Tuesday, June 19, 2012

“ნეტამც ვინ იყავ პირველი მთქმელი”...


ნეტამც ვინ იყავ პირველი მთქმელი”...

(ზამთრის ფოლკლორული ექსპედიცია პანკისისა
 და ილტოს ხეობებში)

თბილისმა მშრალი ამინდით გამოგვისტუმრა, შუაგულ კახეთში კი ხვავრიელად თოვდა. თოვლის თეთრ საბურველს დაეფარა გაშლილი ზვრები. ალაზნის ხეობაში შევდიოდით. ავტობუსის დაორთქლილი მინებიდან მკრთალად მოჩანდა სპეროზიას კლდეები და კახეთის ბარაქიან ველებზე დინჯად მოდუდუნე ალაზანი. ასე გვხვდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ექსპედიციის წევრებს პანკისის ხეობა.
დუისში გავჩერდით. ამ სოფელში პანკისელი ქისტები მოსახლეობენ. ისინი პანკისის ხეობაში მეცხრამეტე საუკუნეში დამკვიდრებულან. ქართველ მკითხველს პირველად ვაჟაფშაველას პოეტურმა გენიამ გააცნო ქისტების ვაჟკაცური ბუნება.
ახლა კი, პანკისის ხეობაში მიმავალთ, მეგზურად ანა კალანდაძის ლექსი მიგვაცილებდა:

"– რაისთვის აქებ ქისტებს, ბერდედავ,
მათს ვაჟკაცობას, ძალას და სიმხნეს?
მიწა უვსიათ მათ ხევსურთ ძვლებით...
რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს!
ამღას დახოცეს ბრგე ვაჟკაცები,
ახიელაშიც უზომო ხოცეს...
რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს!
რა ვიცი... ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!"

ქისტებმა მათთვის ჩვეული სანაქებო სტუმარმასპინძლობით მიგვიღეს. გულთბილად შეგვხვდნენ დუისის სკოლაინტერნატის დირექტორი ვახტანგ მარგოშვილი, სკოლის ორგანიზატორი ვისერგი მარგოშვილი და მთელი პედკოლექტივი. იმ ღამეს ჩვენს კერაზე პოეზიის ცეცხლი არ ჩამქრალა. ვკითხულობდით ქართული და ქისტური პოეზიის ნიმუშებს (ხეობის მკვიდრნი თანაბრად ფლობენ ორივე ენას), ვიხსენებდით გარდასული დროის ამბებს, ვსაუბრობდით ამ კუთხის მცხოვრებთა წესჩვეულებებზე, წინაპრებზე, მათზე, ვინც პირველი ლექსი თქვა, ვინც პირველი კვალი გაავლო მამულის ხნულში:

"ნეტამც ვინ იყავ პირველი მთქმელი,
შენ, ბედნიერო და უსახელო;
ქართული სიტყვა, სულისჩამდგმელი,
სტვირს რომ მიანდე სახელდახელოდ!"

