დაგემშვიდობე, გომბორო...
ზამთარში მუშაობა განსაკუთრებით ხელსაყრელია ფოლკლორისტისათვის; ამ დროს ყველა საკუთარ ჭერქვეშ გხვდება – ბებერი იქნება თუ ახალგაზრდა, დიდი თუ პატარა. ყინვაყიამეთის ჟამს, სტუმარს მონატრებული მოხუცები ეფიცხებიან ღუმელს და თბებიან წარსულ დღეთა მოგონებებით. ახლოს მოკალათებული შვილებისა და შვილიშვილების გასაგონად ყვებიან საარაკო ამბებს და ზნეობის გაკვეთილებზე ზრდიან სმენად გადაქცეულ ყრმებს:
"გახსოვდეს, ახალგაზრდაო,
ბებრის როსტომის ნათქომი:
ყმა გავლილგამოვლილი სჯობს,
ქალ – მამის კერას ნაჯდომი".
ასეთ იდილიურ გარემოში იზრდებოდნენ მთელი თაობები. ასეა ახლაც. ფოლკლორისტებიც ამ დროს უხვ მოსავალს იმკიან.
წლევანდელი ზამთრის არდადეგებზე გომბორსა და მის ახლომახლო სოფლებს ვეწვიეთ. ექსპედიციის შემადგენლობაში ოთხნი ვიყავით: ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები: მიხეილ ღანიშაშვილი, პავლე ასპანიძე, სევარიონ ნადირაძე და ამ სტრიქონების ავტორი
გომბორში ჩასულებს ისეთი დარიანი ამინდი დაგვხვდა, რომ უნებურად გაგახსენდებოდა მიხა ხელაშვილის ლექსი:
"აჰყვებჩაჰყვება ხელაი
ცივის გომბორის სერებსა,
ზამთარს ჰყვავიან იანი,
აქ კაცს რა დააბერებსა..."
გომბორში 340მდე კომლი ცხოვრობს. მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით საკმაოდ მრავალფეროვანია; აქ ცხოვრობენ ქართველი მთიელები: ფშავლები, ხევსურები, მთიულგუდამაყრელები, გომბორელი ლაიჯები, რომლებიც აქ ირანის აზერბაიჯანიდან შემოსულან. ქართველი მოსახლენი კი მათ ჩვეულებრივ "თათრებს" ეძახიან. გომბორში ცხოვრობდნენ რუსი სექტანტები – მალაკნები, მაგრამ აყრილან და მათი საცხოვრისი ქართველებსა და თათრებს დაუკავებიათ. მცირე რაოდენობით ცხოვრობენ კახელები.
გომბორის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ქისტაური და მდივანი იოსებ ხიბლაშვილი ადგილზე დაგვხვდნენ. ორივე ფშაველია, მათურის თემიდან ჩამოსახლებული. სალოცავად ისევ მათურაში დადიან. რატომ მიატოვეთ ფშავიო, რომ ვკითხე, იოსებმა ხალხური ლექსი მოიშველია:
"ვაიმე შენ ნათულასა,
გაგათხუეს მათურასა.
აქ ისეთა ბილიკნია,
წრიაპნ უნდან კანთურასა.
ისევ შუაფხოსა სჯობავ,
მარხილ მაინც დაცურავსა".
– ისეთი მძიმე პირობები იყო, რომ თანამედროვე ფუფუნებას შეჩვეული ადამიანი იქ ვერ გაძლებდა. ციცაბო ფერდობებზე სასიარულოდ არათუ კაცს, კანთურასაც (კატის კნუტს) წრიაპები სჭირდებოდა და ბარგი აბა, როგორ უნდა მიგეტანა სახლში... ბევრი ადამიანი იმსხვერპლა ზვავმა, ადიდებულმა წყალმა, ზოგიც კლდეზე გადავარდა. ამას თან ერთვოდა გარეშე მტერთა თავდასხმები, მოსახლეობის ძარცვა და ტყვეობა. მათურა მივარდნილი სოფელია. იქაური ხალხის გასაჭირს ფშავის სხვა სოფლები დროულად ვერ გებულობდნენ. მეოცე საუკუნის ოციან წლებში მათურაში ოცდაოთხი კომლი ცხოვრობდა, ამჯამად კი, მგონი, ოთხი კომლიღა ცხოვრობს, – გვითხრა იოსებმა.
