“წარმართული დანაშრევები” აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო ტექსტებში
პრობლემის შესწავლისას პირველ რიგში უნდა დაისვას კითხვა – რა არის “წარმართობა”? ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება თუ არა ქრისტიანობამდელი, ვთქვათ, ბერძნულრომაული წარმართობის მსგავსი, რელიგია ან ამ რელიგიის ფესვებმა როგორ მოაღწია ჩვენს დრომდე შემორჩენილ საკულტო ტექსტებში, რომლებსაც ჯვარხატის კარზე დღესაც აღავლენენ კულტმსახურნი?
საკულტო ტექსტები საკმაო რაოდენობითაა ჩაწერილი და გამოვლენილი. მათი შეკრება ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყეს. მნიშვნელოვანი ტექსტები ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს: ილია ჭავჭავაძემ, პეტრე უმიკაშვილმა, ვაჟაფშაველამ, დავით ხიზანიშვილმა, დავით გორელმა, ივანე ბუქურაულმა. დიდძალი მასალა დაგროვდა XX საუკუნეშიც. მათგან აღსანიშნავია აკაკი შანიძის, ვერა ბარდაველიძის, გიორგი ჩიტაიას, სერგი მაკალათიას, გიორგი ბოჭორიძის, ალექსი და თინათინ ოჩიაურების, მელანო ბალიაურისა და ნიკო მაკალათიას ჩანაწერები.
1938 წელს გამოიცა კრებული “მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ნაკვეთი I”, რომელიც მთლიანად დაეთმო აღმოსავლეთ საქართველოს ქართველი მთიელების სასულიერო ტექსტებს. კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო ვერა ბარდაველიძემ. მას შემდეგ საკულტო ტექსტები სხვა ჟანრის ნიმუშებთან ერთად იბეჭდებოდა ფოლკლორულ თუ სამეცნიერო კრებულებში. და აი, 60 წლის შემდეგ, 1998 წელს გამომცემლობა “ნეკერმა” დასტამბა “ჯვარხატთა სადიდებლების” საკმაოდ სოლიდური კრებული, რომელიც შეადგინეს, ლექსიკონი და საძიებლები დაურთეს ზურაბ კიკნაძემ, ხვთისო მამისიმედიშვილმა და ტრისტან მახაურმა.
ასე რომ, უამრავი ტექსტია დაგროვილი, როგორც გამოცემული კრებულების, ისე საარქივო მასალის სახით და მკვლევარს ყველა პირობა აქვს შექმნილი, ნაყოფიერად და ობიექტურად გამოიკვლიოს ეს ტექსტები.
საკულტო ტექსტების სკრუპულოზური შესწავლა ცხადყოფს, რომ “წარმართული ელემენტები” ამ ტექსტებში მეორეული მოვლენაა, რაც კანონიკური ქრისტიანული ღვთისმსახურების უკიდურესი “გახალხურების” შედეგად წარმოიქმნა. ამის მიზეზი კი ისტორიული ბედუკუღმართობის ხანაში მთისა და ბარის გათიშვა იყო, როცა მთაში შესუსტდა საქართველოს ეკლესიის გავლენა და რელიგიური რიტუალების შესრულება ხევისბრების ხელში გადავიდა.
პროფესორი ვერა ბარდაველიძე ჯერ კიდევ სამოცდაათი წლის წინ აღნიშნავდა: “ხევსურულ კურთხევათა ტექსტებს აშკარად ატყვია ქრისტიანული რელიგიის ბეჭედი. ისინი უნდა წარმოადგენდნენ დროთა ვითარების გამო ხევსურეთში ზეპირგადმოცემით შერყვნილ ქრისტიანულ ტექსტებს. მათთვის სათანადო დედნის მიკვლევა თუმცაღა ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის” (ბარდაველიძე 1938 : 5). ამ აზრს იზიარებდა აკადემიკოსი აკაკი შანიძეც, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში თვითონ ჩაიწერა ხევსურული “კურთხებაის” ტექსტი. აი, რას წერდა იგი: “კურთხებაში ასახულია ერთმანეთში ქრისტიანული ეკლესიის ლოცვები “სამებისა” (“დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე”), “მამაო ჩვენო” ან სხვ. “მამაო ჩვენო” თითქმის ლექსად არის წარმოდგენილი. “კურთხებაში” სიტყვები საზოგადოდ ისეა დამახინჯებული, რომ ზოგჯერ ძნელია ამოცნობა იმისა, თუ საიდან არის ამოღებული” (შანიძე 1984 : 51).
