რედაქტორის წინათქმა
მთაზე იმდენი დაწერილა და გამოქვეყნებულა, რომ მავანმა შეიძლება კიდეც იკითხოს: კი, მაგრამ დარჩა რაიმე ჩასაწერი, გამოსარკვევი?
ვინც ამ მომცრო წიგნს წაიკითხავს, უმალ გაეფანტება ეჭვი და დამეთანხმება, რომ გამოსავლენსა და გამოსაკვლევს რა დალევს... ჰოდა, სანამ გვიანი არაა, თუნდაც ასეთი პატარპატარა ნაშრომების სახით, უნდა ხდებოდეს ქართული ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალის თანდათანობით შეკრება, შევსება და გამდიდრება.
წიგნის ავტორი ალექსი ხუცურაული ფშაველი კაცია (ხუცურაულები ლაღი იახსრის ყმები არიან), დაბადებული და გაზრდილი ხორხში. ხორხის ხეობა კი ფშავისა და მთიულეთის არაგვის აუზებს შუა არის მოქცეული და რამდენიმე სოფელს მოიცავს: სონდისველა, ლაუშა, უბანი, კომშიანა, ზემო ხორხი, ქვემო ხორხი, მენესო, ბზიკურთა. აქ ჩამოდის მდინარე ხორხულა, რომელიც სალაღოს მთაში იღებს სათავეს, ბოლოს კი ჟინვალის წყალსაცავში იკარგება.
ხორხში სხვადასხვა კუთხეებიდან მოსული ხალხი ცხოვრობს: მთიულები, გუდამაყრელები, ფშავლები და ბარის ქართლელები. ერთ ხეობაში ცხოვრებას ისინი ერთმანეთს დაუმსგავსებია და საერთო ხასიათი ჩამოუყალიბებია მათთვის.
ხორხელებს ხანდახან შეახსენებენ ხოლმე ერთ ანეკდოტურ ამბავს: დუშეთის სასტუმროში ღამის გასათევად მივიდა ხორხელი კაცი. სასტუმროს მორიგე მაშინვე შეუდგა ანკეტის შევსებას და დამხვდურსა და მოსულ სტუმარს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
– სახელი?
– ხორხელა.
– გვარი?
– ხარხელაური.
– სოფელი?
– ხორხი.
– თქვენს მდინარეს რა ჰქვია? – ეს უკვე დამატებითი კითხვა იყო, ცნობისმოყვარეობით გამოწვეული.
– ხორხულა.
– ოხოხოხოხო! – ხორხოცობდა სასტუმროს მორიგე და გაოგნებული მისჩერებოდა უცნაურად მოპასუხე სტუმარს. მორიგე ვერ მიმხვდარიყო, აბუჩად იგდებდა, თუ მართალს ეუბნებოდა კარს მომდგარი გლეხი. არადა, სტუმარი არ ტყუოდა, იგი ნამდვილად ხორხელა ხარხელაური იყო. მას მეც მოვესწარი. მშრომელი კაცი იყო, მწყემსი. საერთოდ, ხორხელები სტუმარმასპინძლობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდნენ.
ზეპირსიტყვიერი მასალა უხვად მოიპოვებოდა ხორხში. აქ ცხოვრობდნენ ხალხური მოლექსენი: გლახა ბუბუნაური, გიგო ბეწუაშვილი, ბასილ ჩოხელი, ლევან დიდებაშვილი და იმედა გოგოჭური. ენაკვიმატობით განთქმული იყო გიგოლა ჩოხელი. ამჟამად ვალიკო ხუცურაული მოლექსეობს.
ვინ იცის, რამდენი ლექსი, ანდაზა, ზღაპარი, გადმოცემა წაიყოლეს თან ამქვეყნიდან გარდასულმა ბრძენმა მოხუცებმა...
ტოპონიმი "ხორხი" ხალხურ პოეზიაში მრავალგზის გვხვდება:
"ბეწინტური ვარ ხორხელი,
ყაჩაღი ნაწილიანი"...