სოფელ რუსიანში პეტრე ქისტაური შემოგვეგება. ჯერ ვინაობა გამოგვკითხა, მერე სახლში შეგვიძღვა და ჩვენი საუბარიც აეწყო. პეტრე ქისტაური გვიამბობს: “რუსიანში 40 კომლამდე ვცხოვრობთ. ძირითადი გვარებია: გოჯიტაშვილი, გახუტელაშვილი, წიკლაური, ქისტაური, ხუმარაშვილი, თვარელაშვილი, ციგროშვილი, ბაღიაური, ღურბელაშვილი. გოჯიტაშვილები გოგოლაურთაში დადიან სალოცავად, ქისტაურების სალოცავი კი მათურის მთავარანგელოზია.
რუსიანის სასოფლო სალოცავებია: ადგილის დედა, მარიამ წმინდა, თამარ მეფე. თამარის საბრძანის ადგილს “ციხეთ” ეძახიან. ციხესიმაგრე არის სათოფურებით. ძაან ძრიელი ხატია. მისი ზარი 50 კილოგრამს იწონის. ადრე, როცა ბოლშევიკები ხატსალოცავებს ანგრევდნენ, ზარი მიწაში დავმალეთ, რო არავის წაეღო. ჯარიდან რო ჩამოვედი, მაშინ იპოვეს. კარანაძე იყო კოლექტივის თავმჯდომარე, იმან საწყობში ჩაატანინა. აწონეს და ზუსტად 50 კილო გამოვიდა. კარანაძეს შვილი ჰყავდა ცუდად. ერთმა მოხუცმა უთხრა: ეს ზარი უკან წაიღე და ერთი საკლავი გააყოლეო. ასეც მოიქცა. შვილი მორჩა. მეორედ ხარიტონ ციცხვაიამ დააპირა მისი წაღება სკოლის მუზეუმში, მაგრამ დალოცვილმა ისევ უკან მიატანინა."
პეტრე ქისტაური კარგი მოსაუბრეა. იგი თავისი გვარის შესახებაც გვიამბობს: "ჩვენ პირადადა ვართ შუაფხოდან. ჩვენი სალოცავი იახსარია. ამ თემში ჩვენმა წინაპარმა მეზობელი მოკლა და თემს გაერიდა, ქისტეთში გადავარდა. იქ ერთ ქისტს გაეფიცა ძმადა. იქაც მოკლეს კაცი. ორივენი გამოიქცნენ და შუაფხოში მოვიდნენ. ჩვენმა წინაპარმა მოიყვანა ეს ქისტი და ფშავლებს უთხრა: ერთი კაცი მოგიკალით, სამაგიეროდ მეორე მოგიყვანეთო. ჩაესიძა ეს ქისტი ფშავლებს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სალოცავი იახსარია, მაგრამ რაკი ჩემი წინაპარი იახსრის თემს გაერიდა, მათურის თემს შეეფიცა. იმ ქისტს შვილი შეეძინა, გამრავლდა. გაუყოფელი ოჯახი ჰქონია, სახლში თურმე ცხრა აკვანი ედგა. იმ ქისტის გვარზე ვართ ახლა ჩვენ. წინანდელი გვარი რა გვქონდა, ეგ არავინ იცის, დავიწყებულია.
