Tuesday, June 19, 2012

ივრისა და არაგვის სათავეებში


ივრისა და არაგვის სათავეებში

1983 წელს თიანეთის რაიონული გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნდა ჟებოტის რვაწლიანი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლუხუმ მათურელის წერილიწინაპართა ნაკვალევზე”, რომელიც ეხებოდა ამ სკოლის მოსწავლეთა მიერ მოწყობილ ლაშქრობას ივრისა და არაგვის ხეობებში (იხ. “ახალი თიანეთი”, 1983 წლის 23 ივნისი, #74).
ამ სტატიამ სტიმული მოგვცა, მოგვეწყო ექსპედიცია ივრისა და არაგვის სათავეებში, კერძოდ, ყაფრის გორიდან გადავსულიყავით სოფელ ახადში. ამ გზით ახლაც გადადგადმოდიან მწყემსები, მონადირეები და ტურისტული ჯგუფები, მაგრამ არცერთ ფოლკლორულ ექსპედიციას ჩვენამდე აღნიშნული მარშრუტი არ გაუვლია. ამიტომ ხალისით მივუყვებოდით მთებზე დაკიდებულ ბილიკებს. ჩვენი მიზანი იყო ივრისა და არაგვის ხეობის დამაკავშირებელი ერთერთი უღელტეხილის გადალახვა და ზეპირსიტყვიერი ნიმუშების მოპოვება როგორც ერთ, ასევე მეორე ხეობაში.
მეოცე საუკუნის 30იან წლებში პროფესორმა ვერა ბარდაველიძემ ფეხით მოიარა ივრის ხეობა, აღწერა ამ რეგიონის საკულტო ძეგლები, დაესწრო რელიგიურ დღესასწაულებს და ჩაიწერა ზეპირსიტყვიერი მასალა, რომელიც შეიტანა ეთნოგრაფიულ ნარკვევშიივრის ფშავლებში” (გამოქვეყნდა 1941 წელსენიმკის მოამბეში”).
ვერა ბარდაველიძის შემდეგ თიანეთის რაიონს არაერთი სამეცნიერო  ექსპედიცია ეწვია. 30იანი წლებიდან 80იან წლებამდე მნიშვნელოვნად შეიცვალა არაგვისა და ივრის ხეობის მოსახლეობის დემოგრაფიული სურათი. ხსენებული ორმოცდაათი წლის მანძილზე კვლავ გრძელდებოდა ფშაველთა მიგრაცია საარაგვოდან ივრის ხეობაში, ხოლო ივრის ხეობიდან უფრო ქვევითკახეთისაკენ. უკანაფშავის თითქმის ყველა სოფლიდან გადასულან ოჯახები თიანეთის, ახმეტის, თელავის, ყვარლის, საგარეჯოს, წითელწყაროს რაიონებში, მთებში კი გამეჩხერებული დასახლებები, ზოგან კი მხოლოდ ნასახლარები და შამბიღა დარჩენილა. გაუკაცრიელებულია ერთ დროს ივრის ხეობაში ხალხმრავალი სოფლები: ყვარა, ბაჩალი, სოფლიონი, მგელაციხე, საშუბი...
ექსპედიციაში მიღებულ შთაბეჭდილებებს დღიურების ფორმით ვაწვდი მკითხველს.