პანკისში მუშაობის პერიოდში ერთგული მეგზურობა გაგვიწია პედაგოგმა და მხატვარმა იპოლიტე გორელაშვილმა. მან ნაბიჯნაბიჯ შემოგვატარა ყვარელწყალი, საკობიანო, კუწახტა, დედისფერული, ბირკიანი, ომალო, დუისი, ჯოყოლო. იპოლიტეს ლექსის სიყვარული დაბადებიდანვე თან დაჰყოლია: მან ზეპირად იცის კლასიკური და მთის ხალხური პოეზიის საუკეთესო ნიმუშები.
ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა ჩავიწერეთ როგორც ფშავლებში, ასევე ქისტებშიც. აქ ისინი ერთიმეორის გვერდიგვერდ ცხოვრობენ.
ხუთი დღის მუშაობის შემდეგ ილტოს ხეობაში გადავინაცვლეთ. სილამაზით არც ეს ადგილები ჩამორჩება ალაზნის ხეობას. ილტოს ნაპირებზე გაშენებული სოფლები: ჭართალა, შახვეტილა, ნადუქნარი, საბუე, ვეძები ფოლკლორული თვალსაზრისითაც მდიდარი აღმოჩნდა. არც აქ დაგვწყვიტეს გული სახალხო მთქმელებმა და ძველი თქმულებების მცოდნე ჭაღარა მოხუცებმა. უმტვერო თოვლში გარინდულმა კვეტერას ნანგრევებმაც ბევრი გვიამბეს გარდასულ დროთა შესახებ.
სტუდენტთა მოკლე ზამთრის არდადეგების პერიოდში ვერ მოხერხდა ყველა სოფელში მისვლა და შემკრებლობითი მუშაობის ჩატარება, მაგრამ მოპოვებული მასალის რაოდენობამ და მნიშვნელობამ ძალზე გაგვახარა და დიდი სტიმული მოგვცა. მონდომებით მუშაობდნენ ექსპედიციის წევრები, ჩვენი უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები: პავლე ასპანიძე, ნუგზარ წიკლაური, დავით ტურაშვილი, მიხეილ ღანიშაშვილი, შორენა ჭინჭარაული, თეონა ლომაძე, თამარ თითმერია, ირინა იაშვილი, მეხუთეკურსელი ნიკოლოზ ზვიადაური და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი ბერდია არაბული.
ექსპედიციას ვხელმძღვანელობდით დოცენტი ბეჟან აბაშიძე და მე.
გალექსებაკაფიების ნიმუშები ჩაგვაწერინეს ხვთისო კულალაღაშვილმა, ხვთისო გოგოლაურმა, ხვთისო თორღვაშვილმა (მეტსახელად "ჯიყამ"), შოთა მარუქაშვილმა, ეთერ და თამარ უძილაურებმა. თქმულებაგადმოცემები გვიამბეს ლევან ზურაბაულმა, სამადა მარგოშვილმა, ნინო კაჭაროზაშვილმა, ანიკო წოწკოლაურმა, ბეჟან ღანიშაშვილმა, ალექსი მექვაბიშვილმა და სხვებმა. ბალალაიკაზე ქისტური მელოდიები მოგვასმენინა 19 წლის ელდარ აჭიშვილმა, ხოლო ხნიერმა გოდერძი ზურაბაულმა გარმონზე შეასრულა თუშური და ფშაური სიმღერები.
ზეპირსიტყვიერ მასალას ვიწერდით რვეულებში და მაგნიტოფირზე. ვიწერდით ისე, როგორც ჩვენი ენაწყლიანი მთქმელები გვკარნახობდნენ. ეს ჩანაწერები გამოადგებათ ფოლკლორისტებს, ეთნოგრაფებს, დიალექტოლოგებს და, საერთოდ, ქართული კულტურის შესწავლით დაინტერესებულ მკვლევარებს. საუკეთესო ნიმუშები დაიბეჭდება ზეპირსიტყვიერების ახალ ქრესტომათიაში, რომელსაც გამოსაცემად ფოლკლორისტიკის კათედრა ამზადებს.
ახლა კი ჭაშნიკად გთავაზობთ ჩვენს მიერ მოპოვებული მასალების მცირე ნაწილს.


წავედი პანკისიდანა

წავედი პანკისიდანა, ბერიკაცი ვარ, ჭკვიანი.
ოცდაორ იყო აპრილი, კარგი დღე იდგა, მზიანი.
ჩავედი ახმეტაშია, სადილობისა დრო არი,
სასადილოში შავედი, ბაზართან ახლოს რო არი.
უთხარი: – აბა, ძმისწულო, ხინკალ გექნებათ წვნიანი,
მაენატრულა ბიძასა, მეორმესამე დღე არი.
თეფშზე დააწყვეს ხინკლები ძველი, სამი დღის ნარჩენი,
დაგლეჯილდაფლეთილები, არც გული ჰქონდა ნარჩენი.
მითხრეს: – უფროსო, გეტყობა, კარგი კაცი ხარ, ჭკვიანი,
მიირთვი ფშაურ ხინკალიოცდაოთხნაოჭიანი.
არც სადმე ნაოჭ ეტყობა, არც ფერად იყო ჭარმაგი.
აფსუს, ფშავლების ნაქებო, ნეტავ ვის ხელში ჩავარდი!?
"პოვარი" გამოვიძახე, უთხარ ჩემ გულისტკივილი.
მითხრა, რომ არ გეკადრება ასეთ რამეზე ჩივილი.
მიირთვი, ფული არ გვინდა, ოღონდ იყავი ჭკვაზედა,
რაც არ გინდოდესდატოვე, ჩვენ გავასაღებთ სხვაზედა.
წამოვედ გულჯავრიანი, მომბეზრდა მათი ყურება.
ეს თუა კეთილ მოპყრობა, ეს თუა მომსახურება?