პაპაჩემი აქ ჩამოსახლებულა თავადის – რუსიშვილის ადგილში. ხუთნი ძმანი ყოფილან ჩემი მამაბიძანი. 1917 წლიდან აქა ვართ. რო ჩამოვსახლდით, მაშინ შვიდი წლისა ვიყავი. მათურაში დავდივართ ხან ხუთ წელში, ხან სამ წელში ერთხელ და საკლავს ვწირავთ.”
მთხრობელი პეტრე ივანეს ძე ქისტაური, დაბადებული 1910 წელს (“ახალწელ დილას დაბადებული ვარ!”), სოფელი რუსიანი
ჩამწერი ტრისტან მახაური, 1989 წლის 29 იანვარი
პეტრე ქისტაური ლექსებსაც გვაწერინებდა. ყოველ ახალ ლექსს ამბავი ცვლიდა, ესა თუ ის ამბავი კი საგულისხმო ანდაზით ან შეგონებით დასრულდებოდა ხოლმე.
ერეკლე ღურბელაშვილმა საკუთარი ლექსებით სავსე რვეულები გამოგვიტანა. მისი ლექსებიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია ციკლი "ასკილაურზე". ამ სატირულიუმორისტული ხასიათის ლექსებით ავტორი კიცხავს მეზობელი სოფლელების მანკიერ მხარეებს, დაუნდობლად ამათრახებს მათ. მეზობლებიც, რა თქმა უნდა, ვალში არ რჩებიან და პასუხებს უგზავნიან, გრძელდება პაექრობა.
"ბებრების კოოპერატივი მაქვს გახსნილიო", – ხუმრობით გვითხრა გომბორელმა ნიკო ჩოლაგაურმა და საკუთარ სახლში თავი მოუყარა თავისი უბნის მოხუცებულებს, რომლებმაც ფშავხევსურული ფოლკლორის არაერთი ნიმუში ჩაგვაწერინეს.
ნიკო ჩოლაგაური ენაკვიმატი კაცია, წარმოშობით ჭიჩოელი, სულ სახუმარო ამბებსა და ანეკდოტებს გვიყვება. მისი თქმით, ერთი ბებერი ყოფილა ფშავში, სახელად "კუდა" რქმევია. ის თურმე თაგვებს პურს უყრიდა – ესენიც ღვთის გაჩენილები არიანო.
აი, კიდევ ნიკოს ნაამბობი ერთი ფშავხევსურული ანეკდოტი:
"ერთი ტანჯული ქალი ყოფილა, ფშაველი. ქმარი ომში დაღუპვია. ჰყოლია ხუთი შვილი. ერთხელ გზაზე მიდის ეს ნაადრევად დაბერებული ქალი, უკან მისდევს ნაბოლარა შვილი. წინ შემოეყარა ხევსური და ჰკითხა:
– ეგი შენ შვილიავ, თუ შვილიშვილი?
– ჩემ შვილია.
– რა გვიან მაგიგავის! – მიაძახა ხევსურმა."
30 იანვარია. გარეთ ყინავს, შინ კი თუნუქის ღუმელი გუგუნებს. მოხუცები ფუსფუსებენ. ერთი ცომს აგუნდავებს, მეორე ქერქებს ათხელებს, მესამე ხინკალს ახვევს, მეოთხე კი ღუმელზე შემოდგმულ წყლიან ქვაბს ჩაჰყურებს, როდის ადუღდებაო, რომ მოხვეული ხინკალი ჩაყაროს.
– თან ლექსები თქვით, ეს ხალხი არ მომიწყინოთ, – ჩვენზე ეუბნება ნიკო მეზობლებს და ისინიც ხალისით გვიამბობენ, რაც ამ ღირსსახსოვარ წუთებში ახსენდებათ.
მარიამ მახაური თომა ნაცარაშვილისა და გიგოთ დავითის (დავით ბობღიაშვილის) კაფიას გვაწერინებს.
თომა: გიგოთ დავითოს რა უჭირს,
ოროლი ცოლი ჰყავისა!