9 ივლისი
ამჟამად ივრის ხეობის ზემო წელში ბოლო დასახლებული პუნქტი სოფელი არტანია. ჩვენი ექსპედიციაც ამ სოფლიდან იწყებს მუშაობას. დღეს არტნის სანახებში ორი მწვანე კარავი იშლება და ფოლკლორისტები კალიებივით ესევიან სოფელს; პავლე ასპანიძე გოგონებთან ერთად სოფლის ბოლოდან ამჯობინებს მთქმელების მონახულებას. მიხეილ ღანიშაშვილი კარავში რჩება, რათა ვახშმის თადარიგი დაიჭიროს, ხოლო მე და ჯურხა ჯაფარიძე დიდი, ორსართულიანი სახლისაკენ მივეშურებით, რომელიც იმერულ ოდას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ფშავლების საცხოვრისს.
მასპინძელი ხალისით გვეგებება. გაცნობისა და ამბის კითხვის შემდეგ კაკლის ჩეროში გამართულ მაგიდასთან გვეპატიჟება და ჩვენი საუბარიც უფრო გულღია და შინაურული ხდება.
62 წლის სოფიო ბადაშვილი მოხევეა. იგი ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან გამოთხოვილა არტანში დავით ხიზანაშვილზე. მისი მეუღლე საგზაო მშენებლობის უფროსია. ამჟამად იგი სახლში არ არის, რის გამოც ქალბატონი სოფიო ძალიან წუხს:
ჩემი ქმარი შინ რომ იყოს, ბევრ რამეს ჩაგაწერინებდათ, ხალხური ლექსები და სტუმარი ძალიან უყვარს, – გვეუბნება დიასახლისი.
ეზოში დარბიან მათი პატარა შვილიშვილები, აქვეა ქალიშვილი ნანი.
სოფიოსგან ვგებულობთ, რომ მისი მეუღლე დავით ხიზანაშვილი ცნობილი გომეწრელი მოლექსისწიწოთ კარატიელის შვილიშვილი ყოფილა. კარატიელი კარგი ხელოსანი და მრავალრიცხოვანი, გაუყოფელი ოჯახის თავკაცი იყოო. ზაფხულობით მარტო მისი ოჯახიდან სათიბად თურმე 17 მთიბელი ვაჟკაცი გადიოდა. საკაცო საქმეს კარატიელი განაგებდა, სადიაცოს კი მისი მეუღლე და ეს მრავალწევრიანი ოჯახი ტკბილად და თანხმობით ცხოვრობდა.
მე, როგორც გომეწრელ კაცს, წიწოთ კარატიელის თანასოფლელს, განსაკუთრებული ინტერესით მხვდებიან მასპინძლები. მეკითხებიან: ცხოვრობს თუ არა ვინმე კარატიელის ნასახლარში ან რამდენი კომლიღა შემორჩა ამ საკმაოდ მაღალმთიან სოფელს.
წიწოთ კარატიელი მოლექსის ფსევდონიმია. მისი ნამდვილი გვარი ბაიაშვილია. კარატიელის სიკვდილის შემდეგ მისი შვილები კახეთს გადასულან, ქალიშვილი ბაბალე კი არტანში გათხოვილა ჟულაკა ხიზანაშვილზე. სწორედ მათი ვაჟია ბატონი დავითი.
სოფიო ბადაშვილი მიამბობს თავისი მამამთილისჟულაკა ხიზანაშვილის ლექსს:

                       არტანს სახლი ავაშენე,
                       ფორმა არის ქალაქისა.
                       დიდკაცები აქ მოდიან
                       დოხტურიც და დალაქიცა.
                       შირაქს არტან ვამჯობინე
                       მადლითა და ბარაქითა.

