Tuesday, June 19, 2012

ტექსტისა და რიტუალის პრობლემა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო ზეპირსიტყვიერებაში


ტექსტისა და რიტუალის პრობლემა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო ზეპირსიტყვიერებაში

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის კუთხეებში (ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი, ხევი, თუშეთი) დღემდე ცოცხალი სახით შემორჩა ტრადიციული რიტუალების შესრულება, რომელთაც წარმართავენ კულტმსახურნიხუცესხევისბრები და დეკანოზები.
რელიგიური რიტუალების შესრულებით მთავარი კულტმსხურნი და რიგითი მონაწილენიც ჩვენს დროშიოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშიკვლავ აცოცხლებენ მითოსს. ემილ დიურკემის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, “რიტუალი სხვა არაფერია, თუ არა ამოქმედებული მითოსი”. რიტუალის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ზურაბ კიკნაძეც. მისი აზრით, “რიტუალი ის არხია, რომლის საშუალებითაც ადამიანი არა მხოლოდ იხსენებს მითს, არამედ უკან აბრუნებს მითში გადმოცემულ ამბავს, მითოსურ დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ რიტუალის მონაწილენი და მთელი საზოგადოება იმყოფებიან არ ამ ისტორიულ ქრონოლოგიურ დროში, არამედ ზებუნებრივ არსებათა დროში, “მას ჟამს”, როცა ყველაფერი პირველად იქმნებოდა და ყველა მოვლენა პირველად ხდებოდა. ამიტომაც ეს დრო სიწმიდით არის მოსილი” (კიკნაძე 2008:13).
რიტუალში ცხადი ხდება ტრადიციული საზოგადოების წევრთა კონსოლიდაცია: ამ დროს დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, ჯანსაღი თუ სნეულიყველა ჩართულია საღვთო დღესასწაულში, რომლის შესრულება საფეხურებრივი ხასიათისაა და ზოგჯერ არა თუ რამდენიმე საათს, რამდენიმე დღესაც კი გრძელდება ხოლმე. მას აქვს თავისი კანონიკური დასაწყისი და დასასრული. საყმოს წევრთა ერთიანობა დღესასწაულის დროს წარმოსათქმელი მისალმებისა და დამშვიდობების ფორმულებითაც გამოიხატება. ჯვარში მისული მლოცავი დამხვდურთ არასოდეს გამარჯვებას არ ეტყვის. მისი ვალია მედღეობეთ მიმართოს: “წყალობა ხატისაანწყალობა ჯვარისა!” დამხვდურნი პასუხობენ: “შენიმც მწყალობელია!” ამ ტრადიციული მისალმების შემდეგ, საზოგადოების წევრი უკვე ჩართულია დღესასწაულში, რომელიც, როგორც აღინიშნა, უამრავი საფეხურისაგან შედგება. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ მლოცველნი შემდეგი სიტყვებით ემშვიდობებიან ერთმანეთს: “წყალობა გაგაყოლოს ჩვენმა ჯვარმა (ხატმა), წყალობით შაგინახოს!”
მითოსური ანუ საკრალური დროის აღდგენა თითქმის ყველა რიტუალში ხდება. დავიმოწმოთ ორიოდე სახიერი მაგალითი: იახსრობის მედღეობენი დროშიონის მოთავეობით იახსრის და დევების ბრძოლის ეპიზოდებს განსახიერებენ. დღესასწაულის მონაწილენი იმ მარშრუტს გადიან, რომელიც მათმა ხვთიშვილმა ბრძოლებით განვლო. სახელდობრ, იახსრის დროშიონი მიემგზავრება ხევსურეთის სოფელ როშკაში, ჩერდება იახსრის კლდესთან, რომელსაც თავი შეაფარა ავისგორიდან გაქცეულმა დევმა. იახსარმა ლახტით ორად გააპო კლდე და დევს თვალი გამოსთხარა. ხევისბერი იახსრის კლდესთან სანთელს ანთებს, ლოცვას წარმოთქვამს და საკლავს კლავს. შემდეგ დროშიონი კვლავ აგრძელებს გზას აბუდელაურის ტბისაკენ, სადაც იახსარს დაჭრილი დევი ჩაუყვა და დაემალა. გადმოცემის თანახმად, უწმინდურის სისხლმა დაფარა ტბის ზედაპირი, მის გასანადგურებლად ჩასულ იახსარს კი მხრები შეუკრა და დახრჩობა დაუპირა. იახსრის ყმებმა ქვეყნის ოთხივე კიდე მოიარეს, მოიძიეს ოთხრქა, ოთხყურა ცხვარი, მოიყვანეს და დაკლეს ტბის ნაპირზე. საღვთო მსხვერპლის სისხლი უწმინდურის სისხლს როგორც კი ესხურა, შებოჭილ იახსარს გზა გაეხსნა. ამ დროს ზეციდან ნათლის სვეტიც ჩამოეშვა და სადაც იახსარი იყო, ჯვარი გამოისახა. აქამდე ხორციელი ვაჟკაცი იახსარი ახლა მტრედის სახით ამოფრინდა ტბიდან, დასკუპდა ბროლის ქვაზე და საამო ღუღუნით ყმებს აუწყა, რომ მისი სალოცავი დაეარსებინათ ავისგორზე, ჩამოეკიდათ ზარი და სადამდეც ზარის ხმა მიუწევდა, საყმოს ტერიტორიაც იმის მიხედვით შემოესაზღვრათ. დროშიონი აბუდელაურის ტბასთან იახსრის ჩავარდნისა და კვლავ თავდახსნის მისტერიას ასრულებს.
