Tuesday, June 19, 2012

ფოლკლორული ექსპედიცია გუდამაყარში


ფოლკლორული ექსპედიცია გუდამაყარში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრაზე ტრადიციად დამკვიდრდა ზამთრის ფოლკლორული ექსპედიციები. პირველი ასეთი ექსპედიცია 1968 წელს მოეწყო გიორგი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. მას შემდეგ წელი არ გასულა, რომ ჩვენი კათედრის თანამშრომლები და სტუდენტები საქართველოს რომელიმე კუთხეს რომ არ სწვეოდნენ ფოლკლორული ნიმუშების ჩასაწერად. ამ ექსპედიციების მიერ მოპოვებულია დიდძალი ზეპირსიტყვიერი მასალა, რომელიც მოითხოვს ცალკე კრებულად გამოცემის აუცილებლობას.
რაც შეეხება გუდამაყარს, საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეს, არც ადრე აკლდა ფოლკლორისტთა და ეთნოგრაფთა სათანადო ყურადღება. გუდამაყრული ფოლკლორის ნიმუშები შესულია წიგნებში: სერგი მაკალათია, მთიულეთი (მკვლევარმა ამ წიგნში გააერთიანა ორი კუთხემთიულეთი და გუდამაყარი); ელენე ვირსალაძე, ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება (მთიულეთგუდამაყარი); გუდამაყრის ხეობაში მოპოვებული ტოპონიმიკური მასალა დაბეჭდილია გიგი ხორნაულის წიგნშიმთები და სახელები”. აქაურ მთქმელთა რეპერტუარის შესახებ საინტერესოდ წერდა პოეტი მამუკა წიკლაური.
ფოლკლორისტიკის კათედრა ადრევე დაინტერესებულა გუდამაყრელთა ზეპირსიტყვიერი საუნჯის შესწავლით და ამ კუთხეში სამეცნიერო მივლინებით გაუგზავნიათ გიორგი ჯაფარიძე. ოთხი წლის წინათ მეც ვმონაწილეობდი გუდამაყრის ფოლკლორულ ექსპედიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, დოცენტი ზურაბ კიკნაძე. გასულ ზაფხულს კი ამ კუთხეში მუშაობდა დოცენტი ბეჟან აბაშიძე.
წლევანდელი ზამთრის არდადეგებზეც ვეწვიეთ გუდამაყარს. ამასწინანდელი ჩვენი ექსპედიციის მოწყობა განპირობებული იყო იმით, რომ ადგილზე შეგვემოწმებინა ჩვენს მიერ თუ სხვებისაგან ადრე ჩაწერილი ფოლკლორული ტექსტები, გამოგვევლინა და ჩაგვეწერა ახალი მასალები (რა თქმა უნდა, თუკი მოვიპოვებდით).
27 იანვარს ავედით კიტოხში. გუდამაყრის კოლმეურნეობის თავმჯდომარის ვაჟა ბექაურის გულისხმიერი დახმარებით მოვთავსდით სკოლაინტერნატში და შევუდექით მუშაობას. ექსპედიციაში რვანი ვიყავით: ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ნუგზარ წიკლაური, მეორე კურსის სტუდენტები: თათია თვალავაძე, მაია მჟავანაძე, ეკა ჩხეიძე, ხათუნა ძებნიაური, მეოთხე კურსის სტუდენტი ნიკოლოზ ზვიადაური, კურსდამთავრებული ზაზა დვალი და მე.
სკოლაინტერნატის უფროსმა აღმზრდელმა სიდო წიკლაურმა ხალხური ლექსებით გავსებული საერთო რვეული მოგვიტანა. გოგოები ლექსების გადაწერას შეუდგნენ, მე კი შემოვიკრიბე ინტერნატში მცხოვრები ბავშვები და მათგან ჩავიწერე ლექსები, ანდაზები, გამოცანები, რომლებიც მათ თავიანთი ბებიების, პაპების თუ დედმამისაგან უსწავლიათ. სკოლის მოსწავლეთა დახმარებით შევადგინე გუდამაყრის ხეობის მთქმელთა სია.
ექსპედიციამ შეაგროვა თითქმის ყველა ჟანრის მასალა. საინტერესო ნიმუშები ჩავიწერეთ კიტოხში, ზანდუკში, თორელაანებში, მაქართაში, კოტორიანში, დუმაცხოში, ჩოხში, ლუთხუბში. ექსპედიციის წევრები დიდი ხალისითა და მონდომებით მიდიოდნენ მასალის ჩასაწერად თოვლში, ყინვაში.
ჩვენი გულღია მასპინძლებიც დაუზარებლად გვიამბობდნენ ძველ თქმულებებს, ლეგენდებს, ზღაპრებს, ლექსებს, ნაკვესებს.
   აქვე ვაქვეყნებთ ჩვენი ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალების მცირე ნაწილს.