ჟულაკა (ივანე ხიზანაშვილი) 117 წლის ასაკში გარდაცვლილა. "მე რომ აქ მოვედი, ისევ ცოცხალი იყო ის კაცი, იმის დედა კოჭაურთ ქალი ყოფილა," – გვითხრა ქალბატონმა სოფიომ.
არტანში ფშავის სხვადასხვა თემებიდან გადმოსახლებული ხალხი ცხოვრობს. ესენია: ხიზანაშვილები, კურეტიშვილები, გარაშვილები, პაპიაშვილები, ფეტვიაშვილები, ჭამაშვილები, ქისტაშვილები, თეთრაულები, ხუმარაშვილები, ბაინდურაშვილები, ღვინიაშვილები, წვეროშვილები, ხიბლაშვილები.
სოფიო ბადაშვილისაგან ჩავიწერეთ ერთი ანეკდოტიც, რომელიც მწვავე სოციალური სიტუაციის დაუფარავი მხილებით იპყრობს ჩვენს ყურადღებას:
"ხევსური კაცი ჩავიდა ქალაქში. 30იანი წლებია. ჯიბგირებმა ამოაცალეს ფული. დადის გამწარებული ხმლის ქნევითფულ ამამაცალესავ!
ვინ არის აქ უფროსიო? – კითხულობს გაჯავრებული.
ფილიპე მახარაძეო, – პასუხობენ.
მიაღწია ხევსურმა ბოლშევიკური მთავრობის რეზიდენციამდე. შევიდა ფილიპეს კაბინეტში და ეკითხება:
ქალაქ შენიავ?
ჩემიაო!
მაშ, ჯიბგირებიც შენებ ყოფილან, , ისენი, ფულ რო ამამაცალესავ! – და ხევსური კუშტად გადახედავს ბოლშევიკ ხელისუფალს.
ფილიპე იძულებული ხდება, გასცეს ბრძანება, ხევსურს აუნაზღაურონ დანაკარგი ფული".

არ არსებობს სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენა, ხალხის მეხსიერებას რომ გამოეპაროს. ხალხის მახვილი თვალი ყველაფერს ამჩნევსავსა და კარგს, ბნელსა და ნათელს, ფლიდსა და მართალს, ღალატსა და ერთგულებას. აქ მოტანილი ანეკდოტის იუმორიც სწორი და მიზანმიმართულია: აფხიზლებს მსმენელს, აძლევს მას პირუთვნელი განსჯის უნარს.
დიდხანს ვსაუბრობთ წარსულსა და აწმყოზე, ჩვენს ადათწესებზე, მათ სიმტკიცესა და გამძლეობაზე. უცებ ვხედავთ: სახლისაკენ მომავალ სამანქანო გზას მოუყვება მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც მოჰყავს ჩვენი მასპინძელი ოჯახის თავკაცი დავით ხიზანაშვილი.

*      *      *
შეუმჩნევლად საღამოვდება არტანში. ვსხედვართ ბებერი კაკლის ქვეშ გაშლილ სუფრასთან და გავყურებთ ჩამავალი მზის სხივებში გახვეულ მწვერვალებს.
დავითი დგება, ხელში იღებს ჭიქას და ამბობს:

                   "მთებო, რო გხედავთ თვალითა,
                   ბალღურად გამიხარდება.
                   სიცივე იყოს, – დამცხება,
                   აღმართი გამივაკდება".

ეს მთები უნდა გადავლახოთ ხვალ, ახლა რომ დევებივით აღმართულან ჩვენს თვალწინ; ამ ხევხუვებში უნდა ვათრიოთ ჩვენი ბარგიბარხანა, სანამ ისედაც ძნელად სავალი "აღმართი არ გაგვივაკდება". მანამდე კი შევუერთდეთ დავითის სადღეგრძელოს. "ხვალემ" თავისი საქმე იცის!