გასული საუკუნის ოცდაათორმოციან წლებამდე ფშავის სოფელ შუაფხოში, იახსრის სალოცავში მისული ახალგაზრდები საფალავნო ქვების სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ამ შეჯიბრს პარადიგმული მნიშვნელობა ჰქონდა: გადმოცემით ვიცით, რომ დევებისა და იახსრის ურთიერთქიშპობა თავდაპირველად საფალავნო ქვების სროლაში შეჯიბრით დაიწყო ავისგორზე და იახსარმა სასტიკად დაამარცხა უწმინდური არსებანი.
პარადიგმები მეორდება ყოველი დღესასწაულის დროს.
რელიგიური რიტუალების დროს ხუცესხევისბრების მიერ წარმოითქმის ხვთისშვილთა სადიდებელი ტექსები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი ჰქვია: ხევსურეთში – “ხუცობა”, ფშავშიხევისბრის დიდებადადამწყალობნება”, მთიულეთშიდეკანოზის ლოცვადასადიდებელი”, გუდამაყარშიდეკანოზის ლოცვა”, “დამწყალობნებადასადიდებელი”, ხევში – “დიდება”.
საკულტო ტექსტი რიტუალის განუყოფელი ნაწილია; მათი კლასიფიკაციაც რიტუალების მიხედვით არის შესაძლებელი. მაგალითად, საკლავის შეწირვისას სხვა ტექსტი წარმოითქმის, ქადასეფისკვერის გასერვისასსხვა, ჯვარში წულის გაყვანის ანუ ყმების მიბარებისასსხვა და . .
შესაბამისი ტექსტები არსებობს ჯვრისწერის, სალოცავში ხარქვაბით შეყრის, თემიდან მოკვეთის და დარისხების დროს. ტექსტის შინაარსს საყმოში დაწესებული ტრადიციული რიტუალის შესრულება განსაზღვრავს. სარიტუალო ტექსტები კანონიკურია და მათი შეცვლა კონკრეტული ადამიანების ნებასურვილის მიხედვით დაუშვებელია.
გარდა ჯვარში წარმოსათქმელი ტექსტებისა, არსებობს ტექსტები, რომლებიც სახლში წარმოითქმის. ესენია:
1.            ხუცობა სახლის განათვლის დროს
2.            საქორწილო დალოცვა
3.            ქალების ლოცვა ძილის წინ კუდიან წუხრას
4.            სახელისდება
ყველა ამ ტექსტს რიტუალიც შესაბამისი ახლავს. ჩამოთვლილთაგან პირველ ორს ხუცესი ასრულებს, მესამე, როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ქალების რეპერტუარში შედის, ხოლოსახელისდებისშესრულება უფროსი ასაკის ყველა ადამიანს შეუძლია, განურჩევლად სქესისა, რომელმაც ზეპირად იცისსახელისდებისტექსტი.
არსებობს ჯვარხატისა და სახლის გარეთ წარმოსათქმელი ლოცვის ტექსტებიც:
1.            შეხვეწება ჯვარხატებისადმი სანადიროდ წასვლის წინ
2.            დაკარგული საქონლის შეხვეწება მწყემსის მიერ ხახმატის ჯვრისადმი
3.            მგზავრის შეხვეწება ხახმატის ჯვრისადმი
4.            გარეთ დარჩენილი მგზავრის შეხვეწება ადგილის დედისადმი.