აკაკი შანიძემ სცადა განემარტა “კურთხებანის” ტექსტში მოცემული ზოგიერთი გაუგებარი სიტყვა, ზოგიც გაასწორა, მაგრამ რადგან ასეთი გაუგებარი სიტყვებითა და ფრაზებით გადატვირთული იყო ტექსტი, მკვლევარმა აქვე დასძინა: “კურთხება, რა თქმა უნდა, საეკლესიო ლოცვებისგანაა წარმომდგარი, მაგრამ მეტად დამახინჯებულია და არეული” (შანიძე 1984 : 52).
“კურთხევანის” საეკლესიო წარმომავლობის შესახებ ყურადღება გაამახვილა ზურაბ კიკნაძემაც და აღნიშნა: “კურთხევანი წარმოადგენს ქრისტიანული სალიტურგიო ტექსტებიდან და წმიდა წერილიდან (სახარებიდან) “ამოჭრილ” ფრაგმენტებს, რომლებიც ერთმანეთს რაიმე შინაარსობრივი კავშირის გარეშე ისე შედუღებიან, რომ ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნიან” (სადიდებლები : 8).
ზურაბ კიკნაძე უფრო ღრმად დააკვირდა კურთხევანის ტექსტის აღნაგობას და შესრულების რიტმთან გარკვეული შინაგანი კავშირი შეამჩნია: “ეს ტექსტები თავისი აღნაგობით, სტილით შელოცვებს გვაგონებენ: “უფალო, აკურთხე სკაი სკანალე, წყალსი ვარდანე ღვინოდ გადასცვალე სამნი მანანი ყარმანი სჭამდეს და იმათ არა შეერგინებოდა ტაბლისაგან და წმინდისაგან...” ქრისტეს ლოცვაც თავისებურად არის გარდაქმნილი: “მამაო ღმერთო ჩვენო, რომენი ხარ ცათაშია, აგრე ხოყანათაშია. მოგვიშვი და მოგვიტევე პური ჩვენი არსობილთა. რაც უფალმა მოგვიტანა, ნუ შეგვიყვან განსაცდელსა...” ისინი მკვეთრად განსხვავდება ხუცობის სხვა ნაწილებისაგან არა მხოლოდ შინაარსით, არამედ წარმოთქმის კილოთიც. წარმოითქმიან ისინი განსაკუთრებული ღიღინით, აჩქარებულ ტემპში, დაახლოებით იმავე კილოზე, რაზედაც ეკლესიაში წმიდა წერილი იკითხება. მთელი ტექსტი თითქოს ერთი წინდადადებაა, დაუნაწევრებელი – წარმოთქმისას პაუზა მხოლოდ სულის მოთქმაა და მას აზრობრივი, ფრაზათა განმაცალკევებელი ფუნქცია არ გააჩნია” (სადიდებლები : 8).
“ხუცობისა” და “კურთხევანის” ლიტურგიკულ საკითხავებთან სიახლოვეზე მიუთითებდა XIX საუკუნის ერთერთი პუბლიკატორი დავით გორელი, რომელიც ხახმატის ჯვარში ჩაწერილ ტექსტს ასეთ საგულისხმო კომენტარს ურთავდა: “დეკანოზმა აკურთხა ლუდი: აიღო ხელში დროშა, შესდგა მაღლობ ადგილზედ, გაიჭიმა წელში, გადიტრიალა ზეცისკენ თვალები და დაიწყო სახარების კილოზედ (ხაზი ჩემია – ტ. მ.) გაჭიანურებული და მოსაწყენი ხმით ლოცვა” (“ივერია”, 1889, #271).
“კურთხევანი” რომ საეკლესიო წარმომავლობისაა, ამის შესახებ აღარ შეიძლება ეჭვი გაჩნდეს. ცნობილ მეცნიერთა და პუბლიკატორთა გამონათქვამებიც უხვად იმიტომ მოვიტანეთ, რომ გვეჩვენებინა, თუ როგორი სერიოზული დაკვირვება და კვლევაძიება მიმდინარეობდა აღნიშნული კუთხით.
ჯვარხატის კარზე წარმოსათქმელ ტექსტებს ხუცესხევისბრები, დეკანოზები ზეპირგადმოცემით სწავლობდნენ; ისინი სიზმარში იმეორებდნენ ლოცვებს ღვთისშვილის კარნახითა და ჩაგონებით. ზოგიერთ ხევისბერს კი სიზმარში წინამორბედი ხევისბერი ასწავლიდა.
