Tuesday, June 19, 2012

“რამ დამაბერა”


რამ დამაბერა

ფოლკლორული რვეულებისპირველ კრებულში, რომელიც 1991 წელს გამოიცა და იოსებ ბაიაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა, ვახუშტი კოტეტიშვილი მკითხველს აუწყებდა: “მეორე კრებული მთლიანად ივანე წიკლაურის შემოქმედებას მიეძღვნება, რომელიც ასევე განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს თანამედროვე ქართულ ხალხურ პოეზიაში” (ფოლკლორული რვეულები: 18).
სამწუხაროდ, “ფოლკლორული რვეულებისგამოცემა შეწყდა და ხალხური პოეზიის მოყვარულებმა ვეღარ მიიღეს ვახუშტი კოტეტიშვილის დანაპირები კრებული. ჩვენ არ ვიცით, რა სახისა იქნებოდა იგი, თუმცა ვახუშტის წერილებში ცნობილია ავტორის თვალსაზრისი ივანე წიკლაურის შემოქმედებაზე.
ივანე წიკლაურის ლექსების კრებული გამოვიდა 2007 წელს. იგი ივანეს ახლობლებმა შეადგინეს, ხოლო მისი გამოცემა ფინანსურად უზრუნველყო ინჟინერმა გიგლა არაბულმა.
ლექსებთან ერთად წინამდებარე კრებულში დაიბეჭდა ალექსი ჭინჭარაულის, ლევან ბრეგაძის, ვახუშტი კოტეტიშვილის წერილები, ეთერ თათარაიძის მოგონება და იოსებ ბაიაშვილის ლექსი, რომელიც ივანე წიკლაურის ხსოვნას მიეძღვნა.
კრებული ერთობ საინტერესოა. მასში შესული სამოცდაჩვიდმეტი ლექსი (უმეტესობა დიდი მოცულობისაა) გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ივანე წიკლაურის შემოქმედების ხასიათზე. წიგნს უძღვის ავტორის მოსახელისივანე ჯურხას ძე წიკლაურის (ჯურხათ ივანეს) შესავალი წერილი, რომელშიც მოთხრობილია მოლექსის რთული და წინააღმდეგობრივი ცხოვრების შესახებ. გარეკანი გაფორმებულია შატილის ფოტოებით. აქვეა ავტორი ხევსურული პერანგითა და ქამარხანჯლით.
ხევსურულ სამოსზე იმიტომ შევაჩერეთ ყურადღება, რომ ივანე წიკლაური გარეგნული იერსახითა და შინაგანი ბუნებით იყო ტიპიური ხევსური, მამაპაპური ტრადიციების მიმდევარი და ერთგული დამცველი. მისი ეს თვისება (უფრო სწორად, უმთავრესი ღირსება!) ჯერ კიდევ 1975 წელს გამოცემული ხალხური მთქმელებისა და მუშაპოეტების ლექსების კრებულში იყო აღნიშნული: “ბავშვობა და ახალგაზრდობა ხევსურეთში გაატარა. ითვლება ტრადიციებზე კარგად გაზრდილ მთიელად. უყვარს ნადირობა, ცხენოსნობა. მძიმედ განიცდის მთის დატოვებას” (ლექსო, ამოგთქომ: 66).
ივანე საბჭოთა ეპოქაში ცხოვრობდა. 1718 წლის ახალგაზრდაახლებური ცხოვრების ტალღებსაჰყოლია და ანტირელიგიურ აგიტაციაში აქტიურად ჩაბმულა. თუ როგორ ძვირად დაუჯდა ეს გაუთვალისწინებელი ნაბიჯი, როგორ მოინანია და კვლავ როგორ შემობრუნდა მამაპაპური რწმენისაკენ, სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს მისი სეხნიაჯურხათ ივანე:
მან როშკის მთავარანგელოზის სალოცავის უწმინდეს ადგილშიბუღლის კარში ამოსული ასწლოვანი იფნის წმინდა ხე მოჭრა იმის დასამტკიცებლად, რომ არავითარი მთავარანგელოზი არ არსებობდა ... იმ ადგილას სამი იფნის ხე იდგა. როცა ერთი ხე მოჭრა და მეორეზე გადავიდა, ხე ბეღლისაკენ გადაიხარა. მთავარანგელოზის ბეღელი წარმოადგენდა დარბაზული ეკლესიის ტიპის შენობას, რომელიც ორფერდა სახურავით იყო გადახურული ... მოჭრის შემდეგ ეს უზარმაზარი ხე ბეღელს დაეცემოდა და შეიძლებოდა, დაენგრია. როგორც ივანე მოგვიანებით ამბობდა, შეეშინდა და ხეს თავი მიანება. ის ხე მთელი 2025 წლის განმავლობაში, ზეზურად გამხმარი, მის თვალწინ ნელნელა ჩამოიშალა.