მაშასადამე, ეს ლოცვები სხვადსხვა ადგილას და სხვადასხვა გარემოებაში წარმოითქმის და, რა თქმა უნდა, მათი შესრულების ხასიათიც სხვადასხვაგვარია.
ჯვარში შესასრულებელი რიტუალების თანმიმდევრობა მტკიცედ იყო დაცული. დღეობის დაწყებამდე ჯვარის მსახურნი რამდენიმე კვირა წმიდობდნენ, მარხვას იცავდნენ და მანდილოსანს არ ეკარებოდნენ. დღეობის მოახლოებისთანავე ჯვარში შევიდოდნენ და მისულ მლოცავს განწმენდილნი და ამაღლებული განწყობით აღვსილნი ეგებებოდნენ.
დღესასწაულის დღეს, მზის ამოსვლისთანავე, ხევსურეთის რომელიმე ჯვარში მთავარი ხუცესი სანთელს აანთებდა დაჟამისწირვასშეასრულებდა. ამ დროს წარმოთქვამდა ხუცობის ვრცელ ტექსტს, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა: 1. მაÃსენება, 2. პირისქარი, 3. კურთხევანი. ეს იყო ზოგადი ტექსტი, რომლითაც მთლიან საყმოს ამწყალობნებდა ჯვრის ხუცესი. ხუცობის მესამე ნაწილი – “კურთხევანიწარმოითქმოდაგანსაკუთრებული ღიღინით, აჩქარებულ ტემპში, დაახლოებით იმავე კილოზე, რაზედაც ეკლესიაში წმიდა წერილი იკითხება. მთელი ტექსტი თითქოს ერთი წინადადებაა, დაუნაწევრებელიწარმოთქმისას პაუზა მხოლოდ სულის მოთქმაა და მას აზრობრივი, ფრაზათა განმაცალკევებელი ფუნქცია არ გააჩნია” (სადიდებლები: 8).
ჟამისწირვისშესრულების შემდეგ ირეკებოდა ზარი და ჯვარში მისული მლოცველები პირჯვარს იწერდნენ. ზარის დარეკვამდე კი ჯერ მეზარე წარმოთქვამდა ლოცვას და შემდეგ მიეახლებოდა სალოცავის დედო ზარს.
დაახლოებით ამგვარად იწყებოდა დღესასწაული ხევსურეთის საყმოებში.
ფშავში მზის ამოსვლისას წარმოსათქმელ ტექსტსდიდებაერქვა და მას წარმოთქვამდა თავხევისბერი.
ხევსურეთშიჟამისწირვისადა ფშავშიდიდებისწარმოთქმის შემდეგ იწყებოდა საკლავების შეწირვის რიტუალი. შესაწირავი საკლავი სხვადასხვა სახისა იყო: მთლიანი ოჯახის ან კერძო პირის სამხვეწრო, წულის გასამყვანიო, სანათლავი, სხვა თემიდან ან სხვა კუთხიდან მოსული მოსისხლის მიერ შესარიგებლად მოყვანილი, თემწყლისგან სასამხვთოედ შესაწირი (ამინდის გამოდარებისათვის), სამრისხველო და . .
საკლავების შეწირვის წინაც წარმოითქმოდა ხუცობისა დადიდებისზოგადი ტექსტები, მაგრამ როცა კონკრეტული საკლავების დამწყალობნებაზე გადავიდოდნენ, მაშინ ხევისბერი ან ხუცესი ისე შეუსახელებდნენ ჯვარს, როგორც მეხვეწურს ჰყავდა შესაწირად გამიზნული.