ხუცობის ტექსტის წარმოშობაზე საგულისხმო ვერსიას გვაწვდის ვაჟაფშაველა ეთნოგრაფიულ წერილში “ხევსურული ქორწილი”. ვაჟას ინფორმატორი – ღულელი ხევსური ღერენა ქისტაური ყვება: “ხევსურეთში ბოლო დროს ერთი მღვდელი დარჩენილა. მაშინ საქართველო თათრებს სჭერიათ. ორმოცი წელიწადი ამ მღვდელს განუშორებლად ხევსურეთში უცხოვრია და ისე დაბერებულა, რომ წვერი დაბლა მიწაზე უთრევია. ორმოცი წლის განმავლობაში ცოლშვილი არ უნახავს. ბოლოს ამბავი მოუტანიათ იმისთვის: საქართველოში დიდი არევდარევაა, თათრები უწყალოდ ჰხოცვენ ქართველებს, თითონ ქართველებიც მოღალატეობენ, ძმა ძმას არ ინდობს, შვილი მამასაო. ამ ამბის გამგონე, ჯერ სიბერისგან დასუსტებული, ჭკუიდამ შეცვლილა, წირვალოცვაც არევით უსრულებია და ხევისბერთათვის არევით გადმოუცია ჟამის წირვაო” (ვაჟა 1964 : 91).
ვაჟაფშაველამ გააანალიზა ღერენა ქისტაურისაგან ჩაწერილი ჯვრისწერის დროს წარმოსათქმელი ტექსტი და აღნიშნა: “ჯვრის წერის დიდება ანუ ლოცვა არის “ჟამის წირვა”. ეს ჟამის წირვა ღირსსაცოდნელია, თუმცა არევდარეულია, ძნელად გასაგები და თვით ხევისბრისთვისაც გაუგებარი, – ღირსსაცოდნელია იმ მხრით, რომ იგი აშკარად გვიჩვენებს, თუ რა მკვიდრად ჰქონია ხევსურეთში ქრისტიანობას ფესვები გადგმული. ჟამის წირვა შედგება ჟამნიდან, სახარებიდან, ქრისტიანული ლოცვებიდან ამონაგლეჯ ალაგებისაგან, რომელიც თავისებურის ჩამატებულის სიტყვებით არის გაბლანდული” (ვაჟა 1964 : 91).
სწორედ ეს “თავისებურის ჩამატებულის სიტყვებით გაბლანდული” ნაზავი წარმოადგენს “წარმართულ დანაშრევს”. ხევისბერი ხატის ყმებთან არასოდეს იტყვის, რომ ჟამის წირვა “არევდარეულია, გაუგებარი”. პირიქით, მას მიაჩნია, რომ ეს ლოცვა სწორია, ღვთით ბოძებული და შესაბამისი რიტუალის შესრულებისას ამ ტექსტს წარმოთქვამს, როგორც უცთომელ ჭეშმარიტებას, ზეგარდმო მადლით გადმოცემულ ღვთის სიტყვას.
ვაჟაფშაველამ დაკვირვებული მკვლევრის თვალით შეხედა მისი ინფორმატორის მიერ წარმოთქმულ ტექსტს და იოლად შეამჩნია ქრისტიანული საღვთისმსახურო ტექსტებიდან გადახვევა.
კვლევაძიება ცხადყოფს, რომ ხევსურის რელიგიური მრწამსის საფუძველი ქრისტიანულია, მაგრამ წარმართულია მისი თავისებური დამოკიდებულება ეკლესიის, როგორც ღვთის სახლის, მიმართ. მოვუსმინოთ ისევ ვაჟაფშაველას: “ამ ლოცვას ხევისბერი ან გარეთ, ან სახლში იტყვის და არა ეკლესიაში, რომელიც ჭირივით ეჯავრება, თუმცა “ჟამის წირვაში” ეკლესიასაც იხსენიებს” (ვაჟა 1964 : 92).
ხევსურის ეკლესიასთან დამოკიდებულების საკითხი ლევან გოთუასაც აღუნიშნავს. ერთერთი მოგზაურობის დროს არხოტივნებს მთამსვლელების ჯგუფი ჯვრის ახლოს არ გაუტარებიათ – წმინდა ადგილიაო, ხოლო ღამის გასათევად ეკლესიის შენობაში მოუთავსებიათ. ამ ფაქტის გამო გაკვირვებული მწერალი ამბობს: აი, ხევსურის წარმართული ქრისტიანობაო (იხ. ლევან გოთუას მოგზაურობის ჩანაწერები).