დავითი: შენც მაიყვანე, თომაო,
კაცო, გექნება თავისა.
თომა: საით მოვიყვან, ძმობილო,
განა რიყეზე ჰყრავისა?
დავითი: ტეტიათ გიორგი მოგცემს,
კაპიკ არ გაგივალისა.
საუბარში ისევ ნიკო ჩაერევა და თომას ვაჟიშვილის – ივანე ნაცარაშვილისა და ვახტანგ ციგროშვილის კაფიას გაიხსენებს.
ივანე: ნაცარათ თომას შვილი ვარ,
წინწანაქრების მსმელია.
ვახტანგი: გამოგატვინა არაყმა,
რითმა ვერ მოგდის გრძელია.
ივანე: შენამც გამოხვალ, ვახტანგო,
მამაშენივით ბრძენია.
ნიკო მახაურიც სახუმარო ლექსებით იფხანს გულს: "1905 წელს თათრების შამოსევა ყოფილა თეთრწყლებში. ფშავხევსურებს რაზმები შაუყრავის და გაუმარჯვებავის მტერზე. მაშინ ერთ ფშაველს ლექსი უთქომ:
წუხელა ვნახე სიზმარი,
ცუდი ამბები ხდებოდა;
ბობოქარობდა ღურბელი,
ცა შუაზედა სქდებოდა.
ბევრი დაჭრილი მაჰმადი
სისხლის მორევში წვებოდა.
იმარჯვებს ლაშარის ჯვარი,
მოყმეს გვერდს მაუდგებოდა.
შაშინდა გუდანის ჯვარი,
სამრევლოს ეფარებოდა.
დასცინის ლაშარის ჯვარი:
"ეგ კიდეც გაიქცეოდა!"
ნიკო იაკობის ძე მახაური სწორფრობის ლექსსაც იხსენებს:
ხევსურეთისკე წამოვედ
კოხტაობითა, ჩოჩქვითა.
ხევსურის ქალებ ამბობენ:
"ეს ვაჟა ვინღა მოდისა?
წელსაო ცხრამეტისა ვარ,
აწ კი გავხდები ოცისა".
შავაწიოკეთ ცეცხლანი
ნანეკრალაის წოწკვითა.
წყალში კარტოხა ჩავყარეთ,
ცეცხლზე შამოვდგით ქობითა.
კმარაიდ, სამძიმარაი
მიგებენ ჩალის ლოგინსა,
ორ ქალთ შუაში ჩავწვები,
გამათავებენ კოცნითა.
"ეს ლექსები ვიმღერე ვერონაში, ხევსურების ქორწილში, – გვიამბობს ნიკო, – გაჯავრებულმა ხევსურებმა იძახეს: "ვინ არის, დაჰკარით მაგ მკვდარვირიანსა!"
თათარა არაბულის ოჯახშიც დიდი სითბო ტრიალებს. თათარა 85 წლის კაცია, დაბადებულა ხევსურეთის სოფელ დათვისში. 14 წლისა მიუყვანიათ ჯვარში. გასულ წელსაც, მარიამობის დღესასწაულზე, ასულა დათვისში. 11 კურატი დაიკლაო, გვეუბნება. თათარა ახლაც ხუცობს საკლავის დაკვლისას. ჩვენ რომ მუშაობა დავამთავრეთ, თეთრწყლებიდან გადმოვიდნენ ამირან ფიცხელაური და ვაჟა ყორიაული და თათარა სახუცოდ წაიყვანეს.