თქმულება ლოთეს ციხეზე

ლოთე სოფელ ლუთხუბის თავკაცი ყოფილა. მას დაულაშქრავს უკანაფშავის ერთი თემი, მოუკლავს ამ თემის წინამძღოლი, მისი ცოლი კი თან წამოუყვანია. გამოურეკავს ტყვეები და წამოუღია დიდძალი ნადავლი.
ლოთეს მიერ განგმირული ფშაველი მეომრის ცოლი იმ დროს ორსულად ყოფილა. მას შესძენია ვაჟი, რომელიც ლოთეს ციხეში გაზრდილა.
ერთ დღეს ლოთე და ეს ბიჭი სათიბში ყოფილან. ლოთე დაღლილა, დაუსვენია. ბიჭი თიბავდა, გადმოხედა ლოთეს და შეეხმიანა:

                 "რატო არა სთიბო, მამაჩემოო,
                 რა წვერულვაში დაგიშვიაო
                 მამალი როჭოს ფთესავითაო?"

ლოთეს ეწყინა ბიჭის ასეთი მიმართვა ("მამაჩემოო") და სამაგიეროდ მწარე პასუხი გასცა:

                 "მე მამაშენი საით მუედო,
                 ძაღლიო მამაშენის სულსაო!
                 მამაშენისა წვერულვაში
                 მე წისქვილში
                 ხრილის საწმენდად მიკიდიაო".

ლოთეს ამ ბიჭის მამისთვის თმაწვერი აუჭრია (განა მარტო მარჯვენებს აჭრიდნენ!), წამოუღია, გაუხმია და წისქვილში დაუკიდია ხრილის საწმენდად (ხრილიდოლაბიდან გადმოსული ფქვილი).
ბიჭმა არ იცოდა, ვინ იყო მამამისი. ამ ლანძღვაგინების მოსმენის შემდეგ იგი ციხეში გაქცეულა, მისულა დედასთან და უთქვამს:
დედი, ძუძუ მომაწოვეო.
ჩაუდვია პირში დედის ძუძუ, კბილები მაგრა მოუჭერია და დამუქრებია მშობელს:
დღეს სათიბში ლოთემ ესა და ეს სიტყვები მითხრა, თუ მართლა არ მეტყვი, ვინ არის მამაჩემი, ძუძუს მოგაკვნეტო. დედა შეშინებულა და ყველაფერი უამბნია შვილისათვის. ბიჭი გაქცეულა, გადავარდნილა უკანაფშავში, შეუყრია ლაშქარი და წამოსულა ლოთეს ციხის ასაოხრებლად.
ლაშქარი დასცემია ციხეს, აუღია, გაურეკავს ტყვეები და წასულა.
ლოთე სხვაგან ყოფილა. გაუგია საკუთარი ციხის გატეხის ამბავი, გამოქცეულა და დაუძახნია:
ჩემი მშვილდბოძალი მომაწოდეთო.
ციხეში დარჩენილებს ხელში ვერ აუღიათ მისი მძიმე იარაღი. მაშინ ხარები შეუბამთ უღელში, მშვილდბოძალი მძლივს დაუდვიათ მარხილზე და ისე ჩამოუტანიათ მისთვის. ლოთეს აუღია თავისი მშვილდბოძალი და გამოჰკიდებია ფშავლებს. მისდევს, ესვრის ისარს და ისე ხოცავს, როგორც ფრინველებს. ერთი კოჭლი კაცი ჩამორჩენილა ლაშქარს და გზის პირას დამალულა. გერი კი ლოთეს ჩასაფრებია გზაზე. ბიჭს წინ გაუცილებია ლოთე, უსვრია ისარი და მოუკლავს, მაგრამ ლოთეს მკვლელობა კოჭლს დაუბრალებია თავის თავზე:

                  "ლოთე მე მოვკალ შმაგაშვილმაო,
                  ფუნდუკი გავასისხლიანეო".
ბიჭს გაუგონია კოჭლის შეძახილი და მაშინვე გამოხმაურებია მას:

                  "ისემც გაგიწყრეს ლაშარის ჯვარიო,
                  როგორც შენ ლოთეს მამიკლავდიო.
                  ლოთე მე მოვკალ წუწკაურმაო
                                  (წოწკოლაურმაო),
                  საწყალმა, მამის უცნაურმაო".

გამარჯვებული ლაშქარი ლხინით გადასულა უკანაფშავში, აქ კი ციხის ნანგრევებიღა დარჩენილა.

მთქმელი გოგა წიკლაური, სოფ. ლუთხუბი
ჩამწერი ტრისტან მახაური


თავს ხადა, ბოლოს ცხავატი

თავს ხადა, ბოლოს ცხავატი, შეიქნა დიდი ერია.
ამბობენ თითოოროლსა, გუდამაყრელიც რევია.
ამზადებს ტყვიაწამალსა ლუთხუბს ჯეჯაანთ ბერია.
ჩავიდნენ ნაოზაშია, იქ დახვდა ლეკის ჯარია.
ხოცეს და ხოცეს ურჯულო, ჭალას ჩაყარეს მკვდარია.
ბერიც დაგვიჭრეს ურდოთა, გაწირეს ცოცხალმკვდარია.
შენ, ჩემო ძმაო ადამო, შენთვიმც მოკვდება ბერია.
ბევრჯელ სამ შამოიარე მაღლა მაღაწლის მთანია,
მოგიკლი ხარი ირემი, შინ მოგიტანი რქანია.
მურყნოსელთ დადგი ხუჩანი, შასანდობარი ჩემია,
იქ ბუგონ ტყვიაწამალი, მიწას ადინონ მტვერია.

      მთქმელი გიორგი წიკლაური, სოფ. ლუთხუბი
      ჩამწერი ტრისტან მახაური

ბურსაჭირი

ბურსაჭირი
სულთა ჭირი,
სული კბილით საჭერია.
ხელშიბალღი,
ზურგთაკვანი,
კარი კბილით საღებია.

      მთქმელი კატუშა აფციაური, სოფ. დუმაცხო
      ჩამწერი თათია თვალავაძე

ნეტავი მთვარედ მაქცივა

ნეტავი მთვარედ მაქცივა, მოსიარულედ ცაზედა,
გადმოვიდოდი მალიმალ ზანდუკით გამსის თავზედა.
ჩამოვიდოდი სოფელში, მოგივიდოდი კარზედა.


გამოხვიდოდი შენაცა, პირს დაიბანდი წყალზედა.
ოჰ, როგორ გავლაღდებოდი, ქალავ, შენ დანახვაზედა!

      მთქმელი გოგა წიკლაური
      ავტორმთქმელი გოთუა ბექაური
      ჩამწერი ნიკოლოზ ზვიადაური

*      *      *
ქმოსტის ძირ ჩამოტიროდა
ყელღილიანი ქალია:
"ვინ მოკლა თამნიაური,
თეთრი ქორაი ხარია?"

