Tuesday, June 19, 2012

ხალხური ეპოსის გმირი


ხალხური ეპოსის გმირი

ზეპირსიტყვიერების მკვლევართაგან არავინ მოელოდა, თუ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კვლავ გამოვლინდებოდა ქართული ხალხური ეპიკური ნაწარმოები. უკანასკნელ ეპიკურ ძეგლადარსენასლექსი მიიჩნეოდა.
და აი, მკითხველის წინაშეა გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი  ესაა მეოცე საუკუნეში ტყეში გასული ერთი ყაჩაღის მიერ ნათქვამი და აგრეთვე მის შესახებ არსებული ლექსები, რომლებიც თითქმის სამოცი წლის მანძილზე გადიოდნენ ფოლკლორიზაციის პროცესს. ეს ლექსები მოიძია და ერთიან სიუჟეტურ ქარგაზე აასხა მიხეილ ღანიშაშვილმა. ლექსები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით. ყოველი პოეტური ნიმუში რაღაც ტრაგიკული ამბის ანარეკლია და ეს ამბები ლოგიკური თანმიმდევრობით მიჰყვებიან ერთმანეთს. გარდა ამისა, ეპიკური ტექსტი შევსებულია სხვადასხვა ვარიანტთა შეჯერებით.
გამოცემის მეცნიერულ ღირებულებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ლიტერატურულად დამუშავებული ტექსტის ბოლოს დაბეჭდილია ვარიანტები და ყველგან მითითებულია წყარო. დასახელებულია მთქმელი, ჩამწერი, ჩაწერის ადგილი და სხვა, რაც უფრო მეტ სანდოობას ანიჭებს ჩაწერილ ტექსტებს. აგრეთვე ტექსტს თან ახლავს საკუთარ და გეოგრაფიულ სახელთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი.
ვინ არის გოგია ჭიჭოშვილი?
ამის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი აზრები არსებობს.
ზოგს მიაჩნია, თითქოს ის იყოს ჩვეულებრივი ყაჩაღი, ზოგი კი ამტკიცებს, რომ გოგია საბჭოთა ხელისუფლებასთან მსოფლმხედველობრივად მკვეთრად დაპირისპირებული პიროვნებაა.
კომუნისტურ ოფიციალურ პრესაში გოგიას სახელს ტაბუ ედო, ხალხი კი მის ლექსებს მღეროდა და თაობიდან თაობას გადასცემდა.
გოგია ჭიჭოშვილი გაბედულად ახსენა ედიშერ გიორგაძემ 1989 წელს თვითგამოცემით კრებულშილექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა“.
გოგიას სახელს ტაბუ აეხსნა პოსტსაბჭოთა გამოცემებში. მისმა სახემ გაიელვა მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ პუბლიცისტურ წერილებში.
2002 წელს შპს გამომცემლობასამშობლოსსტამბაში დაიბეჭდა ფრუშკა მოსახლიშვილის დოკუმენტური მოთხრობაეპიზოდები ყაჩაღების ცხოვრებიდან“. რადგანაც ეს მხატვრული ნაწარმოებია, ობიექტური, მიუკერძოებელი მკვლევარი მას ვერ დაეყრდნობა. მართალია, წიგნის ავტორი წინასიტყვაობაში წერს, რომ გოგიას ყოფილი თანამებრძოლებისალექსი ჯიმშიტაშვილისა და პავლე დულუზაურის მონათხრობის მიხედვით წერდა, მაგრამ თხზულებაში არაა გამოკვეთილი, რომელი ეპიზოდი უამბო კონკრეტულმა მთხრობელმა, რომელი დაუმატა თვით ავტორმა, ან სად მოხდა ესა თუ ის ამბავი.
ამ ვრცელი მოთხრობის მიხედვით, რომელიც წიგნის 119 გვერდს მოიცავს, გოგია წარმოგვიდგება ჩვეულებრივ ყაჩაღად, რომელმაც საბჭოთა კავშირგერმანიის ომის დროს საბჭოთა ჯარში წასვლას თავი აარიდა და დეზერტირობის პერიოდში დანაშაულს დანაშაული მიუმატა. გოგია ფიქრობდა, რომ ხსენებულ ომში გერმანია გაიმარჯვებდა და ტყეში გასული ბიჭების ცხოვრება მშვიდ კალაპოტში ჩადგებოდა. ავტორი გარკვევით არაფერს წერს გოგიას პოეტურ ნიჭზე, მის იდეურ დაპირისპირებაზე კომუნისტებთან, რაც სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენდა ჭიჭოშვილის სახეს.