თათარასგან დალოცვადამწყალობნების შემდეგი ტექსტი ჩავიწერეთ:
"შენდა სამთავროდ იყვას, შენდა გასამარჯვოდა, გმირო კოპალაო;
შენდა სამთავროდ იყვას, შენდა გასამარჯვოდა, მთავარო მთავარანგელოზო;
შენდა სამთავროდ იყვას, შენდა გასამარჯვოდა, პირქუშო ცეცხლის ალიანო;
შენდა სამთავროდ იყვას, შენდა გასამარჯვოდა, ლაღო იახსარო, ლახტიანმათრახიანო;
შენდა სამთავროდ იყვას, შენდა გასამარჯვოდა, ღალანგურს წმინდაო გიორგიო (ყაზბეგშია), დევდედაბერთ მეომარო; საღმრთო, ღუბისთავს სვეტის ანგელოზო (ეგ გუდანში არის); ზეისტეჩოს საღმრთო სახატეს მობურთალო; დიდო კვირაევ, მაღლით ცის მოკარვეო, დიდო მადლიანო.
გეხვეწების შენ მეზღვნემეხვეწური, ხელი მაუმართე, დალოცვილო, ნურაზე შაუსაწყინდები."
თათარამ კარგად იცის ანდრეზული გადმოცემები. იგი გვიამბობს ნაწილიანი ქმოსტელი კაცისა და გველების შესახებ: "წყეული მძივს ისრევს. შავსწრებივარ: რო გაისროდა, გახტებოდა და ეცემოდ. ღამე მზესავით ანათებდა. დათვისჩი იყო. დღეც გამოდიოდა და ღამეც. გაისროდა და ფრინავდა ის წყეული. ნაწილიან რო ადამიანი იყვ, სანამდე ის ადამიან დაიმარხებოდ, მანამდე ებრძოდა წყეული. ქმოსტელი ბერდიული ყოფილიყო ნაწილიანი. დაკრძალვის დღეს რო გამაასვენეს, მაშინ ორნი მოვიდესო ცელისტარისოდენებიო. ბიჭებს უძვრავ დანები და დაუხოცავ. ერთი კიდევ მისულა საფლავსთან. მამას უთქომ: – დააცადე, შე ოხერო, შენაო, დააცადეო – და ძმას ისიც მეეკლა.
ცოცხალ ნაწილიან კაცსაც საფრთხე აქვს: თუ დაეძინა, შეიძლება ისევ დაეცეს".
გომბორში კარგად იცნობენ მიხა ხელაშვილის სახელს. ჩვენ რამდენიმე გადმოცემა ჩავიწერეთ ხელაშვილზე, მოვიპოვეთ მისი ლექსების ვარიანტებიც. თათარა გამოგვიტყდა: შინსახკომში ვმსახურობდი, მაგრამ ხელაშვილის ვაჟკაცობა მხიბლავდა და ჩუმად პატივსა ვცემდიო. თათარა აუგად ახსენებს მიხას მკვლელ ლუკა მარცვალაშვილს (გოგოთურის შვილს) და ასეთ რამეს გვიამბობს: "ხელაშვილის მაკვლაზე მაგრა ვსცემეთ გოგოთურის შვილს. ხელაშვილი ჩვენს ოჯახში დადიოდა, მაღალ იყვა, "ზდაროვი". მიხას მკვლელობიდან დიდი ხნის შემდეგ ჩვენს სოფელში მოვიდეს გოგოთურის შვილი და იმის ძმები (ოთხნი ძმანი იყვნეს). საბჭოს წევრად ვმუშაობდი. იქ ქეიფობდეს ჩვენებურები. რო გაიგეს, ხელაშვილის მკვლელი თავისი ძმებით მოვიდაო, თქვეს: უნდა ვსცემოთ მაგათაო! მიზეზი? – მათი დაბმული ცხენები სოფლის ჭირნახულში გაუშვეს. ატყდა ერთი "ჰაიჰოჰო": ცხენებმა დაღუპეს ჭირნახულიო! მოვიდეს ჩვენებურები, ისე დაზირკნეს მარცვალაშვილები, რო ვეღარ ინძრეოდეს.