მეტეხის ციხეში დატუსაღებული ლუთხუბელი გიორგი წიკლაური, რომელსაც ხორხში და ჰყავდა გათხოვილი და კარგად იცნობდა აქაურობას, გულისტკივილით ამბობდა:
"მეორედ მოდის ზაფხული,
ბუნება მოვლინებისა,
რაც აღარ გამიგონია
სიმღერა ხორხის მთებისა",
ხორხზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მისი ზეპირსიტყვიერება და მატერიალური კულტურის ძეგლები დღემდე შეუსწავლელია. კარგი იქნებოდა, ალექსი ხუცურაულს მეორე წიგნში ეს უაღრესად საყურადღებო საკითხებიც წარმოეჩინა. როგორც ვთქვით, ალექსი ხორხელია და მას ხელეწიფება ეს საქმე.
ახლა კი წინამდებარე წიგნს დავუბრუნდეთ. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: "მთის ეთნოგრაფიული ყოფის სურათები" და "ვაჟაფშაველა მოგონებათა ფურცლებზე". წიგნში ეს ორი ნაწილი ძალიან ბუნებრივად ერთიანდება: მთის წიაღში იშვა დიდი ვაჟა და მთა აისახა მის შემოქმედებაში. მთა იყო ვაჟასთვის საცხოვრებელი ადგილიც და შთაგონების წყაროც. მრავალი წერილი მიუძღვნა ვაჟამ ფშავხევსურთა ყოფაცხოვრების, ადათწესების და ზეპირსიტყვიერების კვლევაძიებას. ვაჟას შემდგომმა მკვლევარებმაც განაგრძეს დიდი პოეტის მიერ დაწყებული საშვილიშვილო საქმე.
ალექსი ხუცურაული ცდილობს მკითხველს მთიელთა ყოფის ის მხარე გააცნოს, რასაც ნაკლებად შეხებია მკვლევართა ხელი ან საერთოდ მათი თვალთახედვის მიღმა დარჩენილა. იგი ფოლკლორულეთნოგრაფიულ მასალას კრებს არა ერთ, არამედ რამდენიმე კუთხეში. მისი ინტერესის სფეროა მთიულეთგუდამაყარი და ფშავხევსურეთი. საკვლევი თემატიკა მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი მის წიგნში: "სამოსახლო ადგილის შერჩევა და დასახლება", "მთიელი მოსახლის დიდი ოჯახი", "ოჯახის ზედწოდება", "მთის საოჯახო წარმოება", "სამეურნეო ჩვევები", "ამინდზე დაკვირვება" და ა.შ. მეურნეობის რომელიმე დარგის აღწერის თუ მთიელთა ზნეჩვეულებების დახასიათებისას ავტორს ყურადღება გადააქვს საერთო ელემენტებზე, თუმცა არ ავიწყდება კუთხეების მიხედვით განსხვავებაც აღნიშნოს..
მსჯელობისას ხშირად იყენებს ანდაზებს, ფრთიან გამოთქმებს. მაგალითად, მარცვლეულ კულტურებზე საუბრისას იმარჯვებს ანდაზას: "მჭადი ჭამამდეო, ქერი მთამდეო და წმინდა გადავლამდეო". ანდაზა უპირატესობას ანიჭებს წმინდას (ხორბალს). ამინდზე ხალხური დაკვირვების საილუსტრაციოდ მიმართავს ანდაზას: "ნუ დაიკვეხებ, მამულო, ყანა ამინდის შვილია", ან: "მოსავალს სანამ ბეღელში არ მიიტან, მანამდე შენი არ არისო".
ავტორი დამაჯერებლად საუბრობს ამინდზე დაკვირვების ხალხურ წესებზე, რელიგიურ დღესასწაულებზე, უქმე დღეებზე, ქალისა და მამაკაცის უფლებებზე ოჯახში და სხვა.