დავიწყოთ ჯვარში ყმის მიბარებით. ყმის მიბარებას ფშავლებიხატში გაყვანასეძახდნენ. ამ რიტუალს შემდეგნაირად აღწერს ლევან ბოძაშვილი წიგნშიფშავი და ფშავლები”: “ფეხზე სიარულს რომ შესძლებდა, ოჯახი ვალდებული იყო ბავშვი თავის სათემო ხატში გაეყვანა. ბავშვს როცა სათემო ხატში  გასაყვანად გაამზადებდნენ, თან მიაყოლებდნენ შესაწირავ საკლავს, რაც მის სამხვეწროდ დაიკვლებოდა. ეს მის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ხდებოდა... მამას შვილი გვერდით ედგა და საკლავი რქით ეკავა. ხევისბერი იწყებდა: “დიდება შენდა, ღმერთო მაღალო, ცათა სწორო, დიდება თქვენდა, ღვთის ნაბადებნო, ღვთისშვილნო. თქვენია ძალი და დიდება, ლაღო ლაშარისჯვარო, დიდებულო თამარ მეფეო, დალოცვილო (ხატის სახელს იტყოდა) თემისა და ხალხის ბატონპატრონო, თქვენ დასწერეთ ჯვარი დღეს თქვენს კარზე შემომატებულს თქვენ გორის მლოცავს (ბავშვის სახელს იტყოდა), გაზარდე და მოუმართე ხელი. თქვენთვის წესი და რიგი არ დაუკლია, ნურც თქვენ დააკლებთ თქვენს წყალობასა, მიიღეთ მორთმეული მსხვერპლი და ულუფა ღირსეულად, ხსნილადა, კურთხეულადა” (ბოძაშვილი 1988:73).
ლევან ბოძაშვილი ხოშარის თემიდან იყო და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ თემში ჩაიწერა ლოცვა. ფშავის მეორე თემშიგოგოლაურთაში კი ცოტა განსხვავებულ ტექსტს იტყოდა ხევისბერი: “დიდებულო მთავარმოწამეო, ყმა ყმაზე შეგმატებია, ძალა ძალაზედამც შეგემატება, სახელი სახელზედა, სამართალ სამართალზედა. იყმე და იმსახურე, ჯვარი დასწერე, დალოცვილო” (ხევისბერი გენჯელა გოგოლაური, ჩამწერი ტრისტან მახაური).
ფშავის ხატში ბავშვის გაყვანა ათენგენობას, სათემო ხატის დღესასწაულზე, ხდებოდა. ასევე იყო ხევსურეთშიც. გამონაკლისს წარმოადგენდა არხოტის თემი, სადაც ბავშვების ჯვარში გასაყვანად სპეციალური დღეობა – “საწულეობაიცოდნენ. ამ დღესასწაულს შობის მეორე დღეს იხდიდნენ. დეტალურად არ შევუდგებით ამ დღესასწაულის აღწერას, დავიმოწმებთ მხოლოდ ძირითად მომენტს ალექსი ოჩიაურის ჩანაწერიდან: “ბავშვები ვისაც უჭირავთ, ისინი ხუცესთან ახლო დგანან, ხოლო ვის საკლავსაც შეუსახელებს და დაკლავს, ბავშვს ის კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს. ხუცესი ბავშვს შუბლზე და გულზე სისხლს წაუსვამს. შემდეგ ვისაც უჭირავს, იმას გამოართმევს და წაიყვანს, სადაც კოშკი დგას, ზარიც იქ არის და დროშაც ახლოა. ეს ადგილი წმიდათაწმიდად ითვლება და გარდა ხუცესისა და ხელოსნისა, იქ ვერავინ მივა. მიიყვანს ბავშვს, ხუცესი დასწერს პირჯვარს, შეაგორებს ბავშვს კოშკისკენ და იტყვის: “დიდო მიქიელ მთავარანგელოზო, შენდ მაუბარებავ ახალ წული (სახელს იტყვის), შაიხვეწენი, დალოცვილო. მიიბარე, გაზარდე, შენთ სახელიანთ ყმათაში გაური, გაზარდე, კაის ბედის კაც გამაიყვანე, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს. მაგის დედმამათ მონდავი სხო მიეცი. წულითა საწულით შაიხვეწნიდი კიდევ”. ასეთივე წესით გაიმეორებს სხვა საკლავის დაკვლას და ბავშვის შეგორებას” (ოჩიაური 1988:67).
ფშაველი ხევისბერი ხატში გასაყვან ბავშვს საკლავის სისხლით ჯვრებს დაუსვამს შუბლსა და ნიკაპზე (არხოტში, როგორც ვნახეთ, შუბლსა და გულზე).
ამ ეპიზოდების შედარებით უკვე გამოიკვეთა შესრულების წესის ტიპოლოგიური მსგავსება და განსხვავებაც.