მემრე მაღაროსკარში მამიმწყვდიეს ლუკამ და იმის ძმამ. ლუკას გაბღრუჭებულ წვერები ხქონდ. ოქრომჭედლის დუქანი იყო, იქ შევხვდი. თოფები ხქონდ, მე კიდევ ნაგანი. ვერაფერი ვერ დამაკლეს".
აი, როგორი სიყვარული დატოვა ხალხში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა მიხა ხელაშვილმა. მახსოვს, ბიჭურ ბადრიშვილმა მითხრა მიხას მკვლელზე: "ერთი გაფუჭებული კაცი იყო, ადამიანი სალამს არ გაიმეტებდა მისთვისო".
...გარეთ ყინავს, მაგრამ მოდარებულია და თოვლის ნასახიც არსად ჩანს.
"ზამთარ ცაში არ დადგების,
ჩამოსთოვს, ერთხელც იქნება", –
ამბობს ოჯახის დიასახლისი ნანუკა ლიქოკელიარაბულისა, მერე აგრძელებს: "მე ქალი ლიქოკელთაი ორ, აკუშოდან. დათვისჩი გამავთხოვდი, იქით ჩამავედით აქ. აკუშოსთან ახლოს ციხეგორია. იქ დევნ მდგარან, სამჭედლო ხქონივ ციხეგორს. რვალ უჭედავ. მემრ კოპალას აუყრიან, ის გორ კოპალას დაუჭერავ. მშაველხევსურებ იქ მივდით საზღვნელად. ტყის ბუკუკად მასჩვენებივ პირველად. ბუბუნებს კოპალა თურმე, მხრიან ფრინველივით არის, შლის მხრებსა.
– მახვედ, ტყის ბუკუკაო? – უკითხავ დევებს.
მთაწმინდას ასულან, იქით ქვებ უსრევავ. მთაწმინდით გასრეულ ქვები ბაშოს გორს სხავის. კოპალას შაშველები კვირაე, ის მადლიანი, დალოცვილი! ზეითკე კოპალაის ნასრევია, ქვეითკე – დევების ნასრევები.
"კვირაე შამეწია, მათრახის წვერ შამამიკრავ", – უთქომ კოპალას.
– საგმირო მათრახ გაგიგონავთა?
– გაგვიგონია.
"კოპალავ, დევდედაბერთად მეომარო!" – იძახს ხუცესი.
– დევებს დედა ჰყავდა? – ვეკითხები ნანუკას.
– აბა, რა ვიცი, ღმერთმა დასწყევლნეს!
ნანუკას წინაპრებისაგან გადმოცემით ახსოვს ზურაბ ერისთავთან ბრძოლის ამსახველი ლექსები. ვიწერთ ლექსს, რომელიც არაა შეტანილი ხალხური პოეზიის კრებულებში:
"წინათ ღბრძოლია ზურაბი
მაგ ქუდნისლაის გორსაო,
ვერცა რას გამარჩომია
სამხარაულსა ლომსაო".
"თათარი ყოფილა სამხარაული, მემრე ჩვენ ხალხს აუყრავ. ციხე სდგომივ. თხრილებ ორზე ხქონდ შამავლეულ, იმ სიმაღლოზედ, რომ ვერ ავდიოდით ჩვენ ბალღობაჩი. ქუდნისლაის მთაზე მდგარან თათრები.
...ხევსურებს კვათეს ჩაუყრიან ზურაბის ლაშქარი, უნდა ამეეხოცა, მაგრამ ერთ დიაც მჯდარა იქა და ის შაშინებულა, ამათ ჩახოცვენო და გზა გაუსწავლებავ. გასულა ლაშქარი".
ვიწერთ უკვე ცნობილი საისტორიოსაგმირო ლექსის ახალ ვარიანტს:
"კვათეს ჩაწურნეს ლაშქარნი,
სად საკალმახე წყალია.
ვინ იჯე ღორღლოვანასა,
მამა წაგიწყმდა, გვარია,
შაგუბებულსა ლაშქარსა
ვინ ჩაგვისწავლენ გზანია?
