Tuesday, June 19, 2012

ეთნოგრაფის არქივიდან

ეთნოგრაფის არქივიდან

არხოტიონი ხევსურის ალექსი ოჩიაურის წიგნებს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. მის მიერ ჩაწერილი დიდძალი ეთნოგრაფიული მასალა ინახება ისტორიის ინსტიტუტის არქივში და ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოსამზეურებელია. მკითხველმა აგრეთვე ინტერესით მიიღო ალექსი ოჩიაურის მეუღლის, აწ განსვენებული ნათელა ბალიაურის წიგნი "სწორფრობა ხევსურეთში", რომელიც პროფესორ ზურაბ კიკნაძის წინასიტყვაობით გამოვიდა.
"დარისხება არხოტის ჯვარში" ალექსი ოჩიაურის ერთერთი საყურადღებო ნაშრომია. დარისხების, ჩაქოლვისა და თემიდან მოკვეთის ადათებს მკითხველები ძირითადად ვაჟაფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებით ეცნობიან. არანაკლებ საინტერესოა ეთნოგრაფის თვალით დანახული რეალური სინამდვილე. ალექსი ოჩიაური დიდხანს ცხოვრობდა არხოტში. იგი თვითონ ხედავდა ყველაფერს და მონაწილეობდა კიდეც ამა თუ იმ რიტუალის შესრულებაში. ასეთი პიროვნების მიერ მოწოდებული მასალა მუდამ სანდოა და უტყუარი. აქ არ შეგხვდებათ მხატვრული გამონაგონი. იგი მთიელთა ცხოვრებას აღწერს დეტალებში, ისე, როგორც იყო სინამდვილეში.
ზემოთ ნახსენები მისი ნაშრომი დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. დღეს, როცა საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქურდობა, ყაჩაღობა, კაცის კვლა, ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ნაშრომის გამოქვეყნებას, მითუმეტეს, რომ დარისხების რიტუალი თავის დროზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა თემის თითოეულ წევრზე. ადამიანს ეშინოდა ღვთისა და ერისა. ხევსური კაცი ცდილობდა, არ ჩაედინა სააუგო საქმე, არ ჩავარდნილიყო ხალხის ყბაში, არ დასხმოდა თავს ლაფი.
წინამდებარე ნაშრომის გამოქვეყნებით კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იმ ღირსეული კაცის ხსოვნას, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ეთნოგრაფიას.