ალექსი ოჩიაურის დაკვირვებით, წმიდათაწმიდა ადგილში, ანუ კვრივში, გარდა ხუცესისა და ხელოსნისა, ვერავინ შევა. ისინი არიან ხელდასხმულნი პირნი. მათ გარდა არათუ კვრივში შესვლა, რიტუალის შესრულება და სარიტუალო ტექსტის წარმოთქმაც არავის შეუძლია. ხელდასხმას ფშავხევსურეთშიხელმხარის ნათვლაეწოდება და ზოგ სალოცავში იგი ცხრა, ზოგან თორმეტი საკლავის შეწირვით გამოიხატება. ხელმხარუნათლავს არ შეუძლია დღეობას გაუძღვეს, სანთელი აუნთოს, საკლავი დაუკლას ან ქადასეფისკვერი გაუსეროს მეხვეწურს. ვინც ამ წესს დაარღვევს, ჯვარი სასტიკად დასჯის მას.
ჩვენი ეთნოგრაფების ნაკლად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ დღემდე არ მოგვეპოვება ხევისბრად დადგომისათვის თავხევისბრის მიერ ხელმხარის ნათვლის დროს წარმოთქმული ტექსტის ჩანაწერი. ეს საიდუმლო რიტუალია და, ალბათ, თავხევისბრები ერიდებოდნენ მის სახალხოდ გაქვეყნებას.
1998 წელს გამოცემულჯვარხატთა სადიდებლებისმიხედვით შევადგინეთ ტექსტების კლასიფიკაციის ცხრილი და გაირკვა, რომ ჯვარში წარმოსათქმელი ორმოცდაორი სახის ტექსტი არსებობს. მაშასადამე, ამდენივე რიტუალია შესასრულებელი, მაგრამ ყველა ერთ დღესასწაულზე, ერთ სალოცავში არ შეიძლება შესრულდეს. გააჩნია გარემოებას. ერთსა და იმავე დღეობაზე არ ხდებოდა ჯვარში ყმის მიბარება და უღირსი წევრის დარისხება ან თემიდან მოკვეთა. ამ წესებს თავთავისი ადგილი და დრო ჰქონდა, თუმცა რიტუალების საკმაო მრავალფეროვნება იყო ერთ დღეობაში, რაც კიდევ უფრო აცხოველებდა მათი შესწავლის ინტერესს.
რიტუალების დროს წარმოსათქმელი ტექსტი კანონიკური შესრულებისა იყო და რამდენი ტექსტის ცოდნა ევალებოდა ხუცესს ან ხევისბერს. მას არ უნდა შეშლოდა მცირედიც კი, თორემ სალოცავი და ყმები არ აპატიებდნენ. ამიტომ მიმართავდა ხევისბერი ჯვარს: “მაპატიე, თუ რამე კარგად ვერა ვთქვი ჩემის უენპირობით, ჩემის ხორცივლობით, უტობაუმეცრებითო”.
ისიც საგულისხმოა, რომ საკულტო ტექსტებს ხუცესხევისბრები სიზმარში სწავლობდნენ წინამორბედი კულტმსახურებისაგან. ასე ჩააგონებდათ მათ უფალი.
საკულტო ტექსტებში ერთიანდებასახელისდებადანაქადაგრები”. “სახელისდებანისრულდება ძირითადად სახლში. “სახელისდებაარის მიცვალებულის სახელზე გაშლილი სუფრის კურთხევის დროს წარმოსათქმელი ტექსტი. ეს ტექსტი ჯვარხატებში წარმოსათქმელი ტექსტებისაგან შინაარსითაც განსხვავდება და შესრულების წესითაც.. ხუცობის ტექსტებსა და სადიდებლებს მხოლოდ სუცესხევისბრები წარმოთქვამენ, “სახელისდებაკი შეუძლია შეასრულოს ნებისმიერმა ხნიერმა ადამიანმა, განურჩევლად სქესისა, რომელმაც ზეპირად იცის სახელისდების ტექსტი და რიტუალი. სახელისდებანი მყარი ტექსტებია, მათში გარემოებისდა მიხედვით იცვლება მხოლოდ მიცვალებულის სახელი.
სახელისდებანშიშედის მიცვალებულისთვის ცხენის დაკურთხების ტექსტიც, ხოლო მიცვალებულის ცხენს შეიძლება დაუკურთხონ მარილი და თივაქერი. ამ რიტუალსაც შესაბამისი ტექსტი ახლავს.
მიცვალებულის სახელზე გაშლილი სუფრის კურთხევისას წარმოითქმისსულის ხუცობისტექსტიც. მას სულის ხუცესი ასრულებს. სულის ხუცესს ჯვარი არ ირჩევს და შეუძლია ეს მოვალეობა ნებისმიერმა უფროსი ასაკის მამაკაცმა იკისროს, ოღონდ მან კარგად უნდა იცოდეს ეს რიტუალი.