მალედავ ჩაეწევიან
მინდოდაისძენ ყმანია.
კიდევაც ჩაწითდებიან
კეოს ქცეულან გზანია.
გუდელას დაჯდა ზურაბი,
შამაიხვივნა ყმანია.
დააკლდა სათვალავშია
თორმეტი ფაროსანია."
– ჩვენ უფროსებისაგან ნაუბარი გვახსოვს, – გვეუბნება ნანუკა. იგი 80 წლისაა (მეუღლეზე ხუთი წლით უმცროსი), მაგრამ საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვს, შეუძლია გუშინდელი წვრილმანიც კი გაიხსენოს.
გამომშვიდობებისას თათარა გვირჩევს: აქედან ისე არ წახვიდეთ, ალექსი არაბული რომ არ ნახოთ, მაგანაც ბევრი რამ იცისო.
ალექსი მართლაც სასიამოვნო მთხრობელი აღმოჩნდა, იუმორის დიდი ნიჭით დაჯილდოებული. "მკითხავს უთქომ: გომბორში სადაც პირველად მზე მიადგება, იქ დიდი განძი არისო. ჩვენც ვეძებთ, მაგრამ ვერა ვპოულობთ", – გვითხრა ალექსიმ.
– იმ განძს ახლა თქვენ ფლობთ, ჩვენ კი მოვედით, რომ წაგართვათ! – ხუმრობას ვუბრუნებ მეც.
– წაიღეთ. თუკი რამის გაღება შემიძლია, არ დაგზარდებით, – და ალექსი მართლაც ხალხური მარგალიტების სალაროს ხსნის ჩვენს თვალწინ.
"ჩვენ "შვიდხინკალათ" გვეძახიან. ჩვენი პაპა ბულეჯანი როშკაში ყოფილა სტუმრად. იქაურ ქალი ხყვანია ცოლად. ხოდა, სამი დღე დარჩენილა როშკაში. ხევსურებს რაღაც კამპანია ჰქონიათ. ბულეჯანის წამოსვლის შემდეგ როშკაში ერთი ფშაველი მისულა. ხევსურებს ჯერ უნდა ეცემათ ფშაველი, მაგრამ გადაუფიქრებიათ და უთქვამთ: იყვასავ, ჩვენ სიძე ბულეჯანს ღგავისავ! ხევსურებმა ხინკალი ჩაყარეს, მოუტანეს სტუმარს. ფშაველმა შვიდ ხინკალ შაჭამა და წამოიძახა ლექსი:
"დამაქვივნეს ბულეჯანი,
დამსვეს ჯართ სათავეშია,
"შვიდ ხინკალ შაგიჭამავის!" –
ამამადინეს ყელშია.
თურმე ჩვენ პაპას ღგავ ფშაველი და იმის შემდეგ დაგვერქვა "შვიდხინკალანი".
ალექსი ბერდიას ძე არაბული დაბადებულა 1911 წელს ხევსურეთის სოფელ დათვისში. ამჟამად ცხოვრობს გომბორში. დათვისთან ახლოს არის სოფელი გველეთი, სადაც უცხოვრია მოლექსე ხინკალაურს. ეს მისი თიკუნი ყოფილა. გვარად არაბული იყო თურმე, მამიშვილობით კი "უცხვიროთ" ეკუთვნოდა.