გოგიას ლექსებში იკითხება მისი სულიერი ბიოგრაფია, დაუდგრომელი ხასიათი და მშფოთვარე ცხოვრება:
მე ჭიჭოშვილი არა ვარ,
შვილი ვარ მყინვარებისა,
გადმოვყევ ღრუბლის ქარავანს,
როგორც გრიგალი ზღვებისა.“
გოგიას გაყაჩაღების მიზეზს შემდეგნაირად ხსნიდნენ (ასეა მოთხრობილი ფრუშკა მოსახლიშვილის წიგნშიც): მან და პავლე თუშიშვილმა გაითამაშეს ქალის მოტაცების სცენა, მოტაცებულმა ქალმა უარი განაცხადა, ცოლად გაჰყოლოდა პავლეს და გოგია და პავლეც იძულებულნი გახდნენ, დამალვოდნენ მილიციას და ტყეში გასულიყვნენ. ამგვარი ხერხით დამალულები პოლიტიკურ დამნაშავეებად აღარ ჩაითვლებოდნენ და სასჯელიც მათ მიმართ მკაცრი არ იქნებოდა. მაგრამ გოგია საკუთარ ლექსში უფრო მეტს გვეუბნება. იგი მარტო საბჭოთა ჯარში წასვლას კი არ არიდებს თავს, საერთოდ, კომუნისტური წყობილების იდეურ მოწინააღმდეგედ გვევლინება:
ორმოცდაერთ წელს დაგვეცა
გერმანიაის ჯარია,
პარტიის საწინაღმდეგოდ 
ტყეს შევაფარე თავია.“
ტყეში ყოფნის დროს დაწერილ ლექსებში გოგია მძაფრად აშიშვლებს კომუნისტ ჯალათთა გაუგონარ სისასტიკეს:
ცოფს ყრიან კომუნისტები,
სისხლით ვეღარა ძღებიან,
მიწაზე ხალხი გაწყვიტეს,
ცაში ღმერთს ემუქრებიან.“
კომუნისტები ჯერ თავიანთ მომხრე, უდანაშაულო ხალხს ხვრეტდნენ და წარმოიდგინეთ, რას უზამდნენ იდეურ მოწინააღმდეგეებს! მათ დაუნდობლობას და ბოროტების აღზევებას გამოხატავს გოგიას სიტყვები:
სისხლი, სისხლი და სიავე!“ –
დრო არის აჩქარებისა!“
გოგია ჭიჭოშვილი ალალ და პატიოსან ხალხს არას ერჩოდა. ის თითქოს არსენას ჰგავდა, მაგრამ არ ყოფილა არსენასავითკეთილშობილი ყაჩაღი“. მასკაცის ცოდვაც ედო“, რაც გამოწვეული იყო კომუნისტებისაგან გამუდმებული დევნითა და განადგურების მცდელობით. გოგია ფიზიკურად უსწორდებოდა კომუნისტური ხელისუფლების თავგამოდებულ დამცველებს და მათ აგენტებს. შინსახკომი ათასნაირი ხერხით ცდილობდა გოგიას ცოცხლად ჩაგდებას ხელში, მაგრამ ვერ ახერხებდა. განსაკუთრებულ ერთგულებას უწევდა ბიძაშვილი თომა, რომელიც ხალხის თვალში ულმობლად მოჩანდა.
ერთხელ ფშავის სოფელ ახადში ხანდაზმული ალექსი გორელაშვილი გაუჯავრდა თომას: უმიზეზოდ რატომ ხოცავ ადამიანებსო.
თომამ თურმე იქვე მდგარი ხისკენ მიუთითა და უთხრა:
                ბიძავ, იმ ხეზე რომ ჩიტი ზის, ხომ ხედავ?
                ვერა!  უპასუხა ალექსიმ, რადგანაც იმ დროს ის უკვე თვალში სინათლეწართმეული იყო.
                ხმა ხომ გესმის?
                კი.
 ბიძავ, ის ჩიტი თავისი გალობით ბუნებას ატკბობს და ახარებს. ამიტომ მისი მოკვლა დიდი ცოდვა იქნება. შპიონი კაცი კი თავისი ბოროტი ენით ქვეყანას ამწარებს. შპიონი უნდა მოკვდეს!  დაამთავრა თომამ და ნერვიულად შეათამაშა გამხმარი ხელი.
ალექსიმ ხმა ვეღარ ამოიღო.
ეს ეპიზოდი საკმაოდ ბევრს გვეუბნება ტყის ძმების ცხოვრებასა და მათი პოზიციის შესახებ.
გოგია ჭიჭოშვილი სწორედ თავისმა ეპოქამ შვა, როგორც შურისმაძიებელი, მაგრამ რას გახდებოდა კბილებამდე შეიარაღებული კომუნისტების წინააღმდეგ?!
მისი შემოქმედების ხალხურ ეპოსად ჩამოყალიბებაც ეპოქის ტკივილებმა განაპირობა.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ პატარა ბროშურის გამოცემის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება მკითხველთა ინტერესი, კვლავ შეგროვდება ახალი მასალა მომავალი, უფრო შევსებული გამოცემისთვის.

6. 10. 2011 .

No comments:

Post a Comment