ავტორმთქმელი ხვთისო კულალაღაშვილი, 75 წლის,
      სოფ. ყვარელწყალი
      ჩამწერი თეონა ლომაძე

ჭართალის დევები

ჭართალას მოხდა მიწისძვრა, ჩამაილეწნენ ხეები,
მიწამ დაიწყო ზანზარი, სისხლმა გაავსო ხევები,
ერთმანეთს დასჭიდებიან ზემო ჭართალის დევები.
იმათ შამყურე სალომემ მუხლზე დაიკრა ხელები.
ბევრებ გაზარდეს ხევსურთა ვაჟები ლომისფერები.
არც ლუკა დახვდა ჯაბანი, ხიხლიკოს დანაფერები.
ცოლი ეტყოდა მარტიას: "არ შაირცხვინო გვარია,
მტერს თავს არ აჩაგვრინებენ შატილიონნი ყმანია!"
შუბლი შაიკრა მარტიამ, ზურგზე მაიგდო ფარია:
"გზა გამიტიეთ, ხევსურნო, უნდა ვიხმარო ხმალია,
მიუხტე ფშავლის შვილებსა, ვადინო სისხლის ღვარია,
ჭერხოში უნდა დავკიდო ხიხლიკოთ ლუკას მკლავია!"

      ავტორმთქმელი ელგუჯა უძილაური,
სოფ. ჭართალა, დაბ. 1959 წელს
      ჩამწერი მიხეილ ღანიშაშვილი


ფშაური კაფია კახელ სიძეებს

შენი ჭირიმე, სოფელო, სოფელო შახვეტილაო,
შენი გაზრდილი ქალები სულ კახეთს გახვეტილაო...
შამეეჩვიეთ ფშავლებსა, გემო გაიგეთ პირისა,
ანწლის არაყებს ჰკითხულობთ, მსმელნიც არა ხართ "პივისა".
სტუმრად ამოხვალთ სოფელში, ვახშამს იკითხავთ იმ წამსა:
"შენი ჭირიმე, სიდედრო, რად არ მოხარშავ ხინკალსა,
ან ხაჭოერბო მიდუღე, ხმელ პურის ჭამა მიმწარსა".
კარგად დაფიქრდით, ჯიგრებო, ნუ იმზირებით ცერადა,
რად გინდათ ფშავლის ქალები სახვევნელსაკოცნელადა?
ხაჭოერბოთი გაზრდილებს ბარად გაჰკვებავთ ძნელადა.
საწველსადღვები არა გაქვთ, რას რარა იქამთ ნეტარა?
შაგერთოთ კახელ ქალები, რაკი არ არი თქვენთანა.
ლამაზ დიაცთან ძილწოლა არც კი მე გამხდის ავადა,
გამამინახეთ მანდ ვინმე, ჩამოვალ სანახავადა.
არ კი იწყინოთ ხუმრობა, ჯიშად მამიდის პაპითა,
თქვენ კარგა ყოფნას ვნატრულობ, მოხარული ვარ მაგითა.

      ავტორმთქმელი შოთა მარუქაშვილი, სოფ. შახვეტილა
      ჩამწერი დავით ტურაშვილი

ვერ ვიცი, ქალო ლამაზო

წყლისა დენაზე ლექსსა ვწერ, ჩამამჯდარი ვარ ქვაზედა,
ვერ ვიცი, ქალო ლამაზო, როგორ გაგცვალო სხვაზედა.
მამაგონდება წარსული, ცრემლი მამივა თვალზედა,
ბევრჯერ გაყოლე თვალები, ბევრჯერ დაგიდეგ გზაზედა.
ეხლა კი სხვა შამიყვარდა, ტანჯი მამერთო ტანჯზედა,
სახელს ვერ ვიტყვი იმისას, გაზრდილსა ლერწამტანზედა.
ვერ კი უბედავ, რო უთხრა, რო მიყვარს იგი ძალზედა.
ან შენ რა გიყო, ვერ ვიცი, სხვაზე გაგცვალო რაზედა...