ხალხური ლექსები წინამდებარე წიგნში მცირე რაოდენობითაა შესული, მაგრამ რაც არის, მასაც საკმაო ღირებულება აქვს. მაგალითად, აქაა შეტანილი "ვეფხვისა და მოყმის" ძველი ხევსურული ვარიანტი. ამ ბალადაზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა: თავდაპირველად ხსენებული ბალადა მოკლე ტექსტს წარმოადგენდა, მთავრდებოდა ვეფხვისა და მოყმის ურთიერთდახოცვით (ან მხოლოდ მოყმის სიკვდილით). ბალადის პირველი ჩანაწერები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაფიქსირდა დავით ხიზანიშვილის და თედო რაზიკაშვილის მიერ. XX საუკუნეში ვახტანგ კოტეტიშვილმა და აკაკი შანიძემ გამოაქვეყნეს ვრცელი ტექსტები. "ხევსურული პოეზიის" კომენტარებში აკაკი შანიძემ ერთმანეთისაგან გამიჯნა ბალადის ორი ნაწილი და აღნიშნა, რომ მეორე ნაწილი (დედის მიერ შვილის დატირება) მთლად ახალია და ავტორიც კი ჰყავსო. მოგვიანებით ბალადის გაერთიანებული ტექსტი სასკოლო სახელმძღვანელოშიც შეიტანეს და მთელმა თაობებმა ზეპირად ისწავლეს. ფართო საზოგადოებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ეს ტექსტი თავიდანვე ერთიანი იყო. მაგრამ ხალხური ტრადიცია მაინც მიჯნავდა პირველ და მეორე ნაწილს ერთმანეთისაგან. ამის დასტურია 1972 წელს ფოლკლორისტ გიორგი ჯაფარიძის მიერ ხევსურეთის სოფელ ჩხუბაში ჩაწერილი ვარიანტი, რომელიც გაგრძელების გარეშეა. დედის სახე აქ საერთოდ არ ჩანს. 1979 წელს გიორგი ჯაფარიძე კვლავ შეხვდა ლექსის ინფორმატორს მინდია არაბულს, რომელმაც უთხრა: მეორე ნაწილი გამიგია, მაგრამ ეგ ახალია, "უბრალო" (ე.ი. ჩვენი ტრადიციით მიუღებელიაო. გულისხმობდა დედის მიერ შვილის დატირებას). ბალადის სტრუქტურული ანალიზიც ადასტურებს, რომ მეორე ნაწილი უადგილოდ არის ჩამატებული და ფაქტობრივად ახალ პოეტურ ნაწარმოებს წარმოადგენს (იხილე ზურაბ კიკნაძის "ქართული ფოლკლორი", თბ., 2006 და ტრისტან მახაურის "ქართული ხალხური საგმირო ბალადა", თბ., 2003).
1988 წელს ალექსი ხუცურაულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრაზე მოგვიტანა ლევან ანთაურისგან ჩაწერილი ძველი ხევსურული ვარიანტი "ვეფხვისა და მოყმის" ბალადისა. იგი ჩვენც შევიტანეთ ქართული ხალხური პოეზიის კრებულში (თსუ გამომცემლობა, 1992, გვ. 189). ამ ვარიანტშიც, როგორც მის წინამორბედ ნამდვილ ხალხურ ვარიანტებში, საერთოდ არ ჩანდა ვეფხვთან მორკინალი მოყმის დედის სახე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებდა ხალხური ტრადიციის ურყევობას.
ვაჟაფშაველას შესახებ მოგონებებს ალექსი ხუცურაული დიდი ხანია აგროვებდა. იგი 1962 წლიდან მუშაობს ჩარგლის ვაჟაფშაველას სახლმუზეუმში. იცნობდა ვაჟას შვილებს: ვახტანგსა და გულქანს, შვილიშვილებს: ალექსის, ლუკას (ლევანის ვაჟიშვილი), ვაჟას თანამედროვე მოხუცებს, ნათესავებს...