ალექსი ოჩიაური
დარისხება არხოტის ჯვარში

დაფიცვის გარდა ხევსურები ერთი მეორეს კიდევ აშინებენ დარისხებით. დარისხებაც ისევე მრავალგვარია, როგორც დაფიცვა. ზოგი დარისხება საშიშია, ზოგი ნაკლებ საშიში და, ამდენად, არ ერიდებიან მას. არის უბრალო დარისხება, რომელსაც ხევსურების უმრავლესობა ოჯახშიც ხმარობს. ამ სარისხებ სიტყვას ცუდუბრალოზე ეტყვიან ცოლს, შვილს და ოჯახის სხვა წევრს, უფრო ხშირად ცოლს: "გაგიწყრ არხოტის ჯვარი", "მაგც რისხვა არხოტის ჯვარმ" და სხვა მრავალი. ცოლს როცა არისხებენ, ქალი ხმას არ იღებს. ქალი ვალდებული არის, რომ ქმარს ყველაფერი მოუთმინოს, თორემ მამაკაცს დიდი ანგელოზი ჰპატრონობს, ის ანგელოზი გაწყრება და ოჯახში საქმე ცუდად წაუვა. ამიტომ მამაკაცს ენა აქვს დაჩვეული წარამარა ბუზღუნსა და რისხებაზე.
არის მეორე რისხება, როდესაც დამრისხებელი არ ხედავს და ისე არისხებს (სწყევლის) ვისმე, გაიგონებს რა ცუდს ან უბრალო დანაშაულს ვინმესგან და დაიწყებს ბრაზობას მარტოკა ან სახალხოდ: "გაუწყრას არხოტის ჯვარი, ამააგდას მაგათობა, როგორც კვირიკათობა ამავარდ (კვირიკანი ერთერთი ქვეგვარი არის ცისკარაულებისა). ნურა კა უყოს არხოტის ჯვარმ, ნუ გამაიყვანას მაგათ სახშიით ნუც ქუდიანიდ, ნუც მანდილიანი. ნუღარა ანახვივას არხოტის ჯვარმ ჩემის ყანების მეტი (თუ ყანა არის დალეული და იმაზე არისხებს ვინმეს). ამაუძირავ ყანები, მაგათობასამც ამაზძირავს არხოტის ჯვარი, გააძევას დიდებულმ მიქიელმ" (გაძევება _ ძე, შვილი, ესე იგი მემკვიდრე არ შერჩეს).
მესამე დარისხება არის პირდაპირი. ვთქვათ, რომ ჭირნახულში გადავიდა ვისიმე საქონელი. ჭირნახულის პატრონი გამოვა მაღალ ბანზე და დაიწყებს რისხებას: "გაგიწყრასთ არხოტის ჯვარი, რაზე ამააძირვიეთ ყანები. ამაძირ თქვენობა არხოტის ჯვარმ. განა საბალახედ ვხნავ, საპურედ ვხნავ. დაგილივათ პურის მჭამელი არხოტის ჯვარმ. ოხრად გაგიხადასთ თავისაიც, სასამარხედ მაგანდობასთ დიდებულმ მიქიელმ" (არხოტის ჯვარს იმიტომ ვიღებ, რომ ლაპარაკი არხოტზეა და სხვა თემში სხვა ჯვარი იქნება ნახსენები). შეიძლება ამაზე უპასუხოს საქონლის პატრონმა და მოხდება ჩხუბი.
მეოთხეგვარი დარისხება არის "სამრისხალოს ჩატანება". მაგალითად, სოფელში ერთერთმა მცხოვრებმა დაკარგა რაიმე _ ცხვარი, ავეჯი, ნივთი, ტანსაცმელი და ქურდი არ აღმოჩნდა. მაშინ დამკარგავი სოფელს გამოუცხადებს: ვინც მოიპარა, ღამე გადმოაგდოს, რომ დილას ვნახო ჩემი საქონელი, თორემ სამრისხალოს ჩავატან, არხოტის ჯვარში დავარისხებ და ჩემი ბრალი აღარ იქნებაო. ჩემი დანაკარგიც წამღებს ქონდეს მერე და არხოტის ჯვარის რისხვაცაო. შეიძლება ამ გაფრთხილებამ გაჭრას და თუ არ გაჭრა, დაზარალებული დაამზადებს სვეს და ფორის ფქვილს. დღეობა როცა მოვა და ჯვარივნები, ესე იგი დასტურები ლუდს დაამზადებენ, მიიტანს დანაკარგის პატრონი ერთ საწყავ ფქვილს, ამდენსავე სვეს და დასტურების სვეში და ფქვილში აურევს. მისი ლუდიც ჯვარში ნადუღარ ლუდთან ერთად მზადდება. დღეობა რომ მოვა, სამრისხველოს ჩამტანებელი მივა ჯვარში და მოითხოვს თავის ჩატანებულ ლუდს. მას რამდენიც ეკუთვნის, ამას ვარაუდით მისცემენ და დაუსხამენ ცალკე რვლის ჩხუტში. მას ექნება მიტანილი სანთელი. ლუდს ჩაასხამენ კოჭობში და დააკრავენ ზედ სანთელს.