ავტორმთქმელი ალექსი მექვაბიშვილი, სოფ. საკობიანო
      ჩამწერი შორენა ჭინჭარაული

*      *      *

       ცხვრები მყავ გარეჯაშია,
       არდუკში მაქვის ბინაო,
       პანკისელ ქალებსა ვხედავ,
       სნეულივითა ვგმინაო.

      მთქმელი ეთერ უძილაური,
70 წლის, სოფ. შახვეტილა
      ჩამწერი ირინა იაშვილი

*      *      *

სიმრავლე გოგოლაურთა,
ლხინით ამოსვლა მზისაო,
პატივსა სცემენ დისწულსა,
იმის ქალქალიშვილსაო.

      მთქმელი ბაბალე თორღვაშვილი,
სოფ. დედისფერული
      ჩამწერი შორენა ჭინჭარაული

*      *      *

       ქალო, არშალო, მარშალო,
       თმაყვითელო და თვალშავო,
       შენი ლოგინი მასწავლე,
       ზედ იავარდი გავშალო.

      მთქმელი ვალიკო ჩეკურიშვილი, სოფ. შახვეტილა
      ჩამწერი ტრისტან მახაური

*      *      *

მთვარეო, მთვარის ნალეო,
ჭიჩოს თავს მიდი მალეო,
   იქ არის ჩემი წაწალი,
   ვეღარა ვნახავ ხვალეო.

      მთქმელი თამარ უძილაური, 80 წლის,
სოფ. შახვეტილა
      ჩამწერი ნიკოლოზ ზვიადაური


*      *      *
       არ მინდა, ღმერთმა ნუ მამცას
       ნადობი სხვასთან ზიარი, –
       ისი ჰკლავს ვაჟკაცის გულსა,
       სიკვდილ რა არის ტიალი!

      მთქმელი ეთერ უძილაური,
70 წლის, სოფ. შახვეტილა
      ჩამწერი ირინა იაშვილი


           

გოგა უძილაური და ბეჟან ტოხიშვილი

ბეჟანი:  ქალაქს რო იყავ, გოგაო,
                რა უყავ ოთხი საბანი?
გოგა:   კიდევაც წავალ ქალაქსა,
              კიდევ იკრუხებს ქათამი.
ბეჟანი: წახვალ, ისივაც მოგპარვენ,
               ცარიელ მოხვალ თავმკვდარი.
გოგა:   შენ ემა არტანს გაგცვარცეს,
              ქალაქი საით სად არი!
              ყაჭაბრეშუმით აავსე
              ბოდახევაიდ, არტანი.
              ცოლი ტიტველა გასწირე,
              გადაუთხიე კაბანი.
              დილასა ვნახე, ტიროდა
              თამარი ჩემთავმამკვდარი.

      მთქმელი თამარ უძილაური, სოფ. შახვეტილა
      ჩამწერი თამარ თითმერია


ჩაშლილი ხინკალი

სოფელ უძილაურთაში (ფშავი) ცხოვრობდა მოლექსე ხევსურა თათარაშვილი. ერთხელ ხევსურას სხვა სოფელში გათხოვილი და ესტუმრა, რომელსაც მზექალა ერქვა. მასპინძლებმა ხინკალი მოხარშეს. მათი უგულისყურობის გამო ხინკალი ჩაიშალა. ხევსურამ წაიკაფიავა:

             მოგვივიდა მზექალაი,
             ხინკალ გვექნა ტალივითა
             დავდევ მურგვალ ტაბაკზედა,
             გაიარა წყალივითა.

      მთქმელი ნინო კაჭაროზაშვილი, სოფ. ვეძები
      ჩამწერი ბერდია არაბული

ბოტას ნათქვამი კაფია
ბოტა წავიდა ტყეში და წიფელს ჭრის. გადმოიქცა წიფელი და დაეცა ზურგზე.

ვაიმე, დედავ, თავკისერი! –
კაცი ვკვდები პანკისელი.
ზურგზე წიფელ წამამაჯდა,
როგორც უნტერაფიცერი.
ნეტავ პანკისს ვინ წამიღებს,
ვისა აქვის დარდი ჩემი?
მე რო მოვკვდედაიშლება
ჩემი სახლის საძირკველი!