10 ივლისი
დღეს ჩვენს კარვებთან თავისი ფეხით მოვიდა მთქმელი. მოხუცი ქალია, შავებში ჩაცმული, დაბალი ტანის.
აი, გენაცვლოს მამიდაი, შენა ხარა ფშაველ ბალღი? – ეფერება მოხუცი პავლე ასპანიძეს.
მესხია, ბებო, მესხი! – სიცილით პასუხობს მიხეილ ღანიშაშვილი.
ვინც არ უნდა იყოს, მაინც ხო ჩვენია, – იხტიბარს არ იტეხს მოხუცი და ნელა ეშვება მწვანე მოლზე.
"კარვის კალთა ჩახლართული" ირიბად იხსნება და მზეზე გამოდიან ექსპედიციის წევრი გოგონები.
ყველანი ვიმარჯვებთ საწერკალამს და ვიწყებთ ჩაწერას.
მთქმელი: მარიამ გარაშვილი, 88 წლის, სოფ. ზემო არტანი. როგორც მოხუცებს სჩვევიათ, ისიც უჩივის სიბერის შემოტევას: "ძნელი ყოფილა სიბერე... არაფერი აღარ მახსოვს... ჯეილობაში ისეთ ალაღებულგალაღებულ ვიყავ, რო ყველაფერი ვიცოდი. კაი მატარებელ ცხენი მყვანდა, კაი ქმარშვილი მყვანდა".
სიკვდილს ძალიან დაუჩაგრავს საბრალო მოხუციხელიდან გამოუცლია სათაყვანებელი ვაჟიშვილი იოსებ გარაშვილი, რომელიც კარგი სიტყვის ოსტატიც ყოფილა. შვილის ლექსებს სათუთად ინახავს დედა. ზოგი კიდეც დაუკარგავს და ამის გამო ძალიან წუხს. უცნობებს გამოურთმევიათ მისთვისქალაქში დავაბეჭდვინებთო და მერე აღარ დაუბრუნებიათ უკან. ახლაც ხელის კანკალით იღებს უბის ჯიბიდან გაყვითლებულ ფურცლებს და უნდობლად გვაწვდის.
ვკითხულობთ:

                       თიბამკა არი ტიალი,
                       დგა სუ ბალღების კივილი.
                       მე კი დავძრწივარ აქაიქ,
                       ვის მისდის ჩემი ჩივილი?
                       დამიღამდება გზაშია,
                       სოფელს რომ მოვივლმივივლი,
                       მოვძებნი ჩემსა ნადობსა,
                       მაწუხებს გულისტკივილი.

იოსების ლექსების უმეტესობა ქალვაჟის სიყვარულზეა შექმნილი. ეს ლექსიც, ალბათ, მონატრებამ ათქმევინა:

გავხედავ ჩაბანოსაკა, მსურს გაყოლება თვალისა.
ჩემ გულს დაათრობს სურვილი ემა ალბუთათ ქალისა.
ივრისაკ შამოვბრუნდები, დალევა მინდა წყალისა.
ვიკითხავ შალვათ თამარსა, ნეტა რარიგად არისა?
გულის ჭრილობას ვაფერებ, ხან მალამოსა ჰგავისა.
მომენატრება, არაგვო, კლდეებზე შენი ჩქამიცა.
ჩარგალში ამბავ მეკითხვის მიხაის ნაბიჭვარისა:
შუაფხოს ბადროს თამარი ხვარავინ დაითავისა?
ოთხისავ მგლოვიარე ვარ, ტანზე ჩამცმელი შავისა,
ოთხისავ თვალებს მაგათას ბევრის გულ მაუკლავისა..
მენაც მეტყობა ჭრილობა, გულისპირ სისხლი მცხავისა.
ემაგის მალექსებელსა მთაში ძროხები მყავისა.
გაღმ მგელი ყმუის ოხერი, დაბლა ყორანი ჩხავისა.
სახელად იოსებია, ივრისპირელი გვარითა.

მარიამ გარაშვილისაგან ჩავიწერეთ სხვა ლექსებიც,კაფიები, ხმით ნატირლები. სანიმუშოდ დავასახელებ ერთ ნატირალს:

                     ვაიმე, ვაიმე, ჩემო ქმარო,
                     ახალ ჭაღარა შარეულო,
                     ჩემო კაცოო, კარგო კაცო,
                     ახალ ჭაღარა შარეულო.