“კურთხევანის” ტექსტებში თვალნათლივ ჩანს ქრისტიანული და წარმართული პლასტები. ქრისტიანულია სუბსტრატი, ხოლო წარმართული – გვიანდელი დანალექი. “კურთხევანის” ქრისტიანულ ხასიათზე თითქმის ყველა მკვლევარი ერთხმად მიუთითებს; მაგრამ სადავოა ხუცობის სხვა ნაწილები: “მოხსენება” და “პირისქარი”. ამ უკანასკნელ სიტყვას შემდეგნაირად განმარტავს მკვლევარი დავით Yგოგოჭური: “პირისქარი – ხევსურული ხუცობის ნაწილი, შესავალი, კურთხევის დაწყებამდე სათქმელი, რომელშიც გადმოცემულია მორიგე ღმერთისა და ღვთიშვილთა დიდება. პირისქარი უფრო მეტად ატარებს ხალხურიმპროვიზაციულ ნიშნებს და შეიცავს წარმართული სარწმუნოების ელემენტებს, ვიდრე ხუცობის მეორე ნაწილი – კურთხევა. პირისქარი კურთხევასთან შედარებით უფრო ნელი ტემპითა და განსხვავებული ინტონაციით სრულდება” (ქართული ფოლკლორი V : 64).
ამ განმარტებას მხოლოდ ერთ პუნქტში ვერ დავეთანხმებით: პირისქარი შეიცავს წარმართული სარწმუნოების ელემენტებსო. წარმართულ სარწმუნოებაში მკვლევარი გულისხმობს წინაქრისტიანულ რელიგიურ დოგმებს, ისტორიულ წარმართობას, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სასულიერო ტექსტებში ვერ დავადასტურებთ. სულ სხვა არის ქრისტიანობის შემდგომ გაწარმართების ტენდენცია, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.
აქამდე განვიხილავდით “კურთხევანის” ტექსტებს. ახლა განვიხილოთ “პირისქარი”, დავაკვირდეთ მის სტრუქტურულ აღნაგობას და შევადაროთ იგი საეკლესიო ლოცვებს.
საეკლესიო ღვთისმსახურების თანახმად, დილის ლოცვა შემდეგი სიტყვებით იწყება:
“დიდებაÁ შენდა, ღმერთო, დიდებაÁ შენდა”.
ანალოგიურად იწყება პირისქარის ტექსტიც:
ა) “დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დღეს დღესინდელსა, რჯულს ქრისტიანთასა” (სადიდებლები: 21).
ბ) ააადიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს დღესინდელს, ძალს ღვთისას...” (სადიდებლები: 33).
ახლა შევადაროთ ფშაველი ხევისბრის “დიდება”:
ა) “ღმერთო, დიდების მეტი და მადლობის მეტი შენ არა მოგეხსენების” (ვაჟა 1964 : 2930).
ბ) “ღმერთო, დიდება სახელსა შენსა, მამაო უფალო, მაღლა ცა – რვალის დამდგმელო, ძეო ღვთისაო, დედამიწის დამაარსებელო” (თსუფა #1257).
გ) “დიდებითა და გამარჯვებით Ãსენება თქვენ სახელსა!” (სადიდებლები : 107).
როგორც ვხედავთ, ფშაველი ხევისბერი მეტ თავისუფლებას იჩენს ტექსტის წარმოთქმის დროს. ფშავისხევის ყველა თემს ჰყავს თავისი მფარველი ჯვარი (წმინდანი), რომლის ხსენება შემდეგი სიტყვებით იწყება: “შენამც იდიდები...”
ღმერთის დიდებით იწყება მთიულური და გუდამაყრული სასულიერო ტექსტებიც. კანონიკური დასაწყისის შემდეგ ამა თუ იმ თემის მფარველი ღვთისშვილი ანუ ჯვარი მოიხსენიება შესაბამისი ეპითეტებით და ამ ეპითეტებზე ცოტა მოგვიანებით შევჩერდები.
ახლა დავაკვირდეთ თხოვნავედრების ფორმულებს საეკლესიო ლოცვებსა და ხუცესხევისბრების მიერ წარმოსათქმელ სალოცავსავედრებლებში.
კანონიკური საეკლესიო ლოცვის ტექსტიდან:
“მეუფეო, შეგÂნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათ¢ს”.