ივანე თავის საქციელს ძალიან ნანობდა. მას მცირეწლოვანი შვილებიორი ბიჭი და ერთი გოგოდაეღუპა და დიდი სინანულით იტყოდა ხოლმე: ღმერთმა დამსაჯა და ჩემი წილი შვილები დავკარგე; ვინც დამრჩნენ, ესენი ჩემი მეუღლის წილიაო. მან მთავარანგელოზის სალოცავში თავის ნებით საშთამომავლო ძენგლი (ვალდებულება, მოვალეობა, ადათით დადგენილი განჩინება) დაიდო: წელგამოშვებით, ათენგენობის დღეობის დროს, ლუდს ამზადებდა, სალოცავში მიდიოდა, საკლავს კლავდა, ხავიწიანი ქადები მიჰქონდა, სუფრას შლიდა, სანთელს ანთებდა და მთავარანგელოზს ევედრებოდა, რომ დანაშაული ეპატიებინა. ამ ვალდებულებას ახლა მისი შვილები აგრძელებენ და მათმა შთამომავლობამაც უნდა გაგრძელოს” (რამ დამაბერა: 45).
ივანე ტრადიციების მიმყოლი და ერთგული დამცველი ხდება როგორც თავისი ცხოვრების წესით, ისე მთელი შემოქმედებით. სხვა გზაზე დამდგარ ახალუხებს იგი მამაპაპათა ზნეობრივ მაგალითს შეახსენებს და ასე მოძღვრავს:
სიცოცხლე იმათ უღირდა, რო გვყვანდეს მამპაპანია,
მაშინ სიუფრის მაქმედსა არ ხქონდის გასავალია.
ხელში შაშჭრიან კალთაი, ჯარ იყვის ჩამომსხდარია”.
შენფერს, თემსოფლის შამრცხვენელსა, რად უნდა
ტალავარია?!
ხელთით თას ჩამახყარიან: “აქ სმის ღირს
აღარ ხარია!”.
წარსულის გახსენებით ივანე ახალთაობას ნართაულად მიანიშნებს, რომსიუფრის” (სიცუდის) მოქმედს და უღირსს მამაკაცთა ჯარზე ახლაც არ უნდა მიესვლებოდეს. დროის ცვალებადობასთან ერთად ძველი და ახალი თაობის მკვეთრი შეპირისპირებაა მოცემული ივანეს წინამორბედი მოლექსისარხოტიონი თომა წიკლაურის ლექსში:
ეეწინდელებს ახლებსა ძველები ჯობდეს ცდითაო:
ამაგრებდიან ადგილსა, თოფით იჭერდეს, ხმლითაო,
წევრებს ისვემდეს ხელებსა, ქავჩი სხდებოდეს
ცვლითაო.
ბაკნებით ედგათ წამალი,ძღებოდეს თოფის ხლითაო.
სახელ სჩებოდა ვაჟებსა, ბევრას დაიტევს მიწაო.
ხელჩი ეჭირა თასები, შიგ ლუდი ედგა წმინდაო
(შანიძე, 1931:203).
ივანე წიკლაურის თქმით, “სიცოცხლე იმათ უღირდა”, ვინც ხმლის ქნევაც იცოდა და ხელში ნაჭერი ლუდიანი თასიც უხდებოდა, მაგრამ დროება უარესობისაკენ შეიცვალა. ადათობრივი სამართალი დაიკარგა, რადგან სათავეში მომრავლდნენ ღვთის მგმობი, ეშმაკებთან წილნაყარი ადამიანები და ავისა და კარგის გარჩევა აღარავის შეეძლო:
შაკრეს კუდიანთ კავშირი, აჩხოტ ხქონიყო ყრილობა.
უცოდართ გამცოდნარებამ ქნა მცოდნეთ
გადაყრილობა,
მაღლა ავიდეს ცუდანი, მიერგა კენჭჩაყრილობა ...
ამიტომ წახდა ხალიზი, გულს დაემართა ჭრილობა”.
(რამ დამაბერა :17).