ცოლის მიერ ქმრის დატირება ხევსურეთში სირცხვილად ითვლებოდა, ფშავში კი მიღებული იყო და აქაური ქალები თუ რძლები გულამოსკვნილნი დასტიროდნენ ქმრებს.
ბებო მარიამი ჩვენთან დიდხანს არ დარჩენილა. შეატყო რა, სათქმელი აღარაფერი გვქონდა, ნელა წამოდგა, ჯოხის ბჯენით. "ხანხალით" გაემართა სახლისაკენ. გზადაგზა ჩერდებოდა, ივრის ნარიყ წვრილ ხეებს კრეფდა, შეშას აგროვებდა შინ წასაღებად.
დღეს ექსპედიციას კიდევ შემოემატნენ და ახლა გაზრდილი შემადგენლობით ვაპირებთ ყაფრის გორის გადავლას.
ექსპედიციის ხელმძღვანელიფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი ზურაბ კიკნაძე;
ექსპედიციის წევრები: ტრისტან მახაური, მიხეილ ღანიშაშვილი, პავლე ასპანიძე, ჯურხა ჯაფარიძე, გიორგი კიკნაძე, ნინო ტუსკია, ლელა ჟორჟოლიანი, მაია მესხი, ლელა პატარიძე და მარინა ქადაგიძე.
ყაფრის გორის ძირამდე საკმაო მანძილია. ჯერ უნდა გავიაროთ თამარისა და ლაშარის სალოცავები, შემდეგ შეგვხვდება ნასოფლარები: ბაჩალი, ყვარა, ხილიანა, მგელაციხე.
წასვლამდე დავით ხიზანაშვილს ვეხმარებით ნათიბის ახვეტასა და კირჩხების აგებაში, მერე კი გზას ვაგრძელებთ.

11 ივლისი
წუხანდელი ღამე ნასოფლარ ყვარასთან გავათიეთ. იქვე ახლოს მესაბლიშვილებს ედგათ ნახირი. ღამით ცოტა წამოწვიმა. ახლაც წვრილად ცრის, ჟინჟლიანი ამინდია...
წუხელ ჩვენს კარვებთან მთვრალმა მწყემსმა მოაგდო ცხენი და გადმოგვძახა: ხეობაში თურქულია გაჩენილი (საქონლის დაავადებაა) და უნებართვოდ არსად გაგიშვებთ, ვაითუ საძოვრებში თურქული შეიტანოთო. გვეგონა, დაგვცინოდა ბარიდან ასულ სტუმრებს, ალბათ, ყველანი ქალაქელები ვეგონეთ და ჩვენი გამასხრება მოინდომა. თურმე თურქული მართლა მოდებულა ივრის ხეობაში და იქ გამვლელ კაცს თუ საქონელსყველას სადეზინფექციო ზონაში ატარებენ.
თურქულთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ანეკდოტური ამბავი: 1986 წლის ზაფხულში ხევსურეთის სოფელ ხახმატში ფოლკლორული ექსპედიცია ავიდა. ექსპედიციის შემადგენლობაში იყო თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, უნივერსიტეტის დოცენტი ედიშერ სარიშვილი. ექსპედიციის ხელმძღვანელმა გიორგი ჯაფარიძემ იგი ასე წარუდგინა ხახმატელ მამუკა ქეთელაურს:
გაიცანით, ჩვენი მეგობარია, თურქულის სპეციალისტი.
მამუკა ქეთელაურს სახე გაუნათდა და სიხარულით წამოიძახა თურმე:
საჭირო კაცი ბრძანდებით, ჩვენში თურქულის ხუთი სახეობა მაინც არის გავრცელებული. ცხვარსაქონს მიგვიხედავთ და ჩვენც პატივისცემის გარეშე არ გაგიშვებთო.
  