გახალხურებული:
ა) “ღმერთო ძლიერო, წმინდაო სამებაო, გვაცხოვნე და გვაკურთხე, ურჯულოებანი ჩვენი, განკურნე ურჯულოება” (სადიდებლები : 54).
ბ) “ურჯულოება არს ჩვენი, ევედრია სული ჩვენი ჩვენ ღმერთსა, ჩვენ მამასა მოწყალესა” (სადიდებლები : 78).
უკიდურესად გახალხურებული:
ა) “ავანტყოფი თუ ვინმე ჰყვანდეს სნეულობითა, თქვენი წამალსაწამლევი გადაულოცეთ, ჯანმრთელობისთვის და კარგაყოფნისთვისა” (სადიდებლები : 120).
ბ) “უშველე და უმეშველე, დიდებულგამარჯვებულო, განკურნე სევდასნეულობისაგანა” (სადიდებლები : 107).
კიდევ დავიმოწმოთ ნაწყვეტი საეკლესიო ლოცვიდან, სადაც ცოდვების მიტევებაზეა ნათქვამი და ვნახოთ, როგორი ვარიანტები შეიძინა ხალხურ სარიტუალო პრაქტიკაში:
საეკლესიო:
“უფალო, გÂÃსენ და გÂლხინე ცოდვათა ჩვენთაგან”.
ხალხური:
ა) “მლხენელი, მხოიშნებელიც იქნები, აგრემც გაგემარჯვების” (სადიდებლები : 15).
ბ) “მლხენელი, მხოიშნელი, მეშველი, მწყალობელი იყავ, ძალო ხვთისაო, მადლო სამწირველოსაო” (სადიდებლები : 16).
გ) “ბედისად’ ბოლოსა ყურთამსმენელი, მლხენელი, მხოიშნებელიმც იქნები” (სადიდებლები : 194).
ხევსურულის შემდეგ დავიმოწმოთ ფშაური ტექსტებიც:
ა) “სნეული ვინმე შამოგეხვეწოსთ, სნეულს ულხინეთ, მაურჩინეთ” (სადიდებლები : 103).
ბ) “მიე ნუგეში, ძალი ჭირთ დათმენისა და ყველაზედ წინ წააყენე” (სადიდებლები : 105).
ფშაველი ხევისბერი აქაც უფრო მეტ თავისუფლებას იჩენს და მისი ნათქვამი მნიშვნელოვნად სცილდება პირველწყაროს.
მაშასადამე, “წარმართულ დანაშრევად” აქაც უნდა მივიჩნიოთ კანონიკური ქრისტიანული ლოცვებიდან მნიშვნელოვანი გადახვევა, ტექსტების უკიდურესი გახალხურება და ზოგჯერ სხვაგვარი ინტერპრეტაციის მიცემა.
ქრისტიანულ საეკლესიო ლოცვებში მთავარი ყურადღება სულიერ მხარეზეა გადატანილი, უზენაესისადმი ვედრებაც სულის ხსნისადმია მიმართული, ხევსურულ სახუცო ტექსტებში კი მატერიალური კეთილდღეობისადმი თხოვნა თუ მოთხოვნა ჭარბობს ზოგჯერ: “გულის ნაგონარ გაუცხადიდით, ზამთრობა მშვიდობით გადააყრივიდით. გაზაფხულ, სთველ მშვიდობისა ჩამაუყენიდით, წელბედნიერ გამაუცვალიდით, კაცსაკაცრივლობას მაღმატიდით. მაგათ ყუდროჩი ღონესა, ქონეს მაუმატიდით. წულსა, წულის აკავანს მაუმატიდით” (სადიდებლები:33).
“წმიდაო გიორგი, კეთილი წყალობა გადაულოცე შენ მხვეწნელსა, მლოცავსა. მლოცავისაგან შემოწირული საკლავი, სანთელი, შენაზღვენი ღირსად აიღე ღირსეულადა, ხსნილადა, კურთხეულადა, ბარაქა მიეც იმის ნახნავნათესსა, ჯვარი დაუწერე კაცსა, საქონსა, ნაყოლსა, ნაქონსა, აცოცხლე, ადღეგრძელე, ერთი ათასად გაუÃადე” (სადიდებლები : 116).