ხინკალაურს ქალი მოუტაცია მოწმაოდან. მისი საცოლე შეშის მოსატანად გამოუგზავნიათ მშობლებს, გამოუტანებიათ ჯორი. ქალს შეშა მოუგროვებია, ჯორისთვის აუკიდია და ის იყო, წასვლას აპირებდა თურმე, რომ ამ დროს საიდანღაც გამოჩენილა ხინკალაური. ქალს ბარგაკიდებული ჯორი იქვე გამოუბია ხეზე, თავად კი ხინკალაურს გაჰყოლია. იმ "მოტაცებულ" ქალს მზექალი რქმევია. ხეზე მიბმულ ჯორს მოსწყინდა თურმე, ბარგი მოიყრევინა, აეშვა და ყროყინით გასწია სახლისაკენ. ოჯახმა გაიგო მზექალის დაკარგვის ამბავი. ამ შემთხვევაზე თქვა ხინკალაურმა ლექსი:
"გეუბენ, ხინკალაურო,
არ წამაგივას ჩვენ ქალი.
მეორე დილას იძახდეს:
– არ იბადების მზექალი!
ჯორ დარჩა აკიდებული,
ქაჩის გორს ხყრიან შეშანი.
თირუზან გაჯავრებულა,
თეთრად იძვრიან წვერანი.
– ტყუილად სჯავრობ, თირუზან,
არ გამიწყრების თქვენ ჯვარი".
გომბორში მრავლად არიან ენაწყლიანი მთქმელები. საყურადღებო ნიმუშებს გვაწერინებენ: ნიკო წოწკოლაური, ივანე გოგნელაშვილი, მათე ბეწუკლიშვილი, ხევისბერი გიორგი (ფოცხვერა) ელიზბარაშვილი, კოსტა არაბული, გიგია ჭინჭარაული (მეტსახელად "ღილღველი"), ლადო ჩოლაგაური. ლადოს ქალიშვილს ხათუნა ჩოლაგაურს მოზრდილი რვეული მოაქვს და ნებას გვრთავს, გადავიწეროთ მისი შეკრებილი ხალხური ლექსები.
თამარ შალვაშვილი გომბორელების რძალია, ივანე გოგნელაშვილის მეუღლე. დაბადებულა 1920 წელს სოფელ პატარძეულში. ძალიან კარგად ახსოვს გიორგი ლეონიძე. თამარი დიდი სითბოთი იგონებს ცნობილ პოეტს, რომელსაც შინაურულად "ძია გიორგის" ეძახდა: "რო მოვიდოდა დასასვენებლადა, დაჯდებოდა კევრზედა და ისიცა ლეწავდა. იჯდა კევრზედა და ხარებს უჯავრობდა. ოთხი ხარი ჰყავდა მამაჩემსა, ორი კევრი ება. ძია გიორგი ხან ერთზე ჯდებოდა და ხან მეორეზედა. ლამაზი კაცი იყო. რძალი ჰყავდა მანდა, ის ქალი გერმანულს გვასწავლიდა. როგორცა ვთქვი, კევრზე ჯდომა უყვარდა. პატარა სკამი დავუდგით კევრზე. გადაექცა, გადავარდა. კვდებოდა სიცილითა...
ერთიორჯერ განიავებასაც გვიშველა. ახლოს ცხოვრობდა და მოდიოდა ხოლმე. კალოზე ხორბალი რო გროვდებოდა, ანიავებდა ხოლმე. დაუზარელი, ძალიან კარგი კაცი იყო ცხონებული".
თამარისაგან რამდენიმე მოგონება ჩავიწერეთ. ეს მოგონებები მნიშვნელოვანი შტრიხებით გაამდიდრებს გიორგი ლეონიძის პორტრეტს.
გომბორიდან ფოლკლორული მასალით დატვირთულნი დავბრუნდით. მოვდიოდით და საგზლად მოგვყვებოდა ხალხური ლექსი:
“დაგემშვიდობე, გომბორო,
ველიანო და ტყიანო,
ივრის ხეობავ, ლამაზო,
ნაპირებ სოფლებიანო”.
დავტოვეთ გომბორი იმ იმედით, რომ მომავალში კვლავ ვეწვევით ჩვენს საყვარელ მთქმელებს, რომ აქაურობას კვლავ აახმიანებს ქართული ხალხური ლექსი.
1989 წელი
No comments:
Post a Comment