*      *      *
ყაფრის გორის ძირში გეოლოგები დაგვხვდნენ. სადილზე მიგვიწვიეს, რუკები დაგვათვალიერებინეს და გზა გვასწავლეს. გეოლოგებში ერთი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდაახალგაზრდა მწერალი მიხო მოსულიშვილი, რომელიც ყურადღებას არ გვაკლებსხან მწვადს მოგვაწვდის, ხან ღვინით სავსე ჭიქას, ხანაც ქალაქის ახალ ამბებზე გვეკითხება.
გეოლოგების ბინიდან სამის ნახევარზე გამოვედით და ახლა ყაფრის გორს ნოქვებით (მიხვეულმოხვეული ბილიკებით) მივუყვებით. უკვე ამოვცდით კაკაბეთელ მეცხვარეს, რომელსაც თიანელებიკაკაბურასეძახიან. ამოვცდით კაკაბურას კაცის მჭამელ ძაღლებს, ცხვრის ნაბინავარს (არხაჯს) და სქელ ნისლებში ამოვყავით თავი. ხელის გაწვდენაზე მხოლოდ ვიწრო ბილიკი მოჩანს, სხვა არაფერი. მეწინავის მოვალეობას პავლე ასპანიძე ასრულებს, შეუცდომლად მივყავართ მაღლა და მაღლა.
ახლა ერთი საფიქრალი გვაქვსკარვების გასაშლელი ადგილი მოვძებნოთ როგორმე და დავეყარნეთ დაღლილდაქანცულნი. ვნახეთ ერთი პატარა ტაფობი. ახლოს წყლის ჩხრიალიც ისმის, მაგრამ ნისლებში არაფერი ჩანს. პავლე ასპანიძე გალაკტიონს იხსენებს: "წყარო ჩანს და წყალი არსად არის!" მხოლოდ სქელი ნისლები გვახვევია გარს.

                       ავდარში შავი ნისლები
                       ტანზე მეხვევა ნაბდადა” (ვაჟა)...

ჟინჟლავს... უბერავს მთის ცივი ნიავი... მიხეილი და პავლე კარვებს შლიან, დანარჩენები წყაროზე ჩავდივართ. ცოტა ხანში იშლება პატარა სუფრა. ვვახშმობთ. დაღლილი მეგობრები ადრე შედიან კარვებში, მე და მიხეილი კი ღამის სამ საათამდე ვსხედვართ ღია ცის ქვეშ და ვაგემოვნებთ არტნიდან წამოღებულ ჟიპიტაურს.


12 ივლისი
უჩვეულო დილაა. მთებიდან ნისლი აყრილა. კარგად ჩანს გადასავალი გზა. რა ახლოს ვყოფილვართ უღელტეხილთან!
ზღვის დონიდან სამიათას მეტრზე მაღლა ვიმყოფებით. უღელტეხილზე მიხეილი ქვაკაცას აშენებს. ქვაკაცას თუშეთშიმილიონასეძახიან. ქვების გროვა ისეა დადგმული, რომ შორიდან კაცი გეგონება. ქვაკაცა ანუ მილიონა გზის მაჩვენებლის ფუნქციას ასრულებს. იგი დიდად ეხმარება მთებში მოსიარულე ტურისტებს, მონადირეებს, მწყემსებს.
უღელტეხილიდან თვალნათლივ მოჩანს ორივე ხეობა: ერთმანეთში ჩაგრეხილი, დანაოჭებული ქედები... ბორბალოს თოვლიანი მთა... შორს დაქუეხის მწვერვალი ამართულა. მწვერვალების დაბლა მწვანით შემოსილი ფერდობები და ვაკეები. ზევიდან დავყურებთ წოხვის თავს, სადაც სარდო იქაიძის ფარა დგას. უკანაფშავის მთებიდან ჩვენგან ხელმარჯვნივ მიემართება ტბათანის გადასასვლელი ბილიკი.
ხელმარცხნივ ვიჭერთ გეზს და საარაგვოში ვეშვებით. ახადის უზარმაზარი გორი ფერადფერადი ყვავილებითაა მოქარგული. “ცოდვიან ტბასთანახმეტელი მწყემსები გვხვდებიან. ცოდვიანი ტბა იმიტომ შეურქმევია ხალხს, რომ იქ მტრის დიდძალი ლაშქარი შეუტყუებიათ და დაუღუპავთ.
თქმულების მიხედვით, “ლეკებს ტყვე წაუყვანავ ახადიდან. ტყვე პატარა ყოფილა და ლეკებს გაუზრდიათ. რა ვიცი, რამდენ წელსა ყოფილა იქა. რო გაჰფიცვია იმათ, ლეკებს უთქომ: წადი ეხლა, დაზვერე იქაურობა და ამბავ მოგვიტანე, რო მალე გავილაშქროთო. ის კაცი წამოსულა და აქაურები გაუფრთხილებავ, რომ ამა და ამ რიცხვში დაღესტანი გემუქრებათ დასალაშქრავადო. ამაიყვანეთ მამალი, ვირი, ძაღლი და სამივე ამ ტბის პირას დააბითო. ჩვენ ქათამყიულისას დაგესხმით თავსაო.
მართლაც ესე მამხდარა. მტერი ქათამყიულისას მოსულა. ცხენების ფეხის ხმაზე ძაღლს ყეფა დაუწყავ, მამალს ყივილი და ვირს ყროყინი აუტეხავ. სქელი ნისლით ყოფილა აქაურობა დაფარული. მტერსა ჰგონებია, აქ სოფელი არის, თავს დავესხმითო. გაქანებულან და იმ ბნელ ღამესა და ნისლში ტბაში ჩაცვივნილან ცხენებიც და მხედრებიც. იმდენა ხალხი ამომხრჩვალა შიგა."