მატერიალური მოთხოვნილებანი არც ისე ცოტაა საკულტო ზეპირისტყვიერებაში, თუმცა უმეტეს ნიმუშებში ნათქვამია: “შანაცოდვარ შაუნდვიდი”, “სნეულს ულხინე”, “მაცილი დააშორე”, “მიწრიელქვეცრიელ დაულაგმნიდი”, “სინანულს თუ გეძახდან, ულხინიდითა”, “თუ რა შაგცოდან ან უღირსლობით, ან უმეცრობით, ან პირის ქარითა, ან ფეÃის ნალითა, ყმა შაუწყენი, ბატონ შაუნდობარ არ იქნების”.
პროფესორი ვერა ბარდაველიძე თუშური “ქორბეღელას” ტექსტში ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას: “ქორბეღელას შინაარსის მეორე ელემენტი (ხთიშვილისადმი მიმართვა პურის მოსავლის, საქონლის და ადამიანთა მატებაზე – ტ. მ.) ქრისტიანობისთვის უჩვეულო სახითაა მოცემული და წარმართულრელიგიურ ტექსტებს უფრო მოგვაგონებს. წმინდანის (ხთიშვილის) წინაშე ლოცვავედრების ნაცვლად მასში ხთიშვილისადმი მოთხოვნილება არის წაყენებული: “თუ გინდა ჩვენგან სავსე კოდები გქონდეს, პურის მოსავალი გვიმატე; თუ შესაწირავი საკლავი გინდა, საქონელი გვიმატე; თუ “მოსახელენი” გინდა, შენი საყმო გაამრავლეო და სხვა” (ბარდაველიძე 1938 : 8).
ასეთი მოთხოვნები ხუცობის ტექსტებში არ არის, მაგრამ მისი პრეცენდენტი უკვე ჩანს, როგორც ზემოთ დამოწმებული მაგალითებიდან ვნახეთ. განსვენებული მეცნიერის დაკვირვება სწორია და ეს არის მართლაც “წარმართული დანაშრევი”.
წარმართული შინაარსისაა “სახელისდებანის” (მიცვალებულის სახელზე გაწყობილი სუფრის კურთხევისას წარმოსათქმელი ტექსტების) ის ადგილები, სადაც ირეკლება ჭირისუფალთა შეხედულება, თითქოს მიცვალებულებს საიქიოშიც ჭირდებათ სუფრა, საჭმელსასმელს თითქოს იქაც მოიხმარებენ: “ალლად და მთავრად მოგახმაროსთ გაშლილი პურსუფრა, ცოტაიმც ბევრად მოგეჩვენებათ, რიოში – წმინდად. წყლითამც პირს ილბობთ, ჩემის უთქმელობითამც ნურა დაგაკლდებათ”, “პურსუფრაზე მატანილ სალაღებელთ Ãელსამც გახკრავთ, უბეკალთასამც გაიხვევთ”.
წარმართულია მკვდრისადმი ცხენის დალოცვა: “ეს ცხენივ შენიმც საÃმარ იქნებავ, შენიმც საფერÃე იქნებავ”.
და რაც ყველაზე საოცარია, ცხენთან ერთად მიცვალებულს ცოლსაც დაუკურთხებენ, ცხენთან ერთად ლოცავენ: “დიაციმცავ შენ საÃმარ იქნებავ, ნაბდიანიმც მაგივავ, ლაგამავშარაიანივ (ცხენი), ნალლურსმანიანივ, სანთელდაკრულიმც მაგივავ...” (სადიდებლები : 60).
წარმართული წესჩვეულებაა აგრეთვე მიცვალებულისთვის საიქიოში “ჭრილობის საპოხისა” და “სახვიელის” (შესახვევი ჩვრის), ხოლო მისი ცხენისათვის ქერისა და თივის ზვინის დალოცვა. ამგვარი წესები და დალოცვის ტექსტები ქრისტიანული სარწმუნოებისთვის მიუღებელია.
ქრისტიანული წარმომავლობისაა, მაგრამ წარმართულის შთაბეჭდილებას ქმნიან ჯვარხატთა სადიდებლების (“მოხსენებათა”) და სალოცავსავედრებლების ის ნაწილები, რომელთა ადრესატი “ხთიშვილია” – ქრისტიანული წმინდანი ან ანგელოზი, რომელიც ხალხური ეპითეტებისა და ფსევდონიმების სამოსელშია გახვეული და გასაიდუმლოებული.