      მთქმელი ჩაჩა წიკლაური, სოფ. ჩოხი
      ჩამწერი ნიკოლოზ ზვიადაური

პირიმზე

დიდია ჩვენი პირიმზე,
ხმალს ირტყამს ლერწმის ტანზედა,
არ მაიხდინა მოძალე,
მოსული თავის კარზედა.

      მთქმელი გაბრიელ წიკლაური, სოფ. მაქართა
      ჩამწერი ზაზა დვალი
*      *      *

ერთამ ქალამ დამიწუნა
რატომ დახოლ გუდიანი?
მემცხორის წესი ეს არის,
ვიკოხტაოცუდი არის.
შენ რითა ხარ ჩემზე მეტი,
რომ დადიხარ პუდრიანი?
შენს თვალებს მეხი დავარტყი,
ძაღასავით ლურჯი არის!

      მთქმელი სონა წიკლაური, სოფ. ზანდუკი
      ჩამწერი ეკა ჩხეიძე


ფშარაო

რა კარგი არი ფშარაო,
ქვიშიანაის ბუნება,
როგორ დამტანჯა ტიალმა,
გამომიცვალა გუნება.

      მთქმელი ვეფხია წიკლაური
      ჩამწერი თათია თვალავაძე

*      *      *

ორშაბათ დილა გათენდა,
მთაზე გავშალე ცხვარია.
გადაუხვივე მთიულეთს,
ამოწიწინებს ქარია.
ქოხიდან ქალი მიკივის:
ბიჭო, გარეკე ცხვარია!
რა იყო, ქალო, წყეულო,
რადა გაქვს ჩემი ბრალია?!
მეც ხო უცოლო ბიჭი ვარ,
არც შენ გყოლია ქმარია.

      მთქმელი სოლომან წიკლაური, სოფ. ფახვიჯი
      ჩამწერი თათია თვალავაძე
*      *      *

კაცსა, ღვთისგან გაჩენილსა,
თოლი უზის ეშმაკისა,
ათას კარგი ცოლი ჰყვანდეს,
მაინც ეკეთება სხვისა.

      მთქმელი სონა წიკლაური, სოფ. ზანდუკი
      ჩამწერი თათია თვალავაძე


*      *      *

პარასკევს ცოლი გამექცა,
შაბათს დავკარგე ვირიო.
ნეტავი კიდევ მაჩვენა
იმისი თეთრი ცხვირიო,
ფათილასავით ყურები,
ცისაკე გაშვერილიო,
იმისი კოხტა ფეხები,
მშვილდივით მოდრეკილიო.

      მთქმელი გოგა წიკლაური, სოფ. ჩოხი
      ჩამწერი ნიკოლოზ ზვიადაური

                 

*      *      *
ერთი სტუმარი გვესტუმრა,
თვისობას უსტუმრებელი.
ისეთი რამე მივართვით,
სუფრაზე დაუდებელი
      
(ბავშვი დაიბადა და ძუძუ მიართვეს, აწოვეს)
      მთქმელი ეფროსა წიკლაური

*      *      *
ჩემი თოკბაწარაი,
საცა გავწვდი, იქ გაუწვდენს.
                      (თვალები)

*      *      *
ავხადე სიპრიპელაი,
ამოჩნდა გულყვითელაი.
                    (ერბო)

მთქმელი ეკა წიკლაური

*      *      *
აქედან ვტყორცნე ისარი,
მცხეთას გავხვრიტე ფიცარი.
                   (მამლის ყივილი)

      მთქმელი იაგო აფციაური, 11 წლის
      გამოცანები სკოლის მოსწავლეებისაგან
      ჩაიწერა ნუგზარ  წიკლაურმა
1986 წელი

No comments:

Post a Comment