    ხუცესი ადგება, იხუცებს ამ თასზე და სანთელზე. ბოლოს იტყვის: "დალოცვილო მიქიელო, შენ გეხვეწების, დალოცვილო, დაუკარგავ (ნივთის სახელი). ქურდი იმალების. ყველა ღონე იხმარა და არ გამაჩინდ ქურდი. ეეხლა შენზე ღონე დაყრილი ასად, შენ შამაგძახს, შენ გაუგონი შამაძახილი. ნურაით გაუწყრები შამაძახილზედა, ხსენებაზე. ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს. შენდ, სადიდებელ დაუდგამად, შენ შამაიწირი სადიდებელიდ, ჭიქაბარზიმი. შენ შენის მეხვეწურის სამწყალობნოდ მაიხმარედ, რაისად ჩატანებულიდ, დამზადებული ეს სადიდებელი, იმის სამრისხველოდ მაიხმარი, დალოცვილო. დაუტანებავ უფერ ხელი შენთ ყმათაში იმის მამპარავს. რაც შენ არ მაგიდისად, არ გეკადრების თავის ყმათად, დალოცვილო. შენ გაუწყერი, მიეც რისხვა, შენ გახმი ის მარჯვენა, რომნითაც უკუღმართად აიღ ალალ საქონელი. ნურას კას უზამ, შენ მიზდი შვილით შვილამდინ, ქალით შვილამდინ. ნურას კას ანახვევ იმის მეტს, რაც წაიღ, ბარაქა დაული, დალოცვილო. ნუ მაახმარებ, თავისაიც ოხრად გაუხადედ, სასამარხედ მაანდობი. ნუ გამაიყონ იმის სახშიით ნუც ქუდიანსად, ნუც მანდილიანს. ამასწყვიტ იმისობა, როგორც კვირიკათობაი ამაწყვეტილი. ნუ გაუმარჯვებ, დალოცვილო, ნუც მტერზედა, ნუც ნადირზე. მაწყურებულს წყარო დაუწრიტი, დალოცვილო. ნადირისად მიპარებულს ნადირნ დაუმთხვენ, დალოცვილო. მტრისაკე წასულს მარცხი მაღგვარი, ნუ გაუმარჯვებ!" ბოლოს გააქრობს სამჯერ და სამჯერვე აანთებენ სანთელს. ხუცესი იტყვის: "გააქრას ქურდისობა ამ სანთლის გაქრობასავით დიდმ მიქიელმ!"
    ამას გაიმეორებს სამჯერ, ბოლოს დაღვრის ლუდიან თასს ხუცესი და იტყვის: "დაღვარას მიქიელმ ქურდის სისხლი ამ სადიდებლის დაღვრასავით!" სადიდებელს ისევ აუვსებენ, დაამწყალობნებს ამ სადიდებლის ჩამტანეს და დალევს. მერე ყველა ჩამოირიგებს ამ თასით ლუდს და დალევენ, დაარისხებენ ქურდს და დაამწყალობნებენ სადიდებლის პატრონს. ეს რისხება არის საშინელი და, ხალხის რწმენით, არ გადარჩება ქურდი, რომ არაფერი ავნოს მიქიელმა. თუ ეჭვი ვინმეზე აქვთ და ამ დროს დაემართა უბედური შემთხვევა რამე, მაშინვე დააბრალებენ დარისხებას და იტყვიან: ეგ იქნებოდა და ამიტომ წაუვიდა ეგრე ცუდად საქმეო.
    დღეობებში სოფელმა იცის ცუდი ენის, ცუდი ხელის მქონე კაცის დარისხება. განსაკუთრებით არისხებენ წელწადში მეკვლე წუხრას. ჯვარიონნი როცა მეკვლეთგან გამოვლენ, სადიდებლებს დაიჭერენ ხელში _ ლუდით სავსე თასებს, რომლებზედაც სანთლებია დაკრული. მაშინ ხუცესი სადიდებელთ იხუცებს და დაამწყალობნებს მეკვლეთ. ხუცესის შემდეგ იქ მყოფნიც ერთბაშად ამწყალობნებენ მეკვლეთ. ხუცესს უჭირავს სახუცო თასი, ზედ სამი სანთელია დაკრული. დამწყალობნების შემდეგ ხუცესი იტყვის: "გაუწყრას მთავარანგელოზი სოფელში ავის ენისას, ავის ხელისას, სოფლის გამტეხსად, მეღალატეს, სოფელშიით ენის სხვაკან გამტანს, ჯვარჯვარისკრის მეღალატეს, სოფელში დაუნდობელს, მიზდიოს დალოცვილმ მთავარანგელოზმ, მიაყოლნას თავის ლაშქარმწევარნი, ნურაით გაახარას, ნუ გამაიყვანას იმის სახშიით ნუც ქუდიანი, ნუც მანდილიანი, გააქრას იმისობა მთავარანგელოზმ!" _ და გააქრობს სანთელს. "დაღვარას იმის სისხლი მტრის ხელით!" _ და დაღვრის თავის თასიდან ლუდს. "უღალატას მეღალატეს მთავარანგელოზმ!" _ იტყვის ხუცესი ხმამაღლა და ყველანი ერთხმად იტყვიან: "ამინ! უღალატას მეღალატეს, ნურა კა ანახვიოს!" _ ყველანი ასწევენ თასებსდა სანთლებს. მერე ხუცესი იტყვის: "სწყალობდას სოფელში (თასს ისევ აუვსებენ ხუცესს ლუდით) მართალს, მაგარს, კაი მთქმელს, კაი მგონეს, სოფლის გამმაგრებელს, სოფლის შამნახავს, შაინახას