭიჩოს პირცეცხლის ყმანი არიან. ისინი ახლაც დადიან არაგვის ხეობაში, ჭიჩოს მთავარ სალოცავში საზღვნელად. ერთხელ ასახელებული კურატი ავად გახდომიათ. დედამისი – თეკლე სალოცავს შევედრებია და ლექსიც მიუძღვნია:
ეს კურეტ ავად გაგვიხდა, ნეტა რა ეშველებაო?
უშველე, ჭიჩო პირცეცხლო, თუ რამე შეგეძლებაო.
რორცა მორჩება კურეტი, თქვენს კარზე
წამოდგებაო;
რორცა მანდისკე წამოვა, ბუბუნით მოგიჩნდებაო.
მოვდივართ, ჭიჩო პირცეცხლო, წყალობას გვაძლევ
თუ არა?
სიზმარში ვნახე: კურეტმა სასანთლეს შემოუარა.
მივიდა, უშიშრად დაწვა, სიკვდილსა ელოდებაო,
თითქოს ენა ამოიდგა, სალოცავს ეხვეწებაო:
"წყალობა მიეც იმათა, ვინაც გამზარდა, მკვებაო".
შენთვის შეთქმული კურეტი ხომ მალე
მოგიყვანეთო.
ჩვენ მოყვანილი კურეტი მიიღეთ, ჩაგვითვალეთო.
შენ გეხვეწები, ჭიჩოო, წყალობა გაგვატანეო,
კარგად მიმყოფე ქმარშვილი, შვილთაშვილ
გაამრავლეო.
კურეტი გამორჩენილა და ხატისთვის შეუწირავთ.
არტანში შევხვდით ლეილა და იათამზე ლაჩიშვილებს, პავლე ბაინდურაშვილს, მევლუდ ხიზანაშვილს და პანკისელ ფრიდონ ჩიტაშვილს. მათგან ჩავიწერეთ ლექსები და კაფიები. ლეილა ლაჩიშვილმა გვიამბო რამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღ გოგია ჭიჭოშვილის ცხოვრებიდან და ჩაგვაწერინა მისი ორი ლექსი. გოგიას შესახებ დიდხანს გვესაუბრა ლიშოელი ნუკრი ჭიჭოშვილი. ეს საუბარი ჩვენ მაგნიტოფირზე ჩავწერეთ.
არტანში დავათვალიერეთ თაღლაურას ციხე და კვლავ თიანეთში დავბრუნდით. იმავე დღეს შევხვდით თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის (დირექტორი – ნათელა კოჭლამაზაშვილი) მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ვისაუბრეთ ეროვნული ფოლკლორის მნიშვნელობაზე და ზეპირსიტყვიერი მასალის ჩაწერის წესებზე.
ჩვენი ექსპედიციის მუშაობის დროს თიანეთში გვალვა იყო. მხოლოდ ერთხელ გაწვიმდა, მაგრამ მაშინაც ხეირიანად ვერ დასველდა ნიადაგი. მტვრიან გზებზე სიარულისას ერთი წყვილი ფეხსაცმელი გავცვითე. ამან მათქმევინა ექსპრომტული ლექსი:
თიანეთო, თიანეთო,
ეს რამდენი ვიარეთო...
ფეხზე გაცვდა ქალამნები,
გზები ავამტვრიანეთო!..
თიანეთში ნაყოფიერი გამოდგა დავით არაბულთან სტუმრობა. დავითი ძველი კაციაო, გვითხრა ზურაბ ჯიმშიტაშვილმა და არც შემცდარა. დავითის მამა ხევსურეთის სოფელ გველეთიდან ჩამოსახლებულა ივრის ხეობის სოფელ საშუბში. საშუბიდან საჭურეში გადმოსახლებულან, საჭურიდან კი თიანეთში. მიუხედავად მრავალჯერადი მიგრაციისა, დავითს მაინც არ დავიწყებია ხევსურული ადათები და ანდრეზები. "გველეთლები, – გვიამბობს დავითი, – ხუთი მამიშვილობა ვართ: ობოლქვრივნი, უცხვირონი, კუკუანი, მგელანი და იმედურანი. ეს ხუთივე მამიშვილობა ბაცალიგოდან არის კარგახნის წამოსული. მანამდე გველეთი გიგაურებს სჭერიათ. არაბულების ერთ მამიშვილობას უცხვირონი იმიტომ დაარქვეს, რომ ჩხუბში ხმლით ჩამოაჭრეს ცხვირი.