მთქმელი იაკობ გორელაშვილი, დაბადებული 1903 წელს. გარდაიცვალა გასულ ზაფხულს (სწორედ რომ სულზე მივუსწარით!). დაკრძალულია ახადში (ეს იყო უკანასკნელი ახადელი, ვინც ამ სოფელში დაკრძალეს. მას შემდეგ დაიცალა სოფელი).
ახადელი იაკობ გორელაშვილი მრავალი ლექსისა და ამბის მცოდნე იყო. ვინ იცის, რამდენი რამ ჩაიყოლა მან საფლავში. მიხა ხელაშვილი და იაკობი კარის მეზობლები იყვნენ და სანიმუშო მეგობრობაც ჰქონდათ. მიხა თავის ლექსებს იაკობს უგზავნიდა და ამ ლექსების უმეტესობა სწორედ იაკობის მეხსიერებამ გადაარჩინა. გასულ ზაფხულს იაკობმა ჩაგვაწერინა მიხას ვრცელი ლექსი "საუბარი ქართან" და ფრაგმენტულად გაიხსენა ხელაშვილის ბიოგრაფია. მანვე ჩაგვაწერინა ახადელი ჭორათ ბახას (ბახა ჭორაშვილის) ლექსები.
ახადში გავესაუბრეთ ნინო ბობღიაშვილს, რომელიც ამ სოფელში უკანაფშავის სოფელ ელიაგზიდან მოსულა. ნინოსგან თორმეტი ლექსი ჩავიწერეთ. მათგან აღსანიშნავია ბალადა "ივანეურის" ახალი ვარიანტი და სატირული ლექსები წითელაურების შესახებ.


13 ივლისი
გუშინ საღამოს მე და მიხეილ ღანიშაშვილი გიორგი გორელაშვილმა დაგვპატიჟა სახლში. გაგვიმასპინძლდა დამბალ ხაჭოს ხაჭოერბოთი და პანტის ჟიპიტაურით. გიორგიმ კარგად მოგვალხინა. გადმოიღო ქართული გარმონი, დაუკრა და იმღერა. გარმონს ხან თავზე შემოიდებდა, ხან ბეჭებზე და ისე უკრავდა. მიხეილმა უთხრა: ეგ რა არის, ჩემი მძახალიყვარელწყლელი გურამ ამირანაშვილი ფეხის წვერებით უკრავსო. გიორგი ამას აღარ მოელოდა. ცოტა მოიღუშა, მაგრამ მალევე გამოუკეთდა ხასიათი, როცა ცოლმა უთხრა: ესენი ფშავლები არიან და გეხუმრებიანო.
კარავში გვიან დავბრუნდით. პავლე ასპანიძეს არ ეძინა. ნაწყენი იყო, ამფსონად რომ არ წავიყვანეთ. ტუჩებს ნერვიულად ბურცავდა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.
ახადში შუადღემდე დავრჩით. მაგრად რომ ჩამოცხა, კარვები ავშალეთ, ახადლებს დავემშვიდობეთ და ტყიან გზას დავუყევით არაგვისაკენ. ვიარეთ ტყის საამო სიგრილეში, სვენებსვენებით. არსად გვეჩქარება, რადგან ხატობები ფშავისხევში ხუთი დღის შემდეგ იწყება. მანამდე კი სამუშაო გეგმა უნდა შევადგინოთ. რამდენიმე დღეობა ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა და უნდა გადავნაწილდეთ, ვინ რომელი თემის სალოცავში ჩაიწერს მასალას.
ამაღამ დარჩენას ღამეხევაზე ვაპირებთ. ამბობენ, იქ ავი სულები ბუდობენო, მაგრამ ჩვენ ფშაველთა ჯვარხატების და ჩვენი მხურვალე ლოცვის იმედი გვაქვს.