უცოდართ გამცოდნარება და მცოდნეთ გადაყრილობაარ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მოჩვენებითი ყველაფერი ხანმოკლეა, დროებითი, ადამიანის ბუნების გამოცნობა კიადვილი: “კაცის შიგათი ჭრელობავ, რა მალე გამაშჩინდები”.
მამათა ანდერძის მიმყოლი მოლექსე საკუთარ გამოცდილებასაც იშველიებს და ამბობს, რომ ადამიანი არ უნდა იყოს უნებისყოფო, “სხვათ ჭკვაზე მყოფი”. ვაჟკაცს ამშვენებს ზნეობრივი სისპეტაკე და მართებსსახელსირცხვილისგულისთვის მუდმივი შუღლი:
სხვათ ჭკვაზე ყოფას ვერ ვიქამ, თავის გულისთქმას
მივხყვები.
მაქვს სუყველასთან კავშირი, სუფთა, ვით
ვერცხლის შიბები.
არ მინდან ქალაჩუნანი, ქალქულაების შპიკები.
მამწონან აისეთანი, ხანჯრებ გალესან შიშვლები.
სახელსირცხვილზე შუღლობდან, ჭერთ მოხვდას
სისხლის წინწკლები”. (რამ დამაბერა : 29).
სახელსირცხვილისთვისბრძოლა, ხევსურულ ადათებზე აღზრდილი მოლექსის აზრით, გულისხმობს მოძმისთვის მხარდაჭერას, მტერზე შურისძიებას, სისხლის აღებას:
ამაგით სანატრელია, ძმას რო ძმა დაშჩებისაო,
მტერს მიხყვას, შური იძიას, მაკლას მამკლავი ძმისაო”.
(რამ დამაბერა : 16).
ლექსში, რომლის სათაურიასანადიროში”, ივანე ჩამოთვლის ყველა იმ ღირსებას, რაც ვაჟკაცს უნდა ამშვენებდეს. იგი თვითონვე აყალიბებს კაი ყმის კოდექსს, რომელიც ტრადიციულ შეხედულებებს ემყარება. ლექსში მოყმის ანუ სრულყოფილი ადამიანის მთავარი ღირსებები შემდეგი თანმიმდევრობით იკითხება (ვინაიდან ლექსი ძალიან ვრცელია, მხოლოდ ნაწყვეტებს დავიმოწმებ):
მე ვაჟი მამწონ ისეთი, წილ ედვას ყველასთანაო,
მთიბლებში ცელი იქნევა, წაზდგა და წაახანაო,
თუნდ იყვას მღერათამაში, იქაც თავ გაიტანაო,
თუნდ სვემდან სანაკვეთოსა, შენც უნდა გამოსცალაო.
ცხენის მხედრობაც კაია, სწორება სწორებსთანაო ...
დროზე შუღლიც კი კაია, მტერს ჩაუნათას დანაო ...
ხან კაი სიტყვა, ალერსი, რა იყვას იმის ხანაო.

სწორფრობაცთავისწილადა, ზოგზოგჯერ,
ხანდახანაო.
კაია პურადობაი, ედგას ჭურჭლების ჯარაო,
შინ ხყვანდას სტუმარსოფლელი, ტრიალი ყანწებსთანაო.
თავია ნადირობაი, მთაბარ რო შამაღგალაო”.
(რამ დამაბერა : 15).
ახლა ამ ლექსს შევადაროთ ხმით ნატირალი შარმანაულზე. მოტირალი ჩამოთვლის ყველა იმ თვისებას, რაც ვაჟკაცს ამკობს და ამშვენებს:
შარმანაულო შავარდენო,
მთიელნი გიხარიანღაეო.
მთიბელმამკლისა სანაყროდაო
დუმას ზისცვარში ხარშავღაეო.
ბევრაის ჯიხვის გამგორესაო
თოფსა ხირიმსა ზიდავღაეო.
მტრისა ბევრაის გამჯავრესაო
წელზე ფრანგულსა იბამღაეო.
სტუმრის ბევრისა მასახურსაო
ტყავსა ქემხითა ხკერავღაეო.
ბევრაის მტრისა გამრიგესაო
ენასა ბჭეჩი ზიდავღაეო”.