მიქიელ მთავარანგელოზმ, დაიფარას ყველა გაჭირებისაგან. მტრისაკე წასულს მტერზე გაუმარჯვას, ნადირთან მისულს ხელ მაუმართას. როგორც სოფლისად კას გონობს, კა მისცას, ნურაით დააზიანას, სრუ მუდამ გამარჯვებულ ავლიოს!" მეკვლენიც აყვებიან: "ამინ! გაუმარჯოს სოფელში მართალსად, მაგარს კაცს, სოფლის შამნახავს, კაის მთქმელსა და კაის მგონეს!" ასეთი დამწყალობნების შემდეგ ყველანი დალევენ სადიდებელს. ასეთი დარისხება ითვლება უსაშინლეს დარისხებად. ძალიან ფრთხილად არის ყველა, რომ ასეთ სამრისხალოში არ მოყვეს და საბოლოო ამოსაწყვეტი საქმე არ დაემართოს. ასახელებენ მრავალ შემთხვევას, რომ სოფლის მოღალატე ამოწყდა, დარისხებამ ავნო. ის რომ ჭკვიანად ყოფილიყო, არ ამოწყდებოდაო. რისხება კიდევ არის სხვაგვარიც, მაგრამ მთავარი მაინც მეკვლე წუხრას დარისხებაა, რომლისაც ყველას ეშინია.
    საგვარო ჯვარში იციან გვარისათვის მოღალატის დარისხება, გვარიდან ამბის გამტანისა. მაგალითად, გვარში რომ ჩხუბი მოხდეს, გარეშე ხალხმა ესეც კი არ უნდა გაიგოს. ეს გვარში საიდუმლოდ უნდა იყოს დაცული და თვითონ გვარი მიიღებს ამაზე ზომებს. ჯაჭველში იციან ხშირად გვარის მოღალატის დარისხება. ხუცესი, ჩვეულებრივად, სადიდებელზე იტყვის: "მართალს, მაგარს, გვარის შამნახავსად, გამმაგრებელს უშველას ჯაჭველმად, ყველკან ხელ მაუმართას _ მტერზედაც, ნადირზეც! მეღალატეს კი გაუწყრას, ნურა კა მისცას!" "მტერთან ხელი არ მაუმართოსო" _ ამას არ იტყვიან, რადგან გვარს საერთო მტერი ჰყავს და, თუ ერთი კაცი დამარცხდება, ეს მთელი გვარის შერცხვენა არის. ამიტომ არ უსურვებენ მტერთან დამარცხებას.
    არის კიდევ ერთგვარი პატარა დარისხება, რომელიც ჭირნახულის დამლევს ეხება. თუ ღამე ჭირნახული რამემ დალია, ხოლო პატრონმა ეძება დამნაშავე და ვერ იპოვნა, გავა მაღალ ბანზე და დაიწყებს ხმამაღლა რისხებას. თუ ამითაც არაფერი გამოვიდა და ხმა არავინ გასცა, პატრონი წავა, მოხვეტს განადგურებულ ყანას, მიიტანს ჯვარში, გადაყრის საზარესთან და იტყვის: "დალოცვილო მიქიელ მთავარანგელოზო, ეს ყანა ვინამ გაანადგურა, მე ვერ გავიგი, გაანადგური იმისობა! შენ გყვან ყარაულნი სოფლის ჭირნახულისანიდ, ეესრ უსამართლოდ დამლევსად, გამნადგურებელს ნურას კას უზამ, გაანადგური თავის კაცითა, საქონლით. შენ მაუარედ, სოფლის ჭირნახულის მცველმა, მფარველ ანგელოზმ".
    ამას რომ იტყვის და ყანას გადაშლის, დაბრუნდება შინ და იმედი აქვს, რომ დამნაშავეს თვითონ მოუვლის მიქიელი და მისი საამისოდ გამოყოფილი კაცები.
    წყევა და რისხება ზოგი კაცისა აშინებს ხალხს, ხოლო ყველასი არა. ზოგზე ამბობენ: "წყევა ცხადია". ზოგის წყევას სულაც არ გაიგონებს ის ჯვარი, რომლის სახელითაც იწყევლებაო.. მაგალითად, არხოტში არის ერთი კაცი, სოფელ ახიელში, სახელად ბახა. იმას ისე დაშინებული ყავს წყევითა და რისხვით დედაკაცობა, რომ შიშით ხმას ვერავინ სცემს. ვინც იმან დაწყევლა, რაც უქადა, ის უცხადაო _ იტყვიან ქალები. წყევა არის ორგვარი: ქალური და კაცური რისხება. მამაკაცისათვის ქალური წყევა სირცხვილია, მაგრამ ბახა არც ქალურ წყევას აკლებს მეზობლებსა და არც ვაჟურ რისხებას. ერთხელ ბახას ახალგაზრდებმა ქათმები მოპარეს, ბახამ გააკეთა ჟეშტის ტრუბა და იქიდან გასძახოდა ქათმების ქურდების რისხებას არხოტის ჯვარს. ახალგაზრდები კი იცინოდნენ. მამაკაცები მის წყევას დასცინიან, ქალებს და ბავშვებს კი აშინებს ძალიან.

No comments:

Post a Comment