14 ივლისი
წუხანდელმა ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. მიწრიელმებალინჯეთა რისხვას გადავურჩით, მაგრამ პავლე ასპანიძე გაგვიფხუკიანდა: სწორედ იმ გოგონას აუშარდა, რომელიც ექსპედიციაში წამოსვლის პირველ დღეს ეუბნებოდა: პავლე, როგორი წყნარი ბიჭი ხარ, რა კარგი ხასიათი გაქვსო. პავლე ძლივს დავაწყნარეთ, მაგრამ ის გოგონა ვერაფრით დავაშოშმინეთ და იძულებული გავხდი, განაწყენებული მეგობარი თბილისში გამომეცილებინა...
   ექსპედიციის წევრებს მუქუში, ხევისბერ ფილიპე ბაღიაურის ოჯახში შევუერთდი. ფილიპეს დედა ნინო მაუბარაშვილი ფაქიზი ქალია. მისი ეზო ისეა დაწკრიალებული, რომ ერთი გამხმარი ფოთოლიც კი არსად გდია. სახლის წინ საამოდ ბიბინებს მწვანე მოლი. სტუმრები ბალახზე დაყრილან და ისვენებენ. ნინო ბებო გოგონებს თავის სახლში აბინავებს, ბიჭები კი აწ გარდაცვლილი ხევისბრისპეტრე კუწაშვილის სახლში მივყავართ დასაძინებლად.


*      *      *
ხატობები 18 ივლისს დაიწყო. დავესწარით ქმოდის გორის წმინდა გიორგის, ლაშარის ჯვრის, თამარღელის, გოგოლაურთის მთავარმოწამის, ლაღი იახსრის დღეობებს. ვიყავით მათურაშიც. ვინახულეთ ხევისბრები: პეტრე ხიბლაშვილი და სიკო თადიაური.
ფშავისხევის თავკაცები ვახტანგ ცოკილაური (ფხოვის კოლმეურნეობის თავმჯდომარე) და ვახტანგ წელაური (შუაფხოს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე) დიდი ყურადღებით შეგვხვდნენ. წინა წელს ბორბალოს მთების გადავლით თუშეთში ჩავედით. ზემოხსენებულმა პირებმა მანქანით ვაკისსოფლამდე მიგვაცილეს და გზა დაგვილოცეს. ახლა აინტერესებდათ, როგორ გავაგრძელეთ გზა, რა ვნახეთ და განვიცადეთ გზადაგზა, როგორ შეგვხვდნენ თუშები ან როგორი სახით ტარდება იქ რელიგიური დღესასწაულები. ჩვენც ვცდილობდით დაგვეკმაყოფილებინა მათი ცნობისმოყვარეობა.
არაგვის ხეობის სალოცავებში ადგილობრივებთან ერთად ივრისხეობელი ფშავლებიც იყვნენ (მათი წინაპრები ხომ სწორედ აქედან გადასახლდნენ) და ისინი შეერთებული ძალით შესთხოვდნენ ღმერთს ოჯახისა და წულის წყალობას და მთელი საქართველოს გადარჩენას.

                                              1988 წელი

No comments:

Post a Comment