სახელისდებისტექსტი სრულდება ჯვარხატებშიც, სადაც მთავრი კულტმსახურნი გარდაცვლილ ხუცესხევისბრებს მოიხსენიებენ.
ნაქადაგრები რელიგიური რიტუალების დროს სრულდება, მაგრამ მათ იმპროვიზებული ხასიათი აქვთ. ქადაგი ღვთის კარნახით წარმოთქვამს სიტყვებს, იგია ტექსტის ავტორი და შემსრულებელი.
ნაქადაგრებს აქვთ ტრადიციული დასაწყისი და დასასრული, თუმცა ყოველი ტექსტი გარკვეულ სიახლეს შეიცავს და იგი აღარსად მეორდება, რადგან მას ერთი ავტორი ჰყავსღვთის პირით მოლაპარაკე კაცი.
ტრადიციულ დასაწყისში საკუთარ თავს აცხადებს ჯვარი და ყმებს ერთგვარად აფრთხილებს კიდეც: ) “ჰაი, ჰაი, მე ორ მთავარანგელოზი, მე მაქვ ძალიდშაძლებაი”; ) “ჰაუ, ჰაუ, ჰაუ! მე ორ პირქუში”; ) “მე ორ ჯაჭველი ჯაჭვიანიო”.
ზოგი ნაქადაგარი პირდაპირ მუქარით იწყება: “გამიმთხილდით, ყმანო”!
დასაწყისში ქადაგი ჯვარის მიერ საყმოს ყურადღებას ითხოვს: “ჰაააიო, ჰაააიო, ხორციელნოო, მკლავი მკლავს გამისწორეთო, კისერი კისერსაო”.
ნაქადაგრების დასასრული ჩვეულებრივ სამუქაროა ან გასამხნევებელი.
სამუქარო: ) “ჰაუ, ჰაუ, ჰაუ! ჩემს ურჩსა, უწამებელს ჩემი ცხრაფესვიანი მათრახით მიწასთან გავასწორებ”; ) “დაიცადეთო, შეგანანებთო თქვენს უტობაუმეცრებასაო”.
გასამხნევებლი დასასრული: “ნუ გეშინისთ, იმედიანად იყვენით”.
ჯვარი ქადაგს აძახებინებს მაგანძურად დაყენების ამბავსაც: “ჩამიბარებავ ჩემ თეთრეულნი, ჩემ განძეულნი ტარიელ გიგიაის ძისად”.
ამ პასაჟით ცხადი ხდება, რომ ჯვრის მიერ დასმული ქადაგი არის საყმოში ახალი წესის დამდგენელი, რიტუალის შემსრულებელი და განმსაზღვრელიც: ის იძახებს, რამდენი დროშა უნდა გამოაბრძანონ (“სამი ააბით დროშაი, სამი შააბით ზარიო”), ვინ უნდა ჯვარს ხევისბრად, მაგანძურად, სად უნდა დაიკლას საკლავი და . .
ნაქადაგარი ძირითადად იმპროვიზაციული ხასიათისაა და გარემოების შესაბამისად იქმნება. კანონიკური შესრულებისაა მხოლოდდამხოლოდ სამძიმრის ნაქადაგარი, რომელსაც ვარიანტები მოეპოვება შატილში, კისტანში, გიორწმიდაში, ღულში, ქობულოში, გველეთში, ხადუსა და არხოტის თემში.

გამოყენებული ლიტერატურა

1.            ბოძაშვილი 1988:           ლევან ბოძაშვილი, ფშავი და ფშავლები, გამომცემლობასაბჭოთა საქართველო”, თბ., 1988.
2.            კიკნაძე 2008:    ზურაბ კიკნაძე, ლექციების კურსი მითოლოგიაში, ხელნაწერი, თბ., 2008
3.            ოჩიაური 1988:                ალექსი ოჩიაური, ქართული ხალხური დღეობების კალენდარი (ხევსურეთი, არხოტის თემი), გამომცემლობამეცნიერება”, თბ., 1988.
4.            სადიდებლები:              ჯვარხატთა სადიდებლები, კრებული შეადგინეს, წინასიტყვაობა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთეს ზურაბ კიკნაძემ, ხვთისო მამისიმედიშვილმა და ტრისტან მახაურმა, გამომცემლობანეკერი”, თბ., 1998.

No comments:

Post a Comment