გამოთქმული მოსაზრების დასტურად უნდა მოვიხმოთ ფშავისხევის ერთერთი თემის – გოგოლაურთის მფარველი წმინდანის მთავარმოწამის სახელზე აღვლენილი ხევისბრის ლოცვის ტექსტი: “შენამც იდიდები, თავარმოწამევ, მასთალას სვეტის ანგელოზო, ხეთანას მოლაიბეო, ჯვართანის გორის მოყარაულეო”. “მთავარმოწამე” წმინდა გიორგის მუდმივი ეპითეტია, მაგრამ მომდევნო ეპითეტების მთელმა წყებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს აქ მოხსენებული “ხთიშვილი” წარმართული ბუნებისა იყოს. ამ აზრის გასაბათილებლად უნდა მოვიყვანოთ ლოცვის ტექსტის ჩამწერის ალექსი ოჩიაურის კომენტარი: “მასთალას სვეტის ანგელოზო (მასთალას სვეტის ანგელოზი ნიშნავს იმას, რომ პირველად ციდან სვეტად ჩამოვიდა მასთალას), ხეთანას მოლაიბეო (ხეთანა აქვე, მასთალასთან ახლოს, მდებარეობს და თურმე აქ მოისვენა ერთ დროს თავარმოწამემ, წამოწვა, წამოილაიბა), ჯვართანის გორის მოყარაულეო (აქ თავარმოწამე ერთ დროს ყარაულობდა...)” (ოჩიაური : 1991 : 18).
ეპითეტებისა და ფსევდონიმების სამოსელშია გახვეული ფშავხევსურეთის, მთიულეთგუდამაყრის, თუშეთისა და ხევის მთელი რიგი სალოცავები. მაგალითად: კოპალა, იახსარი, წყაროსთაველი, კვირია და ა.შ. ეთნოგრაფმა ანდრო ლეკიაშვილმა გაარკვია, რომ “კვირია” მაცხოვრის ეპითეტია (ლეკიაშვილი 1986). ხთიშვილთა ეპითეტებს იკვლევს ზურაბ კიკნაძე (კიკნაძე 1988 და 1996) და ხვთისო მამისიმედიშვილი (1998).
დამოწმებულ მეცნიერთა ნაშრომები და ჩვენს მიერ წარმართული კვლევაძიება გვარწმუნებს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ჯვარხატებში წარმოსათქმელ ტექსტებს ქრისტიანული საფუძველი აქვთ, მაგრამ მათში წარმართული დანაშრევების სამი ძირითადი ფენა გამოიყოფა:
1. ხევსურული “კურთხევანი” წარმოადგენს ქრისტიანული საღვთისმსახურო ტექსტებიდან და წმიდა წერილიდან (სახარებიდან) ამოგლეჯილი ნაწყვეტების ნაზავს. ამ ტექსტებში თვალსაჩინოა ქრისტიანული სუბსტრატისა და მეორეული წარმართული მოვლენის კვალი;
2. ხევსურული ხუცობის ორი დანარჩენი კომპონენტი – “მოხსენება” და “პირისქარი” ასევე ქრისტიანული წარმომავლობისაა და საეკლესიო ლოცვების გახალხურებულ ვარიანტებს წარმოადგენს. ამ პლასტების განცალკევება მხოლოდ კვლევაძიების შედეგადაა შესაძლებელი;
3. “სალოცავსავედრებლებში” და “დიდების” ტექსტებში მთლიანად გასაიდუმლოებულია ქრისტიანული წმინდანი ან ანგელოზი და ფსევდონიმებისა და ეპითეტების მრავალფეროვან სამოსელშია გახვეული. ამ დონეზე უფრო რთულია ქრისტიანული და წარმართული შრეების გარჩევა, მაგრამ არა შეუძლებელი.
“გაწარმართების” ტენდენცია მთიელთა რელიგიურ რიტუალებსა და ზეპირისიტყვიერებაში გამოიწვია საქართველოს ეკლესიის გავლენის შესუსტებამ მთაში, საეკლესიო ღვთისმსახურების მოშლამ და ე.წ. “ხუცესხევისბერთა” ინსტიტუტის ჩამოყალიბებამ.
გამოყენებული ლიტერატურა
ბარდაველიძე 1938: ვერა ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს ქართველი მთიელების სასულიერო ტექსტები, კრებული: “მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის”, ტ. I, თბ., 1938.
ვაჟა 1964: ვაჟაფშაველა, თხზულებანი ათ ტომად, ტ. IX, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, თბ., 1964.
თსუფა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის დეპარტამენტის არქივი.
კიკნაძე 1988: ზურაბ კიკნაძე, “წარმართობა” თუ ქრისტიანობა? ჟურნალი “მნათობი”, #4, 1988.