(ანთოლოგია 2010 :135)
ამ ორ ლექსს ბევრი რამ აქვს საერთო სავაჟკაცო ნიშნების მიხედვით: შრომისმოყვარეობა, პურადობა, ნადირობა, მეომრული თვისებები, სტუმართმოყვარეობა, მჭევრმეტყველება. ივანე წიკლაურის ლექსში კი უფრო მეტი თვისებაა აღნიშნული, მაგალითად, სიმღერისა და ცეკვის ნიჭი, კარგი მსმელობა, სწორფრობა, ქალთან ალერსი და სხვა, რომელთა ჩამოთვლა, სიტუაციიდან გამომდინარე, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ხმით მოტირალს და სატირალში მისულ ხალხში სიცილს გამოიწვევდა. ივანე წიკლაურის ლექსში კაი ყმობის ნიშანთა თანმიმდევრობაც განსხვავებულია, მაგრამ საგულისხმოა, რომ ორივე ლექსის მათქვამი კარგი მთიბლობით ანუ შრომისმოყვარეობით იწყებს მოყმის დახასიათებას. ივანე წიკლაური ყველაზე ბოლოს ახსენებს ნადირობას და მას აძლევს უპირატესობას, რადგანაც ლექსი სანადიროშია დაწერილი და სწორედ ეს ფაქტი განსაზღვრავს იმჟამად, იმ კონტექსტში, მონადირის სხვებზე წინ დაყენებას.
მაშასადამე, ივანე წიკლაური ხელმძღვანელობს ტრადიციული ხალხური შეხედულებებით და, აქედან გამომდინარე, მისი სათქმელის გამოხატვის ფორმაც პირწმინდად ხალხურია. ტრადიციული სახეები, გაქვავებული მეტაფორები, ეპითეტები, მიმართვები დამახასიათებელია მისი შემოქმედებისათვის.
ტრადიციული დასაწყისი. ამ საკითხზე ვახუშტი კოტეტიშვილი ამახვილებდა ყურადღებას და უხვად მოჰქონდა ნიმუშები ივანეს ლექსებიდან, სადაც მოლექსე მუსიკალურ ინსტრუმენტს მიმართავდა, როგორც შთაგონების წყაროს და საკუთარი ფიქრების თანაზიარს. ამიტომ ამ სტრიქონებზე ჩვენ აღარ შევჩერდებით. ყურადღებას მივაპყრობთ ტრადიციული დასაწყისის სხვა მხარეზე. ივანე, ჩვეულებრივ, ლექსს ამგვარად იწყებს:
               ლექსს იტყვის კიბალაური ...”
               ლექსს იტყვის გაღმროშკიონი ...”
შევადაროთ ხალხური:
               ლექსს ვიტყვი ჩემებურადა ...”
     ლექსს მიაც ვიტყვი, ბიჭებო ...” (ქხპ 1992 : 95).
ივანე წიკლაური:
         ხახონმ თქვა, კიბალაურმა ...”
ხალხური:
როსტომ თქვა ...”
ფილიპემა თქვა ...”
პავლემ თქვა, ჩიტუაშვილმა...”
ტრადიციული დასასრული, სადაც მათქვამი საკუთარ ვინაობას ამხელს და თავის ბედზე თუ დუხჭირ ცხოვრებაზე გადაგვიკრავს ორიოდე სიტყვას:
ივანე წიკლაური:
აეგ ლექს დაუბარებავ კიბალაურის შვილსაო ...”
მეძახან კიბალაურსა, მტრისა არ მეშინიანო...”
ხალხური:
ემაგის მალექსებელი ალვანში თუშის ქალია ...”
(ქხპ 1992 : 47).
ემაგის მალექსებელი მათრახს უჭრელებ ტარსაო ...”
(ქხპ 1992 : 49).
ამაგ სიმღერის მათქვამი ხევსურის შვილი ვარია ...”
(შანიძე, 1931 : 64).
ხალხური ლექსების ცნობილი სტრიქონები მეორდება ივანეს მთელ რიგ ლექსებში. დავიმოწმოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი.
ივანე წიკლაური:
კაი ყმა, მგელი, არწივი თავისას არ იშლისაო ...” (გვ. 17).
ხალხური:
კაი ყმა, მგელი, არწივი არცერთ არ გაიწურთნება ...”
(ქხპ III : 94).
ივანე წიკლაური:
გახვივის ჭიმღის ჭალათა ლურჯა, დავითის ცხენია
(გვ. 19).
ხალხური:
ჩახვივჩახვივის ლურჯაი, მთიბელავ, შენი ცხენია
(ქხპ III : 98).
ივანე წიკლაური:
აბრუნდა ლექსის ბორბალი, თამაშობს კალმის ტარია
(გვ. 22).

