Tuesday, June 19, 2012

ხელხვავიანობას გისურვებთ!


ხელხვავიანობას გისურვებთ!

(მიმართვა მოსწავლეთა 65 რესპუბლიკური
სასწავლოშემოქმედებითი  კონფერენციის
მონაწილეებს)

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ მრავალი თაობა აღზარდა. მეც მისი ერთერთი აღზრდილი ვარ. მე7 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა პირველად წავიკითხე მოხსენება "მესტვირეობის ტრადიცია ფშავში". მაშინ 29 რესპუბლიკური კონფერენცია ტარდებოდა. მას შემდეგ კიდევ სამ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა: 1975 წელს ფოლკლორის სექციაზე წარმოვადგინე მოხსენება "ჩემი სოფლის ერთი შინმოუსვლელის პოეტური სტრიქონები"; 1976 წელს ამავე სექციაზე წავიკითხე "ბერიკაობა და მასთან დაკავშირებული ზეპირსიტყვიერება", ხოლო 1977 წელს ორი თემა დავამუშავე: ფოლკლორის სექციაზე გამოვიტანე "ჩემი სოფლის მოკაფიავენი", ძეგლის მეგობართა სექციაზე კი – "ჩემი სოფლის ისტორიული ძეგლები". მაშინდელი ჩემი კვლევაძიების არეალი, ძირითადად, ჩემი კუთხით განისაზღვრებოდა. ჩემს სოფელ გომეწარში (ფშავი) ცხოვრობდნენ ზეპირსიტყვიერი საუნჯის კარგი მცოდნენი. აქ ისევ ძველებური წესით იმართებოდა ხალხური დღესასწაულები. ამიტომ საშური იყო ზეპირსიტყვიერი მასალის ჩაწერა, რომელიც შეიძლება მოხუცებს თან წაეღოთ და ჩვენ აღარაფერი შემოგვრჩენოდა. შემკრებლობით საქმიანობაში ხელს მიწყობდა მამაჩემი. იგი თვითონ დამყვებოდა ოჯახებში და ესაუბრებოდა ხალხურ მთქმელებს.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ბევრი ღირსეული პედაგოგი მუშაობდა. არ შემიძლია დიდი პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით არ მოვიხსენიო ირინა მიქელაძე, ეთერ ბაკიძე, ფაცია პაიჭაძე, ანო კასრაძე, მანანა ფანიაშვილი. სხდომებს ყოველთვის ესწრებოდა ცნობილი ფოლკლორისტი, პროფესორი მიხეილ ჩიქოვანი. იგი გულისყურით ისმენდა ჩვენს გამოსვლებს და შეფასებისას ცდილობდა, არავინ და არაფერი გამორჩენოდა, ყველა ბავშვის მუშაობა გარკვეული კუთხით წარმოეჩინა. აქ გავიცანი ჩემი თანატოლები საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან და მათთან დავმეგობრდი.
მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა, ცხოვრებაც საგრძნობლად შეიცვალა. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე კი ჩვეული ენერგიით აგრძელებს მუშაობას.
დარწმუნებული ვარ, წელს იგი ბევრ იმედისმომცემ ახალგაზრდას უმასპინძლებს.
ძვირფასო ახალგაზრდებო, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეკრიბეთ ქართული ხალხური მარგალიტები, იკვლიეთ ჩვენი წარსული, თამამად გაუსწორეთ თვალი თანამედროვეობას და იყავით ღირსეული მოქალაქეები.
ხელხვავიანობას გისურვებთ!

                                     2011 წელი

No comments:

Post a Comment