მთქმელი გაბრიელ მესაბლიშვილი, სოფ. ყვარელწყალი
      ჩამწერი მიხეილ ღანიშაშვილი


ბოტა ხალაწნელი (გიორგი ჩიტაშვილი)
და ტოლეშელი კაცი

ბოტა მოჯამაგირედ იყო ტოლეშაში. ერთ საღამოს საქონელი სახლში რომ მირეკა, "ხაზეინმა" შეუმღერა:

იმით მამწონ ტოლეშაო,
კარზე დავხეჩ მორებსაო,
გადავახტიგადმუახტი
მა ხალაწნის გორებსაო.

ბოტამ უპასუხა:

გითმე, გითმე, ბებერკაცო,
ეხლა გეტყვი ჭორებსაო,
მე რა უთხრა ტოლეშასა,
ტოლეშაში მცხოვრებსაო,
სუ ხალაწანში ჩავრეკავ
ქალებს, ჩემებ სწორებსაო.

      მთქმელი გაბრიელ მესაბლიშვილი
      ჩამწერი მიხეილ ღანიშაშვილი


                 

*      *      *

ხარის ტყავზე ცერცვი ხფენავ,
ვთვალე, ვთვალე, ვერ დავთვალე.
 (ვარსკვლავები)

*      *      *

            ერთი რამ სურიელია,
            შორით დამკრეფი ვარდისა,
            ჯერ ღვთისა მოსამსახურე,
            მერე ყოველი კაცისა.
                       (ფუტკარი)


*      *      *

            უსულონი, უგულონი
            მთაზე გადმოღუღუნებენ.
                      (ღრუბლები)


*      *      *

            ოთხნი არიან, ტოლნი არიან,
            დარბაზს ჩადიან, ჩაიმღერიან.
                 (რძე და ძროხის ძუძუები)

*      *      *

            ჩემი თეთრი ვარიაო
            სირბილითა მაკეაო.
              (ძაფი და თითისტარი)

მთქმელი სალომე თორღვაშვილი, სოფ. დედისფერული
      ჩამწერი ნიკოლოზ ზვიადაური


                   

ცხრა კაცის ციხე

დედისფერულთან არის ცხრა კაცის ციხე, ცხრა დამნაშავე კაცისა. იმათ თემის თუ ტომის წინაშე ჩაუდენიათ რაღაც დანაშაული. ისინი თურმე შეკონეს, დაყარეს ციხეში, დაუყენეს ერთი ყარაული, რომ იქ არავინ მისულიყო და პური არ გადაეგდოთ. ასე დახოცეს შიმშილით, ტანჯვით.

მთქმელი ლევან ზურაბაული, სოფ. ყვარელწყალი
      ჩამწერი ტრისტან მახაური

კვეტერა

ხევგძელიდან ქვა უზიდიათ, საკირეები ყოფილა. ეგრე გამიგონავ: ხელით ხელს აჰქონებია ქვა, ისე უშენებავ კვეტერა. რიგისა ინგრეოდა, რიგისას აშენებდნენ. ირმები ყოფილან წინწინ მანდა. იმათ მამვლელს შორენა ჰქვივნებია. ირემი უწველავ შორენას, ირემს წიხლი უკრავ და რძე დაუღვრავ. იმას შაუწყევლავ: "მტრისიმც ხელ გეღირსებაო!" მემრე აღარ ვიცი, რა იქნებოდა.

მთქმელი ნინო კაჭაროზაშვილი: "სამოცზე მეტის ვიქნები,    განა კიდე მახსონ ჩემ წლოვანება", სოფ. ვეძები
      ჩამწერი ტრისტან მახაური