ხალხური:
გაბრუნდა ლექსის ბორბალი, აჩქამდა კალმის წვერია
(შანიძე 1931 : 286).
ასეთი სახის გამეორებებს ივანე წიკლაურის ლექსებში სისტემატური ხასიათი აქვს და ხალხური პოეტიკის თავისებურებიდან გამომდინარეობს. ის, რაც ინდივიდუალური პოეტისათვის პლაგიატის შემთხვევად ითვლება, ხალხური მოლექსისათვის აზროვნებისა და სტილის ნორმას წარმოადგენს. სწორედ ამის შესახებ წერს ვახუშტი კოტეტიშვილი: “ხალხური მელექსის წინაშე ინდივიდუალობისა და ორიგინალობის პრობლემა არ არსებობს. იგი იმას კი არ ცდილობს, რომ სხვებისაგან განსხვავებულად თქვას თავისი სათქმელი, არამედ ისე, როგორც ათასებს უთქვამთ მასზე ადრე, როგორც მიღებულია მის კოლექტივში, ანუ როგორც ამას საუკუნეების ტრადიცია მოითხოვს” (კოტეტიშვილი 2005 : 95).
ტარდიციული გაგებით ივანე წიკლაური ლექსს ამბობს (“ლექსს ვიტყვიანლექსის თქმა მწადის”). თქმის სინონიმიააძრახდომა” (ხმის ამოღება), აგრეთვედავიწყი” (“ლექსი ძოღანავ დავიწყი”). ის ლექსით ლაპარაკობს, როგორც ზეპირი ტრადიციის მიმდევარი, მაგრამ მის ეპოქაში წერაკითხვის მასობრივ გავრცელებასთან ერთად მოლექსეთა პრაქტიკაში მკვიდრდება ახალი სიტყვადაწერა”: “ლექსი მაქვის დასაწერი, უნდა გავრთა სამლარია”, ან: “დასწერე ლექსი ახალი, ხმა გაგვაგონე სტვირისა”. ჩვეულებად იქცევა ლექსებში საწერკალმის ხსენებაც: “აბრუნდა ლექსის ბორბალი, თამაშობს კალმის ტარია”. XX საუკუნეშითქმადადაწერაუკვე ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ.
ივანე თავისთავსმელექსესუწოდებს. ამ სიტყვის პარალელურად ხმარობსმეშაირესაცდამთქმელსაც”: “კაცი ორ მეშაირეი, მთქმელი ბევრაის ლექსისა”. ვითარცა ხალხურ მოლექსეს, მასაც აქვს რამდენიმე პოეტური ფსევდონიმი: “ხახონ კიბალაური”, “კიბალაურის შვილი”, “გაღმროშკიონი”, “წყალსიქითელი”. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში ჩასახლების შემდეგ ამ თიკუნებს დაემატაარხილოელიდათათრისპირელი”.
ივანე წიკლაურის პოეზია სრულყოფილ ფოლკლორულ მოვლენად არ ჩაითვლებოდა, მის ლექსებს ვარიანტები რომ არ გასჩენოდა. ხალხური მთქმელებისა და მუშაპოეტების კრებულშილექსო, ამოგთქომ, ოხეროსწორედ ივანეს ლექსების ხალხური ვარიანტებია დაბეჭდილი. მაგალითად, ავტორის საკმაოდ ვრცელი ლექსისანადიროშიხალხს ორ ნაწილად გაუყვია და ისე დაუმახსოვრებია, როგორც დამოუკიდებელი ტექსტები. პირველი ნაწილი, რომელიც დამოუკიდებელ ნიმუშად ჩაუწერია, დავით გოგოჭურს ასე დაუსათაურებიაქარაფზე წადგა ხარლაღი”. მეორე ნაწილი, რომელშიც კაი ყმის თვისებებია ჩამოთვლილი, ასევე ცალკე ლექსის სახითაა ჩაწერილი და დაბეჭდილია სათაურით – “მე ვაჟი მამწონ ისეთი”.