ალექსი ხუცურაულის მიერ ჩაწერილი მოგონებები ნამდვილი და სანდო წყაროა ვაჟას ბიოგრაფიისა და პიროვნული ხასიათის შესასწავლად. ეს განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა უკვე შეიმჩნევა ვაჟას დაკნინების ტენდენცია. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი მწერლის (ეთერ თათარაიძე, გიგი ხორნაული) ჩანაწერებში გაჩნდა ცნობა იმის თაობაზე, თითქოს ლექსი "რამ შემქმნა ადამიანად" პირველად ვაჟას ქალიშვილ გულქანს ეთქვას ზეპირად (ოთხი სტრიქონი), შემდეგ კი ვაჟას განევრცოს და დაესრულებინოს. აღნიშნული ინფორმაციის წყარო გულქანია, ჩამწერი კი ეთერ თათარაიძე (იხ. გულქან რაზიკაშვილი, მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი, ჩაიწერა ეთერ თათარაიძემ, თბილისი, 1991, გვ. 46).
გულუბრყვილო მკითხველმა შეიძლება მართლაც დაიჯეროს ასეთი რამ, მით უფრო, რომ ეს დაუზუსტებელი ცნობა სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი აღმოჩნდა. დაკვირვებულ ლიტერატორს გულქანის ეს გამონათქვამი კარგად უნდა შეესწავლა და სათანადო კომენტარიც დაერთო მისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ნაამბობი ეთერ თათარაიძემ მაშინ ჩაიწერა გულქანისაგან, როცა ეს უკანასკნელი ღრმად მოხუცი იყო და მახსოვრობაც ღალატობდა, თავისებური რედაქციით ამბობდა ვაჟასა და ბაჩანას ლექსებს.
ჭორი ჭორად, მაგრამ რეალური სურათი სულ სხვა იყო: ვაჟას შემოქმედებით ლაბორატორიაში ("სულიერ ქურაში") ვერავინ ჩაიხედავდა. შვილები მხოლოდ დაბეჭდვის შემდეგ კითხულობდნენ მამის ნაწერებს. ამის შესახებ თვითონ გულქანი უამბობს ალექსი ხუცურაულს:
"წერის დროს მის ოთახში შესვლა გვეკრძალებოდა. წერდა საღამო ხანს. ფურცლებს ორ ალაგას აწყობდა. დამთავრების შემდეგ ისევ თავის აბგაში ინახავდა. იქვე ჩამოჯდებოდა, ბუხრის გვერდზე ჩონგური ჰქონდა. დაუკრავდა. ხანდახან სიმღერასაც დააყოლებდა. ყველაზე მეტად უყვარდა თავისი ლექსი "დამისხი, დამალევინე!" ჩონგურს დაუკრავდა რამდენიმე წუთით და მერე ისევ თავის საქმეს შეუდგებოდა.
წერის დროს თავისთვის ხანდახან ნერვიულობდა. დამთავრებულ ლექსებს ჩვენ იშვიათად წაგვიკითხავდა.
"ბახტრიონი" ჩვენ მაშინ წავიკითხეთ, როცა დაიბეჭდა. მამა თბილისიდან რომ მოვიდა, ხურჯინი მოიხსნა. ეტყობოდა, კარგ ხასიათზე იყო. თამარს უთხრა, წიგნი დამიბეჭდეს, დაბეჭდილი წიგნები სულ ნაცნობმეგობრებს დაურიგესო. აი, ერთი ცალი დამრჩენია, ესეც თქვენ წაიკითხეთო.
მე რომ "ბახტრიონი წავიკითხე, ძალიან მომეწონა. მწყემსობის დროს სულ გუდით ვატარებდი. ჩემს ამხანაგ მწყემსებში მარტო მე ვიცოდი წერაკითხვა. ამიტომ ჩემი ამხანაგი ქალები მომისხდებოდნენ გვერდზე და მეტყოდნენ: დაო, "ბახტრიონი" წაგვიკითხეო. მეც არ დავზარდებოდი, წავიკითხავდი. ისინი კი ჩემი ნაქსოვი წინდების ქსოვას აგრძელებდნენ".
ისღა დამრჩენია, გზა დავულოცო ამ მშვენიერ წიგნს მკითხველისაკენ.
No comments:
Post a Comment