მონადირე წუახარი

იყო ცნობილი მონადირე ხილდიჰაროელი. ერთ საღამოს ხილდიჰაროელი მისმა ძმობილმა წუახარმა ინახულა. ერთმანეთი მოიკითხეს. ხილდიჰაროელმა უთხრა: რა ვქნათ, ამაღამ რომ საჭმელი არაფერი გვაქვსო?
წუახარმა უპასუხა: დარდი ნუ გაქვს, ცოტა ხანში რაიმეს მოვკლავო.
აიღო თოფი და ფეხშიშველი გაუდგა გზას. ჰგონია, რომ მალე მოკლავს რამეს. ნახა ნადირი, დაედევნა, მაგრამ ვერ მოკლა. ამასობაში სახლს თანდათან დაშორდა. არ უნდა, ხელცარიელი დაბრუნდეს. მას ასეთი შემთხვევა არასოდეს ჰქონია. უცებ შემოაღამდა. წამოვიდა სეტყვა. კაცის სიარული აღარ შეიძლება. შენიშნა გამოქვაბული, შევიდა შიგ. დაინახა ლოგინად დაფენილი ბალახი. წამოწვა ქუჩზე და დარჩა იქვე, თან მშიერია. გამოქვაბულში იპოვა პური და ხორცის ნაჭერი. ივახშმა სხვისი წილკერძით. შუაღამისას ხმაურზე გაეღვიძა. გამოქვაბულს მოადგა ვიღაცა, რომელმაც დაუძახა: გამოდი, შეცივებული ვარ, ბინა გამითავისუფლეო!
წუახარმა უპასუხა: აქამდე შენ იცხოვრე, ახლა ეს ღამე მე უნდა გავათენო, ვერ გამოვალო.
მომსვლელმა (იგი ნადირთა მწყემსი ყოფილა) მიაძახა: რაც პირუტყვი მყავდა, ყველა შენ მომიკალი, მთელი ჯოგი გამიწყვიტე, მხოლოდ ორი ხარიღა დამრჩა, რომლებიც შენს ახლოს არიან და ისინი მაინც არ დამიხოცოო. ნადირთა მფარველმა თან დაწყევლა: თუ ამათაც დამიხოცავ, მოგეცეს მხოლოდ ერთი სახელოვანი ძე და გვარი არ გაგიგრძელდესო.
მეორე დღეს წუახარმა ერთი ხარჯიხვი მაინც მოკლა. ნადირთა მწყემსის წყევლა გამართლდა, – ასე ამბობს ხალხი, – წუახარი ავადმყოფობით მოკვდა, შთამომავლობა კი ამოუწყდა.
   ახლაც შეიძლება სადმე გაიგონოთ წყევლა: "ისე ამოწყდეს თქვენი მოდგმა, როგორც ამოწყდა წუახარიო".

მთქმელი სამადა მარგოშვილი, სოფ. დუისი
ჩამწერი პავლე ასპანიძე


             
                     

დედისფერული

ამ სოფლის ზევითა ნაწილს ძახნილან კაკლიანსა, ქვემოთდედისფერულს. ვენახები ყოფილა და ისეთი ღვინო იწურებოდა, როგორც დედის რძე. აქედან არის სახელწოდებადედისფერული.

      მთქმელი ბაბალე თორღვაშვილი, 75 წლის,
სოფ. დედისფერული
      ჩამწერი პავლე ასპანიძე
ვეძები

ადრე ეძახდნენ თურმე ილდაკანსა. მერე წყლებ ამოჩენილა, ვეძის წყლები. ამაზე მაუქვივნებავის ვეძები.

      მთქმელი ნინო კაჭაროზაშვილი, სოფ, ვეძები
      ჩამწერი ბერდია არაბული

კუწახტა

) კუვები ყოფილა ბევრი (ეგრე ამბობს ხალხი) და იმიტო დაუძახეს კუწახტა.
) ჩხუბ მოსვლიათ აქაურებსა და უკუწიათ ერთმანეთი. შეიძლება ამიტომაცა ჰქონდეს ეს სახელი.

      მთქმელი იოსებ სვიმონის
ძე თორღვაშვილი, 72 წლის, სოფ. კუწახტა
                      
საკობიანო

   ამ სოფელში მდგარან თუშები. კობაი ჰქვივნებია კაცსა და იმის სახელთან დაკავშირებით მაუქვივნებავ საკობიანო. ადრე ერქვა სათუშო.

მთქმელი ალექსი მექვაბიშვილი,
83 წლის, სოფ. საკობიანო

შახვეტილა

დაუსახლებელი ადგილი ყოფილა. ერთ სოფელში ხალხს თავს დასხმიან თათრები. ის ხალხ აყრილა, წამოსულან და მანდ ერთად დამდგარან, ერთად შახვეტილან. ამიტომ დაერქვა შახვეტილა.

      მთქმელი გოგი უძილაური (ლახატუელთ გოგია), 45 წლის, სოფ. ჭართალა
      ჩამწერი დავით ტურაშვილი
                                      1987 წელი

No comments:

Post a Comment