ივანეს ლექსები დაბეჭდვამდე ვრცელდებოდა ხალხში. ზოგიერთი ლექსი იმდენად გახალხურებულა, რომ მისი ნამდვილი ავტორი დავიწყებიათ და სხვა პიროვნებისათვის მიუკუთვნებიათ. ერწოთიანელმა ვაჟა გიგაურმა 1997 წელს თბილისში ჩამაწერინა ლექსიგახსონსა, ყარიმანაოდა დასძინა: პაპაჩემისჯოყოლა გიგაურის ნათქვამიაო. 2007 წელს გამოცემული ივანეს წიგნის საგულდაგულოდ გაცნობისას გაირკვა, რომ ჩემს მიერ ჩაწერილი ტექსტი ნაწყვეტი ყოფილა ივანეს ვრცელი ლექსისამაგნატრით, შატილივნებო” (რამ დამაბერა : 1617). ლექსი ასახავს ხევსურებისა და ქისტების შუღლს. ამ ლექსში ავტორი მიმართავს ყარიმან ჭინჭარაულს, რომელსაც ძმა მოუკლეს ქისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს.
ცნობილმა მონადირემ ტოლხა შეთეკაურმა ზეპირად იცოდა ივანეს ლექსები და თავისებურირედაქციითწარმოთქვამდა ხოლმე.
ივანე წიკლაური ტიპიური ხალხური მოლექსე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი საკუთარ ლექსებს წერდა, ზოგჯერ აქვეყნებდა და სცენაზე კითხულობდა კიდეც, მისი შემოქმედება მაინც ტრადიციული ფოლკლორული ნიშნებით იყო აღბეჭდილი. ტრადიციული იყო ავტორის შეხედულებანი და სათქმელის გამოხატვის ფორმაც. თვით ისეთი ლექსიც კი, როგორიცაა საკმაოდ გახმაურებულირამ დამაბერა”, სწორედ ხალხური ზნეობრივმორალური და ეთიკური ნორმების დაცვით იპყრობს ყურადღებას. ლექსი ავტორის ლირიკული აღსარებაა, მისი მშფოთვარე სულიერი ტკივილების მხატვრული გადმოცემა. ლექსში ჩამოთვლილია ყველა ის მომენტი, რამაც მოღალა, “ჩამოაბერაეს გაუტეხელი კაცი. ზოგიერთი ხალხური მთქმელისგან განსხავვებით, რომელმაც მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი დამოკიდებულება საწუთროს მიმართ, ივანე წიკლაურმა 81 გრძელ, 16 მარცვლიან სალექსო სტრიქონში გაშალა საკუთარი გულისწუხილი. ვახუშტი კოტეტიშვილის აზრს თუ გავითვალისწინებთ, სიბერის გამომწვევი ფაქტორებიც ხალხური აზროვნებისათვის დამახასიათებელი სტატისტიკური სიზუსტით გაგვაცნო.
ივანე წიკლაურის ენა მდიდარია. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, მაგრამ იგი სრულად ვერ ასახავს ძნელად ასახსნელი სიტყვების მარაგს. განსამარტავია: “უარსილონი”, “ჩიმი”, “როტო”, “საყვანელი”, “ხარხოზნი”, “ჭერები” (ხანჯრით რო ვერას გამაშჩეს, მოზიდეს არყის ჭერები). ზოგიერთ სიტყვას თვით მთიელებიც კი ვერ გაიგებენ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.            ანთოლოგია 2010: ხალხური პოეზიის ანთოლოგია, შედგენილი ზურაბ კიკნაძის და ტრისტან მახაურის მიერ, გამომცემლობამემკვიდრეობა”, თბილისი, 2010
2.            კოტეტიშვილი 2005: ვახუშტი კოტეტიშვილი, მართალს ვიტყვი, გამომცემლობადიოგენე”, თბილისი, 2005
3.            ლექსო, ამოგთქომ: ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, შემდგენელი დავით გოგოჭური, გამომცემლობამერანი”, თბილისი, 1975
4.            რამ დამაბერა: ივანე წიკლაური, რამ დამაბერა, გამომცემელილიტერატურული პალიტრა”, თბილისი, 2007
5.            ფოლკლორული რვეულები: ვახუშტი კოტეტიშვილის ფოლკლორული რვეულები, კრებული პირველი, გამომცემლობამარიხი”, თბილისი, 1991
6.            ქხპ III: ქართული ხალხური პოეზია, ტომი III, გამომცემლობამეცნიერება”, თბილისი, 1974
7.            ქხპ 1992:             ქართული ხალხური პოეზია, შეადგინეს ზურაბ კიკნაძემ და ტრისტან მახაურმა, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1992
8.            შანიძე 1931: აკაკი შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული, სახელმწიფო გამომცემლობა, ტფილისი, 1931.

No comments:

Post a Comment