კიკნაძე 1996: ზურაბ კიკნაძე, ქართული მითოლოგია, ჯვარი და საყმო, ქუთაისი, 1996.
ლეკიაშვილი 1986: ანდრო ლეკიაშვილი, კვირიამაცხოვარი, “მნათობი”, #11, 1986.
მამისიმედიშვილი 1998 : ხვთისო მამისიმედიშვილი, ჯვარხატები საკულტო ტექსტებში, საკანდიდატო დისერტაცია, თბ., 1998.
ოჩიაური 1991 : ალექსი ოჩიაური, ქართული ხალხური დღესასწაულები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი), გამომცემლობა “მეცნიერება”, თბ., 1991.
სადიდებლები: ჯვარხატთა სადიდებლები, კრებული შეადგინეს, წინასიტყვაობა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთეს ზურაბ კიკნაძემ, ხვთისო მამისიმედიშვილმა და ტრისტან მახაურმა, გამოცემლობა “ნეკერი”, თბ., 1998.
ქართული ფოლკლორი V: ქართული ფოლკლორი, ტ. V, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბ., 1975.
შანიძე 1984: აკაკი შანიძე, თხზულებანი, ტ. I, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბ., 1984.
Vestiges of paganism in the cult texts
of eastern Georgia
of eastern Georgia
The first question to answer when studying the problem should be – what is paganism? Does the term mean pre-Christian pagan religion, or how have the roots of this religion survived in the cult texts of our days, which are offered up by ministers of religion at jvaris and khatis?
The scrupulous study of the cult texts makes it clear that ‘pagan elements’ are a secondary phenomenon in the cult texts originated because of the ‘paganization’ of canonical Christian liturgy. The reason for paganization was the isolation of highlands and lowlands of Georgia during the misfortunes of history, when the influence of the church of Georgia was diminished in the mountains and cult rituals were to be performed by khevisberis (rulers of settlements) instead of priests (however, in Khevsureti and Tusheti, Christian names of ministers of religion (priest, archpriest) have survived to our days).
A folk saying describing the origination of cult texts was written down by Vazha-Pshavela whilst in Khevsureti. Vazha’s informer, a Khevsurian Gherena Kistauri, a very old man living in the village of Ghuli says that during the adverse times, the priest, who remained alone in Khevsureti had his mind so much confused that forgot the ritual of praying and entrusted it to the khevisberis. This is an oral tradition, but still contains a grain of truth. The principal point for studies and investigations is cult texts again, having preserved their sacral content to the date.
Professor Vera Bardavelidze, as far back as seventy years ago, noted, ‘The texts of Khevsurian kurtkevani (canonarium) still show the sign of the Christian religion. These must be the Christian texts distorted with oral traditions because of the severe times in our history. Finding their original texts is difficult, but not impossible.’ The same opinion was shared by Academician Akaki Shanidze, who, at the beginning of the last century, wrote down the text of Khevsurian kurtkhevani with his own hand.
Not only kurtkhevani are of a Christian origin, but also the canticles (mokhsenebani), prayers and intercessions of jvaris and khatis, addressed to a khtishvili[1], who is a Christian saint or angel, is adorned with colorful epithets and pseudonyms and cloaked in mystery.
Almost every jvari of Pshav-Khevsureti, Mtiulet-Gudamakari, Khevi and Tusheti are referred to by proper epithets. Every epithet contains a certain narrative (saying). These epithets briefly describe the functional properties of jvar-khati. However, not all narratives about the known epithets have survived. In classical times, these epithets with their mystic and religious content must have been well known for the serfdom[2].
The deviation from the canonical liturgy occurring after the isolation of the highland and lowland led to so called ‘Vestiges of paganism’ in the cult-ritual texts.
Our studies and investigations have revealed three sedimentary layers of ‘paganism’:
(1) a mix of the fragments taken out of the Christian liturgical texts and Holy Writ (Gospel), which are the texts of kurtkhevani and have a sacral meaning in the serfdom’s consciousness. This is an easily detectable layer.
(2) mokhsenebani (solicitations) and piriskari (private talks) originated as a result of highly paganized church prayers, which are a component of khutsoba (clerical text). This second layer can be identified and revealed through the comparative study of the ecclesiastic texts and the folklore; and
(3) a saint of every community (serfdom) is adorned with colourful epithets and pseudonyms. This is a much deeper layer, which is more difficult, yet not impossible to identify.
No comments:
Post a Comment