გველეთში ჩვენი სალოცავებია პირქუში ცეცხლის ალიანი და მთავარანგელოზი. ჯვარს დიდი ძალა ჰქონდა. ვინც არ დაუდებდა თავს და არ ემსახურებოდა, სულ მიზეზობაში იქნებოდა... ხუცესი იმას კი არ ამბობდა, რაც პირზე მაადგებოდა, ის სავალდებულო, ჩასანიშნ სიტყვებს ამბობდა. ხუცობისას იტყოდა:
დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა. დიდება მზესა და მზის მყოლთ ანგელოზთ. ძალო ღვთისაო, ძალო კვირაისაო, შენ გეძახან და გეხვეწებიან ემ საკლავების პატრონნი (ძმებია, ბიძაშვილები თუ გვარი, სახელს იტყოდა იმ კაცისას). შაიხვეწენი, დალოცვილო, თქვენი დავლათი დაახმარე, ხელი მოუმართე ქუდოსანმანდილოსანს, ორფეხოთხფეხს, შენი შემწეობით ნუ გაუმრუდებ გზას, შარას. თუ მრუდე გზაზე მიდიოდენ, სწორე გზაზე დააყენე, უშველე, უმეშვლე ამ მამიშვილობას.
შენდობის თქმისას სხვა სიტყვებს იტყოდა:
ღმერთო, შენი დიდებით, შენი სიტყვის მოხსენებით სააქაოს ნათქომი თუ საიქიოს მიდიოდას, წესი მართებულ იყვას, მკვდართ შანდობა მიუდიოდას. სადაც შენ ხარ, პაპაჩემო, სული შენი მოიხსენების. შენიმც სახმარი იქნების (ხელმისაწვდომი) გაშლილი ეს სუფრა, დავსილები ეს სასმისები მანდამც მოგივა ფერუქცევლად, წაუქცევლად, მზითა, შუქით, სანთლით და კელაპტრით."
დავითმა კარგად იცის ხევსურული ხალხური პოეზია. იგი თვითონაც წერს ლექსებს. მისი ლექსები დაბეჭდილია კრებულში "საჭურეს ფოლკლორი". ჩვენც ჩავიწერეთ მისი რამდენიმე გამოუქვეყნებელი ლექსი.
ექსპედიციის ბოლო საღამოს ივრის პირას დანთებულ კოცონთან ვისხედით. ჩვენთან ერთად იყვნენ ჩვენი თიანელი მეგობრები: მინდია ხაიაური, სოსო რიგიშვილი, მინდია ბადურაშვილი და მათი ახლობლები. გულისტკივილით ვსაუბრობდით ივრის ხეობის დაცლილ სოფლებზე, ხალხის დუხჭირ ყოფაზე. მე მახსენდებოდა 1984 წელს გაზეთ "ახალ თიანეთში" ამოკითხული ერთი სტატიიდან ნაწყვეტი: "შორს აღარაა ის დრო, როცა ამ ივრის ხეობაში აღორძინდებიან სოფლები და ადამიანის გამრჯე მარჯვენის წყალობით უხვად გადმოიღვრება ხალხის სასარგებლოდ მთის ხვავი და ბარაქა". სტატიის ავტორი იყო სოფელ ბაჩალში ლაშქრობის მონაწილე მერვეკლასელი ნ. ბაღიაშვილი (იხ. "ახალი თიანეთი", 1984 წლის 19 ივლისი, #72). სამწუხაროდ, მას შემდეგ უფრო დაიცალა ივრის ხეობა.
ამ გულისტკივილს გამოვთქვამდი, მინდია ხაიაური კი მამშვიდებდა: მოვა დრო, როცა ჩვენი ხალხი იძულებული გახდება, მთაყელთ მიმობნეულ ნასახლარებს დაუბრუნდეს და იქ კვლავ სიცოცხლე აახმიანოსო.
2011 წელი
No comments:
Post a Comment